მთელი დილა შავნიღბიანები ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე მოდიოდნენ და გვირტყამდნენ, აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ვმოქმედებდი, – ამის შესახებ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქციაზე დაკავებულმა გიორგი ოკმელაშვილმა განაჩენის გამოცხადებამდე განაცხადა.
ოკმელაშვილმა საკუთარ საბოლოო სიტყვაში დეტალურად ისაუბრა მომხდარის შესახებ. როგორც მან აღნიშნა, საპროტესტო აქციაზე, პარლამენტის გვერდით, ერთმანეთისგან გამოყოფილი 3 ჯგუფი იყო – დემონსტრანტები, პოლიციელები და ასევე ადამიანები, რომელთაც შავები ეცვათ და ნიღბები ეკეთათ.
„ვერ ვხვდებოდი ესენი ვინ იყვნენ. ეს შავნიღბიანი „ბანდის“ წარმომადგენლები პოლიციის კორდონს ეყოფოდნენ და დემონსტრანტებზე ძალადობას იწყებდნენ. ნიღბიანების ასეთმა ქმედებამ მაფიქრებინა, რომ ეს ადამიანები პოლიციელები არ იყვნენ, უშვერი სიტყვებით გვლანძღავდნენ. პოლიციელი მგონია, რომ იცავს წესრიგს და სუსტებს, მათ მიმართ ასეთი შეგრძნება არ გამჩენია. ცხოვრებაში პოლიციელის მიმართ არასდროს გამომიჩენია უპატივცემლობა. ეს შავნიღბიანები თავისი ქცევით მაიძულებდნენ ჭიდაობაზე გადავსულიყავი, მორაგბე ვარ და მიჩვეული ვარ, ჭიდაობაში, ჯაჯგურში ჩემი თანამოაზრე დავიცვა. ზოგ შავნიღბოსანს ხელში რკინის ჯოხი ეკავა, რაც კიდევ მაეჭვებდა რომ ისინი რაღაც ხროვის წევრები იყვნენ და არა პოლიციელები. პოლიციელს ჩავარტყი არა მუშტი, როგორც ამას პროკურორი ამბობს, არამედ იდაყვი ჩავარტყი.
მთელი დილა შავნიღბიანები ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე მოდიოდნენ და გვირტყამდნენ. პრეზიდენტმა შეიწყალა ადამიანი, რომელიც დაახლოებით იგივე ქმედებას ჩადიოდა, აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა, მეც ასე ვმოქმედებდი, ამიტომ ვკარი ხელი“, – განაცხადა ოკმელაშვილმა.
გიორგი ოკმელაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
მოსამართლე გიორგი გელაშვილის გადაწყვეტილებით მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
გამოძიების ინფორმაციით, 13 მაისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე გიორგი ოკმელაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ალექსანდრე ოხანშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, იდაყვის დარტყმით სახის არეში დაზიანებები მიაყენა.
ოკმელაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
მას ასევე ბრალი სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითაც ჰქონდა წარდგენილი, რაც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. თუმცა, მუხლი სრულად ამნისტირებულია, შესაბამისად, სისხლისამართლებრივი დევნა ამ მუხლით შეწყდა.
დანაშაული 4-დან 7- წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დაკავებული გიორგი ოკმელაშვილი სარეკლამო კომპანია „ლიმონის“ დამფუძნებელია.