გიორგი შარაშიძე – არაერთხელ გვინახავს „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ქვეყნის საწინააღმდეგო ქმედებები, მათ შორის, ევროკავშირში სიარულით და იქ უვიზო რეჟიმის შეწყვეტის მოთხოვნით – ეს მტკიცებულებები საჯაროა, მაგალითად, მათი განცხადებები

არაერთხელ გვინახავს „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ქვეყნის საწინააღმდეგო ქმედებები, მათ შორის, ევროკავშირში სიარულით და რეალურად, იქ უვიზო რეჟიმის შეწყვეტის მოთხოვნით – ეს მტკიცებულებები საჯაროა, მაგალითად, მათი განცხადებები, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა, რითაც ქართველი პოლიტიკოსების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებასთან დაკავშირებით, გენერალური პროკურორის განცხადებას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, არაა გამორიცხული, რომ აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის მიზანი „ნაციონალური მოძრაობისგან” მტრის ხატის და საფრთხობელას შექმნაა.
როგორც შარაშიძე ამბობს, ამ პოლიტიკოსების გარკვეული ვადით საპატიმროში დატოვება „ოცნებას” არ შეუქმნის იმის ბარიერს, რომ მანიპულაციებით და პროპაგანდით მაინც მოახდინოს საზოგადოების დაშინება “ნაციონალური მოძრაობის” შიშის ფაქტორით.
„ჩვენთვის „ოცნებისგან” გასაკვირი უკვე არაფერი აღარ არის. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ქართული მიწის გამო, გიორგი გახარიას წინააღმდეგ საქმე აღძრეს. ამიტომ, ვნახოთ, დაველოდოთ. ჩვენ ვხედავთ, რომ უშუალოდ სასჯელის ნაწილში, იგივე წინასწარი პატიმრობის ნაწილში, პროკურატურამ სივრცე დატოვა. ხაზარაძე-ჯაფარიძის შემთხვევაში გირაოს შესახებ განაცხადა, მაგრამ არ დაუზუსტებია, იქნება თუ არა წინასწარი პატიმრობა სხვა დანარჩენი პოლიტიკოსების მიმართ. „ოცნებისგან” არაფერი გვიკვირს, მათი ლოგიკის ამოხსნა შეუძლებელია. გამოჩნდება, რა მიზანს ემსახურება ეს ყველაფერი. არის საკმაოდ საფუძვლიანი მოსაზრება, რომ ეს შეიძლება იყოს „ნაციონალური მოძრაობისგან” მტრის ხატის და საფრთხობელას შექმნის მორიგი მცდელობა. არ გამოვრიცხავ, ამჯერადაც ამასთან გვქონდეს საქმე.
საერთოდ გაუგებარია, ვინ არის მტრული სახელმწიფო. პროკურატურა საუბრობს მტრული სახელმწიფოებისთვის ინფორმაციის მიწოდებაზე და ამ დროს არ ასახელებს, ვინ არიან მტრული სახელმწიფოები. პირველ რიგში, პროკურატურამ უნდა განმარტოს, ვის გულისხმობს. ჩვენ კი ვხვდებით ვის გულისხმობს – ჩვენს პარტნიორებს, ევროკავშირის ქვეყნებს, ამერიკის შეერთებულ შტატებს არ გულისხმობს მართლაც მტრულ სახელმწიფოს – რუსეთს. სანამ ეს განმარტება არ იქნება, ჩვენც გაგვიჭირდება კომენტარის გაკეთება.
გვინახავს, [“ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან ქვეყნის საწინააღმდეგო] მოქმედებებიც. არ მინდა დღეს ამაზე საუბარი. მძიმე დღეა, მძიმე ბრალდება და თავს შევიკავებ. არაერთხელ გვინახავს, მათ შორის, ევროკავშირში სიარულით და რეალურად, იქ უვიზო რეჟიმის შეწყვეტის მოთხოვნით. ეს მტკიცებულებები ჩვენ კი არ გვაქვს, ეს მტკიცებულებები საჯაროა, მაგალითად, მათი განცხადებები. მე ახლა ნამდვილად ვერ გამოვდგები პროკურატურის სპიკერად. ერთადერთი იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ ჯერ არ ვიცით, რა მიზანს ემსახურება ეს ყველაფერი. შესაძლოა, საკმაოდ დიდი დრო დასჭირდეს იმის გარკვევას, რეალურად, რამ მიზანი აქვს „ოცნებას“. მე პირადად, დარწმუნებული ვარ, რომ „ოცნებას” არ აქვს მიზნად დასახული „ნაციონალური მოძრაობის” როგორც შიშის ფაქტორის განადგურება ამ ქვეყანაში. ამ ფაქტორს “ოცნება” ყოველთვის დააბრუნებს ქვეყანაში სხვადასხვა ფორმით. ეს ადამიანები საპატიმროში იყვნენ 4 ოქტომბერს, მაგრამ “მშვენივრად” მოახერხა “ოცნებამ” ის, რაც მოახერხა. დამერწმუნეთ, ამ პოლიტიკოსების თუნდაც კიდევ გარკვეული ვადით საპატიმროში დატოვება “ოცნებას” არ შეუქმნის იმის ბარიერს, რომ გარკვეული მანიპულაციებით და პროპაგანდით მაინც მოახდინოს საზოგადოების დაშინება “ნაციონალური მოძრაობის” შიშის ფაქტორით,” – განაცხადა შარაშიძემ.
ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერების – ს, გიორგი ვაშაძის, ს, ს, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. როგორც გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, საქმე ეხება სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს, კერძოდ: საბოტაჟს, უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსებას და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფოს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას.