მიუნხენის კონფერენციის მთავარი შედეგი ისაა, რომ ევროპა იქნება უფრო ერთიანი, საკუთარ საქმეებზე კონცენტრირებული, საკუთარ უსაფრთხოებაში მეტი რესურსისა და ფულის ჩამდები. თითქოს ევროპა მიჰყვებოდა ხაზს, რომ არც რუსეთი და არც ჩინეთი თითქოს პრობლემა არ იყო, დღეს აღმოჩნდა, რომ ეს ქვეყნები პრობლემაა – დადგა დრო, ევროპამ საკუთარ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა უფრო დიდი დოზით აიღოს, – ამის შესახებ „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელმა გიორგი რუხაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
მისივე თქმით, „მიუნხენის კონფერენცია იყო რეალობისთვის თვალის გასწორება დიდი ევროპული ქვეყნების მხრიდან და სწორედ ამის გამოხატულებაა, რომ დღეს საფრანგეთში დაგეგმილი სპეციალური სამიტი, სადაც ევროკავშირის ძირითადი ქვეყნები მოილაპარაკებენ, რა ფორმით და როგორ შეიძლება გადაწყდეს უკრაინაში რაღაცები, რა ფორმით ჩაერთვება ევროპა და ა.შ.“
მან, ასევე, შეაფასა მიუნხენის კონფერენციაზე ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის მიერ ევროპასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები. აღნიშნა, რომ მას არ ეთანხმება და არ ფიქრობს, რომ ევროპაში „ასეთი უკან დახევაა“.
„ჩემი აზრით, დემოკრატიის ხარისხით, ბევრი ევროპული ქვეყანა ბევრად წინაა, ვიდრე შეერთებული შტატები, თუმცა ეს მთავარი არაა. მთავარი ისაა, რომ მიუნხენის კონფერენციის მთავარი შედეგი ისაა, რომ ამ კონფერენციის შემდეგ ევროპა იქნება უფრო ერთიანი, საკუთარ საქმეებზე კონცენტრირებული, საკუთარ უსაფრთხოებაში მეტი რესურსისა და ფულის ჩამდები და რაც მთავარია, უფრო თვითკმარი, ათწლეულების განმავლობაში ევროპა საკუთარ უსაფრთხოებაზე ნაკლებად ზრუნავდა. თითქოს სწორედ ამ ხაზს მიყვებოდა, რომ არც რუსეთი, არც ჩინეთი და სხვა გარე სახელმწიფო თითქოს პრობლემა არ იყო. სინამდვილეში, დღეს აღმოჩნდა, რომ ზუსტადაც პრობლემაა ეს ქვეყნები. ისინი ქმნიან უსაფრთხოების პრობლემას ევროპისთვის. ამის მაგალითია უკრაინა, ამის მაგალითი იყო საქართველო 2008 წელს. საბოლოოდ, ევროკავშირი და ერთიანი ევროპა მივიდა იმ მდგომარეობამდე, რომ შეერთებულ შტატებთან პარტნიორობა გაგრძელდება, ევროატლანტიკური ურთიერთობა კვლავ იქნება, მაგრამ დადგა დრო, რომ ევროპამ საკუთარ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა უფრო დიდი დოზით აიღოს“, – განაცხადა რუხაძემ.
ამასთან, ის ფიქრობს, რომ ამერიკის მხრიდან უსაფრთხოების არქიტექტურა რადიკალურად ვერ შეიცვლება“.
„ერთია, რას საუბრობენ ამერიკელი პოლიტიკოსები და მეორეა, რას გააკეთებენ. მიუხედავად იმისა, რომ რიტორიკა ასეთი უხეშია, ვერ ვხედავ, რომ აშშ რადიკალურ ცვლილებებს შექმნის და ნატო-დან გამოვა, ან ამერიკულ ჯარებს გაიყვანს ევროპის ტერიტორიიდან. ამ ტიპის განვითარებას ვერ ვხედავ. ერთადერთი, რასაც ვხედავ, ისაა, რომ ევროპის ქვეყნებს მოუწევთ მეტი თანხების გაღება უსაფრთხოებისთვის. ეს კარგი იქნება ევროპისთვისაც და შეერთებული შტატებისთვისაც იმ თვალსაზრისით, რომ გამოთავისუფლებული რესურსით შეერთებულმა შტატებმა მეტი აქცენტი შეიძლება გააკეთოს ჩინეთზე ან სამყაროს სხვა წერტილებზე, სადაც მოვლენების მნიშვნელოვანი განვითარებაა. რატომ სიამოვნებს ეს [ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებები] „ქართულ ოცნებას“? – იმიტომ, რომ აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის გამოსვლა იყო დემოკრატიის საწინააღმდეგო გამოსვლა. ის რეალურად ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება რუმინეთში პირდაპირ დემოკრატიას უშლის ხელს, სინამდვილეში ასე არაა. ასევე, მან თქვა, რუსეთი და ჩინეთი საფრთხე არ არისო. ეს მოდის თანხვედრაში „ქართული ოცნების“ ხაზთან. „ქართული ოცნება“ ამბობს: კი, ჩვენი პარტნიორები რუსეთი და ჩინეთი არიან და ამერიკაც თურმე ამბობს, რომ რუსეთი და ჩინეთი არც ისე ცუდი არაა. სინამდვილეში ეს ასე არაა -აშშ-ის მთავარი მოწინააღმდეგე მაინც ჩინეთია. ტრამპის ადმინისტრაცია სინამდვილეში ანტიჩინურია, ასევე, ანტირუსული. ტრამპი ცდილობს, პუტინის ეგოებს მოეფეროს, მაგრამ სინამდვილეში ის და შეერთებული შტატებიც რუსეთსა და ჩინეთსაც განიხილავს როგორც მოწინააღმდეგეს, ამიტომ ეს მცირე თანხვედრა „ქართული ოცნების“ რიტორიკისა თუ პოლიტიკური ხაზის, ვიცე-პრეზიდენტთან, საბოლოო ჯამში არაფერს შეცვლის“, – განაცხადა რუხაძემ.
გარდა ამისა, რუხაძის თქმით, ტრამპი თავად ნაკლებად დაკავდება საქართველოს საკითხით და საქართველოსთან მიმართებით, „მით უმეტეს, „ოცნების“ არალეგიტიმურ ხელისუფლებასთან მიმართებით, არაფერი შეიცვლება და მათთვის ყველაფერი უარესობისკენ წავა“.
„თუ ასე მნიშვნელოვანი იყო ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის გამოსვლა, „ქართული ოცნება“, ე.წ. ხელისუფლება რატომ არ იყო წარმოდგენილი ამ ფორუმზე? ეს იმას ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ და მისი არალეგიტიმური ხელისუფლება მიუღებელია იმ სამყაროსთვის, რომელიც მიუნხენში ვნახეთ. მიუღებელია ევროპისთვის, აშშ-სთვის. იქ არ იყო წარმოდგენილი რუსეთი, ჩინეთი და „ქართული ოცნების“ არალეგიტიმური ხელისუფლება. ეს ყველაფერი ძალიან ლოგიკურია. თუ ჩვენ გვინდა, რომ იმ სამყაროს ნაწილი ვიყოთ, იქ უნდა ვიყოთ. რადგან „ქართულ ოცნებას“ იქ არ მიესვლება, მას დემოკრატიულ სამყაროშიც არ მიესვლება და მისი ე.წ. ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში, საქართველო იმ სივრცის ნაწილი ვერ გახდება. მათი არცერთი წარმომადგენელი არცერთ ასეთ სივრცეში არ ხვდება და ნიშნავს იმას, რომ ხვალ საქართველოც ვეღარ მოხვდება. თუ ისინი მიტაცებულ ხელისუფლებას შეინარჩუნებენ, საქართველოს დასავლური ვექტორი დასრულებული იქნება“, – განაცხადა გიორგი რუხაძემ.
რაც შეეხება საქართველოსთან მიმართებით ევროპის ნაბიჯებს, რუხაძე ამბობს, რომ არ არსებობს ქმედება უკუქმედების გარეშე და „ქართული ოცნების“ მიმართ უკუქმედება როგორც ქართული საზოგადოების, ისე პარტნიორების მხრიდან იქნება.
„როდესაც ქვეყანას ტირანია მართავს, არაფერი ესაქმება არც ევროკავშირში, არც ნატო-ში. ამის მიუხედავად, ევროპა არ ამბობს უარს საქართველოზე. მიუხედავად იმისა, რომ დღეს საქართველოს რუსული რეჟიმი მართავს, ევროპა ამბობს, რომ რადგან საქართველოს მოსახლეობას სურს დასავლეთისკენ სვლა, მზად ვართ, ეს კარი ღია დავტოვოთ. თუმცა, ეს მუდმივად ვერ გაგრძელდება და საზოგადოებამ უნდა გაიაზროს, რომ ეს კარი აუცილებლად დაიხურება, თუ ვერ მოვახერხეთ და ვერ გადავტეხეთ წელში რეჟიმი. თუ ივანიშვილის რეჟიმი, რუსული რეჟიმი რჩება, რუსულ სახელმწიფოს ევროკავშირში არაფერი ესაქმება.
რაც შეეხება იმას, რამდენად საკმარისია რეზოლუციები, რომელსაც იღებენ და სანქციები, რომელიც ჯერ ევროკავშირმა ვერ დააწესა, ეს, რა თქმა უნდა, არასაკმარისია. მაგრამ უნდა გავიაზროთ და გავითვალისწინოთ, რომ ევროკავშირი რუსეთი არაა და არსებობს წესები, რომელსაც ის ემორჩილება. იმისთვის, რომ ვიღაცას მოუნდა იქ სანქციების დაწესება, ამიტომ ვერ დააწესებს. შეთანხმება უნდა შედგეს და თუ ეს ვერ მოხდება, ინდივიდუალურმა ქვეყნებმა უნდა გააკეთონ. მივალთ აქამდე. ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან რეაქციებიდან გამომდინარე აშკარაა, რომ მათ სანქციების ეშინიათ. არ არსებობს ქმედება უკუქმედების გარეშე. „ოცნებამ“ ქმედება ჩაიდინა და იქნება უკუქმედება როგორც ქართული საზოგადოების, ისე პარტნიორების მხრიდან, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ უღალატა. ასე რომ, ეს უბრალოდ დროის საკითხია“, – განაცხადა რუხაძემ.
