გიორგი ოკმელაშვილის მეუღლე – საქმეს სტრასბურგში აუცილებლად წავიღებთ – ვიბრძოლებთ, სადაც კი შეგვიძლია

დაკავებული გიორგი ოკმელაშვილის მეუღლის, თამთა ჩხეიძის განცხადებით, არ გამორიცხავენ, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართონ.
როგორც თამთა ჩხეიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საქმესთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს სხდომა 11 აპრილს არის ჩანიშნული.
„ჩვენ არ შევჩერდებით, ბრძოლას აუცილებლად გავაგრძელებთ. ბოლომდე ვიბრძოლებთ, სადაც კი შეგვიძლია, რომ ჩვენი სამართლიანი სიტყვა მივიტანოთ. ჩვენ გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრეთ, პასუხი დღეს მივიღეთ და 11 აპრილს, 13:00 საათზე არის სხდომა ჩანიშნული. არ ვიცი რამდენ სხდომას ჩანიშნავენ, როგორ წარიმართება ეს პროცედურა. სააპელაციოს პასუხის შემდეგ, უზენაეს სასამართლოშიც შევიტანთ განცხადებას და შემდეგ უკვე ამ საქმეს სტრასბურგში აუცილებლად წავიღებთ”, – განაცხადა თამთა ჩხეიძემ.
მან აღნიშნა, რომ გიორგი ოკმელაშვილის საქმესთან დაკავშირებით სხვადასხვა დარღვევები დაფიქსირდა. “გამოძიება როგორც ჩატარდა, სრული აბსურდი არის, არ ექვემდებარება იმ ნაწილს, რასაც ედავებიან. მთელი საგამოძიებო სტრუქტურა იყო ჩართული გიორგი ოკმელაშვილის მიმართ, რომ კონკრეტული დანაშაული ეპოვათ. სამწუხაროდ, ვერაფერი იპოვეს, რადგან ეს ადამიანი არის მართალი, იცავს თავის ქვეყანას და უნდა, რომ საქართველო ევროკავშირში შევიდეს და არა ს გუბერნიაში დარჩეს, როგორც დღეს არის”, – განაცხადა თამთა ჩხეიძემ.
ცნობისთვის, გიორგი ოკმელაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო, მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
გამოძიების ინფორმაციით, 13 მაისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე გიორგი ოკმელაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ალექსანდრე ოხანაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, იდაყვის დარტყმით სახის არეში დაზიანებები მიაყენა.
ოკმელაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
მას ასევე ბრალი სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითაც ჰქონდა წარდგენილი, რაც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. თუმცა, მუხლი სრულად ამნისტირებულია, შესაბამისად, სისხლის სამართლებრივი დევნა ამ მუხლით შეწყდა.
დაკავებული გიორგი ოკმელაშვილი სარეკლამო კომპანია “ლიმონის” დამფუძნებელია.