დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ამ შეხვედრაზე „ქართული ოცნების“ ელიტისთვის შენგენის ზონაში სიარულის დასრულება მოხდება – იქნება ძალიან მკაცრი განცხადებები,- ამის შესახებ „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის” დამფუძნებელმა გიორგი რუხაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოში დღეს დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა.
რუხაძე დარწმუნებულია, რომ დღევანდელ შეხვედრაზე უფრო მკაცრი სანქციებისთვის მომზადდება ნიადაგი.
„მთავარი მოლოდინი ამ შეხვედრიდან ის იქნება, რომ მინისტრების საბჭომ დაამტკიცოს უვიზო მიმოსვლის გაუქმება დიპლომატიური პასპორტებისთვის. ეს არის მინიმუმი. რა თქმა უნდა, იქნება ძალიან მკაცრი განცხადებები და დარწმუნებული ვარ, ნიადაგი მომზადდება უფრო მკაცრი, ფინანსური სანქციებისთვის, რომელიც თუ ამ შეხვედრაზე ვერ დამტკიცდება (დიდი ალბათობით, ვერ დამტკიცდება, იმიტომ, რომ ამ საკითხზე კონსენსუსი, ჯერჯერობით არაა), ეს შემდეგ შეხვედრებზე მოხდება და ამ ყველაფრისთვის ნიადაგის მომზადება იქნება ეს შეხვედრა. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ამ შეხვედრაზე „ქართული ოცნების“ ელიტისთვის შენგენის ზონაში სიარულის დასრულება მოხდება“, – განაცხადა რუხაძემ.
რაც შეეხება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ქართული დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის საკითხს, რუხაძე ამბობს, რომ თუ ეს მოხდება, „ქართული ოცნება“ შეეცდება, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა გამოიყენოს როგორც „პლატფორმა იზოლაციის გარღვევისთვის“.
„ქართული ოცნება“ შეეცდება, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა გამოიყენოს როგორც პლატფორმა იზოლაციის გარღვევისთვის, ეს არის სივრცე, სადაც ძალიან ბევრი ევროპული ქვეყნის საპარლამენტო დელეგაცია და შესაბამისად, თუ საქართველოს პარლამენტის დელეგაცია იქ ლეგიტიმურად იქნება, ეს ერთგვარი შესაძლებლობა იქნება მათთვის, რომ ამტკიცონ სხვებთანაც და საკუთარ მომხრეებთანაც, რომ არალეგიტიმური ხელისუფლება კი არ ვართ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე წელიწადში ოთხჯერ მივდივართ და ვლაპარაკობთო.
მეორე მხრივ, ეს დელეგაცია რომც იყოს იქ, ეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ლეგიტიმაციას ვერ მისცემს, უბრალოდ, მისცემს პლატფორმას, რათა რაღაც ტიპის საერთაშორისო ურთიერთობები ჰქონდეს. მაშინ, როდესაც ევროსაბჭო არის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ორგანო, პლატფორმა ადამიანის უფლებების დასაცავად, “ქართული ოცნების“ არალეგიტიმური რეჟიმი, რომელიც ძალიან უხეშად არღვევს ამ ძალიან მნიშვნელოვან უფლება, რა ლოგიკით უნდა იჯდეს იქ?
ასევე, არ დაგვავიწყდეს, რომ რუსეთი, აზერბაიჯანი, ყირგიზეთი, ყაზახეთი – ბევრი ქვეყანაა, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დელეგაციის დონეზე ჯერ კიდევ მონაწილეობს. რუსეთს შეწყვეტილი აქვს ეს, როგორც ვიცი, ბოლო მონაცემებით. შესაბამისად, რადგან რუსეთს დელეგაცია შეუწყვიტეს და ეს უკრაინაში შეჭრის პერიოდში მოხდა, იგივე მდგომარეობაშია ბელარუსიც. ლოგიკური იქნება, თუ საქართველოს არალეგიტიმური პარლამენტის დელეგაციას, ივანიშვილის რეჟიმს, რომელიც არის რუსეთის გაგრძელება და რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი საქართველოში, შეუჩერდება უფლებამოსილება. შეიძლება ისეც მოხდეს, რომ გადაარჩინონ აზერბაიჯანმა, ყირგიზეთმა, ყაზახეთმა და ასეთმა არადემოკრატიულმა ქვეყნებმა, მაგრამ გერმანია, საფრანგეთი, იტალია და დემოკრატიულ სამყარო სწორედ იმისკენ მიიწევს, რომ საქართველოს არალეგიტიმური ხელისუფლება იქ არ იჯდეს“,- განაცხადა რუხაძემ.
გარდა ამისა, გიორგი რუხაძე გამოეხმაურა ერთი მხრივ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ირაკლი კობახიძის, მეორე მხრივ კი უნგრეთში შალვა პაპუაშვილის ვიზიტს და განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს, ილუზია შექმნას, რომ „რაღაც ტიპის საერთაშორისო ლეგიტიმაცია აქვთ“.
„ამ ტიპის ვიზიტებით ილუზიის, განცდების შექმნის მცდელობაა საკუთარ მხარდამჭერებში, თითქოს, მათ რაღაც ტიპის საერთაშორისო ლეგიტიმაცია აქვთ და რაღაც ტიპის ურთიერთობები არსებობს სხვა ქვეყნებთან. ბუნებრივია, ამის მცდელობა იყო კობახიძის აზერბაიჯანში ვიზიტი. იგივეა უნგრეთში. უნგრეთი ერთადერთი ქვეყანაა ევროპაში, სადაც ვიზიტით მოხვდა “ქართული ოცნების” დელეგაცია და ეს ბევრ რამეზე მეტყველებს. სინამდვილეში არც არაფერს უნდა ელოდებოდეს და არც არაფერს ელის [„ქართული ოცნება“ უნგრეთისგან], რადგან ორბანი ვერც ვერაფერს გააკეთებს. უბრალოდ, ერთადერთი [მიზანი] არის ილუზიის შექმნა, რომ დედამიწაზე არსებობს თითო ოროლა ქვეყანა, რომელიც მათ ლეგიტიმაციას აღიარებს. ისინი სრულ საერთაშორისო იზოლაციაში არიან და ცდილობენ აჩვენონ, რომ ეს სრული საერთაშორისო იზოლაციაა არაა და რომელიღაც ქვეყნები გვაღიარებენ, რომელიღაც – არა. თუ სიღრმეებში ჩავალთ და შევხედავთ, რა ტიპის ქვეყანაა უნგრეთი, ორბანის ხელმძღვანელობით და თუ ადამიანს პატარა თავმოყვარეობა გაქვს, პირველი ვიზიტით, უნგრეთში, აზერბაიჯანში და გაერთიანებულ საამიროებში არ უნდა წახვიდე“,- განაცხადა რუხაძემ.
