როდესაც ასეთ ძალაუფლებას იღებ, ძალიან ხშირად მოგდის სულელური შეცდომები. ეს გადაწყვეტილება, ბევრად უფრო დააზიანებს „ქართულ ოცნებას“, ვიდრე რამე სარგებელს მოუტანს, – ამის შესახებ ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, გიორგი ქობულიამ განაცხადა, რითაც შეაფასა „საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ერთ-ერთი ცვლილება, რომლის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მსგავსად, მოქალაქეები საქართველოს პარლამენტის არჩევნებზეც ხმის მიცემას მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში შეძლებენ.
როგორც ქობულიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ აღნიშნა, ეს გადაწყვეტილება „ქართულ ოცნებაზე“ ნეგატიურად იმოქმედებს.
ქობულიამ აღნიშნა, რომ უცხოეთში მცხოვრები ამომრჩევლების ხმები ისედაც მცირეა და არჩევნების შედეგებზე პრაქტიკულად გავლენას არ ახდენს.
„ისტორიას რომ გადავხედოთ, უცხოეთიდან ძალიან ცოტა ადამიანი მონაწილეობს არჩევნებში. სტატისტიკურად, დაახლოებით 40 ათასის ფარგლებში მერყეობს უცხოეთიდან ამომრჩევლების ხმები. ამიტომ, ეს [ხმები] არაფერს უწყვეტს „ქართულ ოცნებას“, მაგრამ ამ გადაწყვეტილებამ შეიძლება ბევრად უფრო ავნოს. როდესაც აკეთებ განცხადებას, სადაც ამბობ, რომ ემიგრანტს არ ვაძლევ უფლებას ხმა იქ მისცეს და კეთილი ინებოს აქ ჩამოვიდეს და გაეცნოს სიტუაციას, ემიგრანტების უმრავლესობა ამას დაცინვად და შეურაცხყოფად მიიღებს“,- განაცხადა ქობულიამ.
კითხვაზე, იმ მდგომარეობაში არის „ქართული ოცნება“ , რომ სულელური შეცდომების დაშვების უფლება აქვს, ქობულია პასუხობს, რომ „ქართულ ოცნებას“ იმდენი ძალა აქვს აკრეფილი, რომ შეცდომების დაშვების უფლებას იძლევა, თუმცა ეს გადაწყვეტილება თავადვე ავნებს.
„აქვს, რადგან დღესდღეობით ისეთი ძალა აქვს აკრეფილი, რომ აქვს. მე ვერ მივყვები ლოგიკაში „ქართულ ოცნებას“ თუ რატომ გააკეთეს ეს. მეგობრულად ვურჩევდი გადახედონ ამ უაზრო გადაწყვეტილებას და ჩაღრმავდნენ მის ლოგიკაში. თუ ისინი არჩევნების ხმების დაკარგვაზე ფიქრობენ, უფრო მეტს დაკარგავენ ასეთი გადაწყვეტილებით“, – აცხადებს ქობულია.
ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა კორუფციაზე ისაუბრა და აღნიშნა, საქართველოში კორუფცია ბოლო წლებში გაძლიერდა და „ელიტური კორუფციის“ ფორმას იღებს, რომლის წინააღმდეგ ბრძოლას „თაობები დასჭირდება“.
ყოფილი მინისტრი იხსენებს, რომ მის თანამდებობაზე ყოფნისას პირდაპირი მტკიცებულებები არ ჰქონია, თუმცა კორუფციული გარიგებების შესახებ ირიბი ნიშნები აშკარად იკვეთებოდა.
„კორუფციამ ძალა მოიკრიბა და მასშტაბურ გახდა, ეს თავად „ოცნების“ ხელმძღვანელმა, ბიძინა ივანიშვილმაც თქვა თავის ინტერვიუში ჯერ კიდევ 3 წლის წინ. ეტყობა ეს არ იყო ტყუილად ნათქვამი, ისეთ მასშტაბებში გავიდა, რომ თავადაც შეწუხდა.
ელიტური კორუფცია იყო და ალბათ კიდევ დიდი ხანი იქნება. თაობებია საჭირო იმისათვის, რომ ჩვენი მენტალობიდან ამოვიღოთ“,- განაცხადა ქობულიამ.
ქობულია მიესალმება ხელისუფლების ნაბიჯებს კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით და ამბობს, რომ მიმდინარე პროცესები „რეალურ ბრძოლად“ აღიქმება.
„მგონია, რომ ეს არის რეალური ბრძოლა კორუფციასთან. მივესალმები ამ ბრძოლას, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ საზოგადოებაში კორუფცია ბევრი წელი დარჩება, რადგან დიდი ხანი იყო ჩვენ ცხოვრებაში კორუფცია, ამიტომ ჩვენი ტვინებიდან ამოღება რთული იქნება. მიუხედავად ამისა, მგონია, რომ რაც მოხდა ბოლო 4 თვის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია, რისთვისაც მადლობას ვუხდი დღევანდელ მმართველ ძალს, რომ ეს ნაბიჯი გადადგა“,- განაცხადა ქობულიამ.
ამასთან, ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა არაბულ კომპანია Eagle Hills-თან გაფორმებული ხელშეკრულებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი საკუთარი ქმედებებით „ქართულ ოცნებას“ პოზიციებს აძლიერებენ.
მისი შეფასებით, როდესაც ოპოზიცია „კარგ ინვესტიციებსაც“ კრიტიკის ობიექტად ქმნის, საზოგადოებაში საკუთარ ავტორიტეტს ასუსტებს და დასძენს, რომ Eagle Hills-ის დიდი ინვესტიციის წინააღმდეგ აჟიოტაჟი უსაფუძვლო.:
„ოპოზიციური სპექტრი თავისი „ენჯეოებით“ ძალიან ეხმარება „ქართულ ოცნებას“ იმაში, რომ ხელისუფლება გაიმყაროს. როდესაც კარგ საქმეს აკრიტიკებ, როდესაც რაც არ უნდა გაკეთდეს ყველაფერს აკრიტიკებ, განსაკუთრებით, კარგ საქმეს, კარგავ მოსახლეობის ნდობას და პატივისცემას. ამით აძლიერებ მოწინააღმდეგეს. ამას ვერ ხვდებიან. რა არის ცუდი ასეთ დიდ ინვესტიციაში? მოვიდა კომპანია, გაასუფთავებს მიწას, რაღაცას ააშენებს, შესახლდებიან ვიღაცები. რა არაბები და რისკები? ეს არის ჩვენი პრობლემა?!“- განაცხადა ქობულიამ.




