დარწმუნებული ვარ, რომ იმ გამარჯვებას, რომელიც დღეს ჩვენ ვიზეიმეთ, 26 ოქტომბერს, საქართველოს თითოეულ მოქალაქესთან ერთად ვიზეიმებთ, – ამის შესახებ „აირჩიე ევროპის“ თანადამფუძნებელმა, გიორგი რუხაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც ანტიკორუფციული ბიუროს დღევანდელ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ორგანიზაციის წინააღმდეგ რეპრესიები 6 სექტემბერს დაიწყო.
„რეპრესიები ჩვენს წინააღმდეგ დაიწყო რეალურად, 6 სექტემბერს, როდესაც ანტიკორუფციულმა ბიურომ აბსოლუტურად უკანონოდ მოიპოვა ჩვენი პირადი ანგარიშები. ბანკებს მოსთხოვა და ბანკებმა მათ გადასცეს და მას შემდეგ ანტიკორუფციულმა ბიურომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენი ოპერაციები გაეჩერებინა, შევევიწროებინეთ, მაგრამ სინამდვილეში ამას შედეგი არ მოჰყვა. ჩვენ არც ერთი წუთი არ გავჩერებულვართ და დღესაც როდესაც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, ჩვენი წარმომადგენლები სხვადასხვა ქალაქებში და სოფლებში კარდაკარ დადიან და საზოგადოებას ევროპული არჩევანის მნიშვნელობაზე ესაუბრებიან. დარწმუნებული ვარ, რომ იმ გამარჯვებას, რომელიც დღეს ჩვენ ვიზეიმეთ, 26 ოქტომბერს ვიზეიმებთ და ამ გამარჯვებას ჩვენთან, პოლიტიკურ პარტიებთან, საზოგადოებასთან ერთად, საქართველოს თითოეული მოქალაქე იზეიმებს,“ – განაცხადა რუხაძემ.
ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებაზე „აირჩიე ევროპის“ კიდევ ერთმა წევრმა, კახა კოჟორიძემ ისაუბრა და განაცხადა, რომ „ის ორგანოები, რომლებიც დამოუკიდებლად უნდა იღებდნენ გადაწყვეტილებას, სულაც არ არიან დამოუკიდებლები“.
„კანონი და სამართალი არ არის ნემსი, ძაფი და მაკრატელი რომ ვისაც უნდა, როგორც უნდა ისე შეკრას და გაჭრას. ჩვენ, დღეს მთელი საზოგადოება კიდევ ერთხელ დავრწმუნდით იმაში, რომ სამწუხაროდ, ის ორგანოები, რომლებიც დამოუკიდებლად უნდა იღებდნენ გადაწყვეტილებას, არც თავიდან და არც ბოლო გადაწყვეტილებაში არ იყვნენ დამოუკიდებლები. ისინი აკეთებენ იმას, რასაც ზემდგომები ეტყვიან“, – განაცხადა კახა კოჟორიძემ.
ცნობისთვის, ანტიკორუფციულმა ბიურომ დღეს გადაწყვეტილება შეცვალა და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“, მის დირექტორს ეკა გიგაურს, ასევე ორგანიზაცია „აირჩიე ევროპას“, მის დამფუძნებელს ხათუნა ლაგაზიძესა და თანადამფუძნებლებს „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტის“ სტატუსი გაუუქმა. მანამდე, აღნიშნულის შესახებ ანტიკორუფციულ ბიუროს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოუწოდა. კერძოდ, პრემიერმა გუშინ, ანტიკორუფციულ ბიუროს მიმართა, „საერთაშორისო გამჭვირვალობასა” და „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციად აღიარებულ სხვა სუბიექტებთან“ დაკავშირებული გადაწყვეტილება შეცვალოს.