დეკანოზი გიორგი მამალაძე ციანიდის საქმის არსებითად შემსწავლელი კომისიის შექმნას მოითხოვს.
მისი თქმით, სიბინძურის დამკვეთები, რომელთა ნაწილიც სამწუხაროდ დღემდე რჩებიან კომისიის შექმნას აფერხებენ. თუმცა, როგორც დეკანოზი მამალაძე აცხადებს, კომისია უნდა შეიქმნას და მისი თითოეული სხდომა ღია უნდა იყოს.
„დღეს, როცა სარკეში მიწევს ჩახედვა, ეტლში მჯდომ პარალიზებულ, აღარც თუ ისე ახალგაზრდა მამაკაცს ვუყურებ, რომელიც პრინციპში აღარც ჰგავს ჩემს თავს.
ბევრი ბუნდოვანებაა დღეს ჩემს თვალსაწიერში, უამრავი კითხვის ნიშანი და “მაგრამ”, თუმცა როგორც ჩანს, დიდი განსაცდელი პიროვნების ღირებულებათა სისტემაში აყალიბებს რკინა-ბეტონივით მყარ პოზიციებს, ამიტომ დღეს ე.წ. “ციანიდის საქმის” 8 წლის თავზე, უკვე საპყრობილის მიღმა მყოფი ღიად მოვითხოვ 2017 წლის 11 ოქტომბრის სინოდის გადაწყვეტილების აღსრულებას – შეიქმას ე.წ. „ციანიდის საქმის“ არსებითად შემსწავლელი კომისია (უმჯობესი კი საეკლესიო სასამართლოს აღდგენაა), თუმცა ამ სიბინძურის დამკვეთები, რომელთა ნაწილიც სამწუხაროდ დღემდე რჩებიან საპატრიარქოს ადმინისტრაციაში, ყველაფერს აკეთებენ, რათა ამ კომისიამ (მიუხედავად იმისა, რომ არც არაფერს შეისწავლის) არ დაიწყოს ფუნქციონირება, რაც უკიდეგანო შიშის ფაქტორიდანაა გამოწვეული, რადგან მიმაჩნია, რომ თითოეული სხდომა ღია უნდა იყოს“, – წერს დეკანოზი Facebook-ზე.
გიორგი მამალაძემ 8-წლიანი პატიმრობის შემდეგ 2024 წლის თებერვალში გათავისუფლდა. მას 2017 წლის სექტემბერში ცხრაწლიანი პატიმრობა მიესაჯა. დეკანოზი გიორგი მამალაძე 2019 წლის 22 თებერვლიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N18 სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფებოდა. მას პარალიზებული აქვს მარჯვენა ზედა და ქვედა კიდური და ვერ ახერხებს დამოუკიდებლად გადაადგილებას. გიორგი მამალაძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო 2019 წლის 15 თებერვალს ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. სამედიცინო კონსილიუმის მიერ დისოციაციური მოტორული აშლილობა დაუდგინდა.დეკანოზი გიორგი მამალაძე საქართველოს პროკურატურამ 2017 წლის 10 თებერვალს დააკავა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, როდესაც ის ბერლინში მიემგზავრებოდა, სადაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს, ილია მეორეს ოპერაცია უტარდებოდა. პროკურატურის ცნობით, დეკანოზის ბარგის ჩხრეკისას ამოიღეს ფარულად შენახული შხამიანი ნივთიერება -„ნატრიუმის ციანიდი“.
პორკურატურის ცნობით, ამ საქმეზე გამოძიება 2017 წლის 2 თებერვალს დაიწყო ჟურნალისტ ირაკლი მამალაძის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მიმართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების – ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა.
მოგვიანებით პროკურატურამ განმარტა, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე აპირებდა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობას.
2017 წლის 12 თებერვალს საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.
მამალაძე თავდაპირველად ბრალდებული იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე (მკვლელობის მომზადება) და 236-ე მუხლებით (ცეცხლასასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე. მოგვიანებით, პროკურატურამ მამალაძეს ბრალი დაუმძიმა, კერძოდ, სსკ-ის 18, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარუდგინა ბრალდება (განზრახ მკვლელობის მომზადება ანგარებით), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებდა 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
