მოკრივეთა შორის პარიზის ოლიმპიური თამაშების ბოლო საკვალიფიკაციო ტურნირზე, რომელსაც ბანგკოკმა უმასპინძლა, საქართველო ორი სპორტსმენით – ესკერხან მადიევით (71 კგ) და გიორგი ყუშიტაშვილით (92 კგ) იყო წარმოდგენილი. მათ შორის მიზანს ყუშიტაშვილმა მიაღწია.
ქართველმა მოკრივემ პარიზის ოლიმპიური რინგისკენ მიმავალ გზაზე გაიანელი ემანუელ პომპეი მეორე რაუნდში დაამარცხა აშკარა უპირატესობით, შემდეგ ლუქსემბურგელ მიშელ ერპელდინგს მოუგო (5-0). ასეთივე ანგარიშით გაიმარჯვა საბერძნეთის სახელით მოასპარეზე ვაგკან ნანიტზანიანთან, გადამწყვეტ შეხვედრაში კი, სადაც ოლიმპიური საგზური თამაშდებოდა, აშშ-ის წარმომადგენელ ჯამარ ტელის შეხვდა და დაძაბულ ორთაბრძოლაში წარმატებას მიაღწია – 3-2.
საქართველოს ოლიმპიურ ნაკრები პარიზის მოკრივეთა ტურნირზე ორი სპორტსმენით იასპარეზებს. ოლიმპიური ლიცენზია პირველმა დაიმსახურა ლაშა გურულმა, როდესაც 2023 წლის ევროპულ თამაშებზე მეორე ადგილი დაიკავა.