„ქართული ოცნების“ წევრის, გიორგი სოსიაშვილის სიტყვით გამოსვლა „ოცნების“ პარლამენტში:
„ნამდვილად ვერ გამოვა მადლობების გარეშე თითოეული ჩვენგანის გამოსვლა იმდენად დიდი შრომაა ჩადებული თქვენი ანგარიშის უკან. 24-საათიანი ეფექტური მუშაობა და მინდა საზოგადოებას შევახსენო, როგორ რთულ სიტუაციაში გიწევთ ქვეყნის მართვა, როგორი რთული გეოპოლიტიკური ვითარებაა ირგვლივ და როგორ არიან დაგეშილნი მტრები საქართველოს წინააღმდეგ, მაგრამ მიუხედავად ამისა, თქვენი შეუპოვრობით, თქვენი სიმტკიცით მოახერხეთ, ქვეყნისთვის თავიდან აგეცილებინათ უბედურება და საქართველოში არ დატრიალებულიყო ისეთი უბედურება, რომელიც იწვნია ჩვენმა მეზობელმა ხალხმა და არ დამდგარიყო ქვეყანაში სისხლის ტბორები.
უკანასკნელ ასწლეულში ორჯერ მოხდა საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფა. პირველი, როდესაც 1921 წელს მე-11 არმია შემოვიდა თბილისში და მეორედ, როცა 90-იან წლებში სისხლით მოპოვებული თავისუფლება გრანტებს შესწირეს მარიონეტებმა.
გრანტებს შესწირეს ამ აგენტურამ, რომელიც „დიფ სთეითის“ სამსახურში იდგა, იმ „დიფ სთეითის“, რომელმაც ძალიან ბევრი ხალხის ეროვნულ იდენტობას გადაუსვა ხაზი და მე გეტყვით გადაუჭარბებლად, რომ თქვენ ხართ ახალი საქართველოს, ახალი სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი მესაძირკვლე თქვენს გუნდთან ერთად და აგრძელებთ იმ დიდ გზას, რომელიც ჩვენმა დიდმა ერისკაცმა, ბიძინა ივანიშვილმა დასახა ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, რომელიც არის მორგებული ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე.
თქვენ ჩამოაყალიბეთ შესანიშნავი გუნდი, პატიოსანი ადამიანებით დაკომპლექტებული გუნდი და ძველ ლათინებს აქვთ ასეთი გამონათქვამი – „გამარჯვება იქაა, სადაც თანხმობააო“ და მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენს გუნდთან ერთად ძალიან ბევრ საქმეს გააკეთებთ.
დაბოლოს, ირაკლი კობახიძეს ქვეყანა მიჰყავს არა მარტა კოსების, კუბილიუსების, სანჩესების და ზოგიერთი გაურკვეველი წარმონაქმნების ნაკარნახევი გზით, არამედ მას მიჰყავს საქართველო ჭეშმარიტი, რეალური ევროპისაკენ, საითაც მიემართება ჩვენი ისტორიული გზა“.
ირაკლი კობახიძემ „ოცნების“ პარლამენტში „სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მოხსენება“ წარადგინა. მოხსენება 150-გვერდიანია და ბოლო 11 თვის განმავლობაში სხვადასხვა სფეროში გაწეული სამუშაოს შესახებ ანგარიშს მოიცავს.