ახალ ფაზაში გავიღვიძეთ, განსაკუთრებით გუშინდელი დღიდან – ჩვენ ვნახეთ, რომ ყველას მისწვდება ივანიშვილის სადამსჯელო მანქანის ხელი , – ამის შესახებ „ლელო -ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გიორგი სიორიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა, რითაც ოპოზიციური ლიდერების, მათ შორის „ლელოს“ ლიდერების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის დაკავებას გამოეხმაურა.
გიორგი სიორიძის თქმით, „ქვეყანაში არის გამოცხადებული დატყვევების ქრონიკა“.
„ახალ ფაზაში გავიღვიძეთ, განსაკუთრებით გუშინდელი დღიდან. არა იმიტომ, რომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ჩემი პარტიის ლიდერები არიან, არამედ ჩვენ ვნახეთ, რომ ყველას მისწვდება ივანიშვილის სადამსჯელო მანქანის ხელი. ვნახეთ დაანონსება, როგორ შეიძლება ბრალი დაუმძიმდეთ ამ ადამიანებს“, – განაცხადა გიორგი სიორიძემ.
გიორგი სიორიძე აცხადებს,რომ პარტიის ლიდერების, ხაზარაძე-ჯაფარიძის „დატუსაღება“ ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს მათ პოზიციაზე თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით და კვლავაც მომხრე არიან ამ თემაზე დისკუსიის.
„პატარა ბავშვისთვისაც ცხადია, რომ ივანიშვილს სურს, პოლიტიკური ლიდერები აღმოჩნდნენ ციხეში, იყვნენ იზოლირებულები. ამ ადამიანს არ აინტერესებს არანაირი ვითარების ნორმალიზება, დადასტურდა, რომ ივანიშვილს ვითარების ნორმალიზების შესაძლებლობას ვერაფერი ამ ქვეყანაში ვერ მისცემს. როდესაც ყველა ოპოზიციონერი ლიდერი არის ციხეში, არჩევნებში მიიღებ მონაწილეობას თუ არ მიიღებ მონაწილეობას, ვითარება ვერ ნორმალიზდება, ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც საგარეო პარტნიორების თვალში. ამ სტატუს-კვოს ვერაფერი შეცვლის თუ არ იქნება ძირეული ცვლილებები.
ჩვენ ეს რისკი გაცნობიერებული გვქონდა და შესაბამისად, პარტია იყო მომზადებული იმისთვის, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძე შეიძლება იყვნენ ციხეში, მაგრამ ჩვენ, როგორც პოლიტიკური გუნდი, პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური პარტია, ვაგრძელებთ ფუნქციონირებას. ძალიან ცუდ ბრძოლაში ვართ ძალიან ცუდ მტერთან, მაგრამ ჩვენ საზოგადოება გვავალებს ამ პასუხისმგებლობის ზიდვას.შესაბამისად ეს სცენარიც გვქონდა გავლილი. ამრიგად, ხაზარაძე ჯაფარიძის გუშინდელი დატუსაღება ვერანაირ ზეგავლენას ვერ მოახდენს ჩვენს გადაწყვეტილებებზე, ვერც მათ რევიზიაზე და ვერც სამომავლოზე. სანამ წაიყვანდნენ მათი სიტყვები იყო: არცერთი ნაბიჯი უკან, ბრძოლა ბოლომდე და ამ საკითხთან [თვითმმართველობის არჩევნები] მიმართებაშიც ეს არ შეცვლილა. ეს არ ნიშნავს,რომ მონაწილეობას ვიღებთ, ჩვენ არ გვაქვს გადაწყვეტილება მიღებული, მაგრამ ჩვენი არგუმენტები არ შეცვლილა, ვერ დაგვახევინებს უკან ის ფაქტი, რომ ხაზარაძე და ჯაფარიძე ახლა არიან სინდისის პატიმრები და ივანიშვილის ტყვეები“, – განაცხადა გიორგი სიორიძემ.
