პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი, გიორგი ლუბარეცი:
რა ვიცით რეჟიმისვე აღიარებით:
გამოიყენეს ერთდროულად რაღაც ნივთიერება UN3439 კოდის ქვეშ, რომელიც წყალში არ ზავდება, რისთვისაც ორგანული გამხსნელი, ტრიქლოროეთილენი (UN1710) დასჭირდათ. ტრიქლოროეთილენი დამატებით ეხმარება ნივთიერების დერმისში (კანში) შეღწევას, რითიც შეიძლება აიხსნას მისი რთულად მოშორება ან კანის წვა.
UN3439 კოდი ზოგადია და მოიცავს ნებისმიერ ტოქსიკურ ნივთიერებას, რომელიც “მყარი, ტოქსიკური ნიტრილის” ქვეშ შეიძლება დაკლასიფიცირდეს. ამ კოდით შეუძლებელია მაგალითად, სითხის ტრანსპორტირება. ნივთიერება აუცილებლად უნდა იყოს ფხვნილის / კრისტალურ ფორმაში, ნიტრილების ჯგუფში (C=N).
UN3439 კოდის ქვეშ, გარდა კამიტისა, შეიძლება ასევე იყოს ქლორბენზალმალონონიტრილი, იგივე CS, იგივე ჩვენი ძმა და მეგობარი ცრემლსადენი გაზი, რომელიც გაზავებამდე ფხვნილის ფორმაშია. ცრემლსადენ გაზს უფრო ზუსტი კოდიც აქვს – UN3448 (ცრემლსადენი გაზის ნივთიერება, მყარი).
უფრო მარტივად რომ ვთქვათ, მარტივი ანალოგიით – ზეთი ტრანსპორტირებისას საპოხ მასალადაც შეგიძლია გაატარო, სითხის ქვეშაც და აალებადი ნივთიერების ქვეშაც. იგივეა ამ კოდზეც.
ცრემლსადენი გაზის გარდა, ამ ზოგადი კოდის ქვეშ ძალიან ცოტა ნივთიერების გაყვანა შეიძლება.
არსებობს თეორიული შანსი, რომ შერეული ნივთიერება ცრემლსადენი გაზი იყო, რომელიც შეძენისას ან (1) არაზუსტად, ზოგადად დაკლასიფიცირდა ან (2) განზრახ დაკლასიფიცირდა ზოგადი კოდით, ტრანსპორტირების რეგულაციების გვერდის ავლის ან სხვა მიზნებისთვის.
ტრიქლოროეთილენში გახსნის შემთხვევაში, შეიძლება მას ჰქონოდა იგივე / მსგავსი ეფექტები, რაც ექნებოდა კამიტს.
ეს ნივთიერება ვერ იქნებოდა კაპსაიცინი (წიწაკის სპრეი). იმის მიუხედავად, რომ არც ისაა წყალში ხსნადი, სჭირდება გამხსნელი, ისიც მყარ ფორმაშია, კაპსაიცინი ამიდია და არა ნიტრილი, ამიტომ UN3439 კოდის ქვეშ მისი შეძენა/შენახვა ვერ მოხდება.
თუმცა ცრემლსადენ გაზს გამორიცხავს ის, რომ მესამე დღეა, რეჟიმი არ ასახელებს ნივთიერების სახელს. ცრემლსადენი გაზის დასახელება რეჟიმისთვის ყველა პრობლემას მოაგვარებდა.
ყველა სხვა ნივთიერება, რომელიც შეიძლებოდა ყოფილიყო დაკლასიფიცირებული ამ კოდის ქვეშ – (1) იქნებოდა არაეფექტური, (2) უარესია, ვიდრე კამიტი.
მაგალითად:
– ქლოროთალონილი – სამეურნეო, ფუნგიციდი – კარცეროგენი, შეუძლია გამოიწვიოს თვალების შეუქცევადი დაზიანება.
– დიქლობენილი – სამეურნეო, ჰერბიციდი, სისტემური ტოქსინი – შეუძლია გამოიწვიოს ორგანოების შეუქცევადი დაზიანება.
– ციპერმეტრინი – სამეურნეო, ინსექტიციდი – ნეიროტოქსინი (ამ ბოლოს მგონი ახსნა არ სჭირდება).
– მალონონიტრილი – გამოიყენება ქიმიურ სინთეზში – უფრო მაღალი ტოქსიკურობის, ვიდრე კამიტი. მეტაბოლიზმის დროს ორგანიზმში შეიძლება გამოთავისუფლდეს ციანიდი.
– ბრომოქსინილი – სამეურნეო, ჰერბიციდი – გაცილებით უფრო მაღალი ტოქსიკურობის. იწვევს ჰიპერთერმიას (გადახურება), მეტაბოლურ კოლაფსს, ნაყოფის დეფექტებს.
აზობისიზობუტირონიტრილი – გამოიყენება პლასტმასის წარმოებაში – ფეთქებადი.
პ.ს. “-ციდი” დაბოლოება ნიშნავს მკვლელს (ლათ. caedere – მოკვლა). ინსექტიციდი – მწერების მვკლელი, ჰერბიციდი – სარეველების მკვლელი, ფუნგიციდი – სოკოების მკვლელი.
ნიტრილების ჯგუფში ბევრი ნაერთია, მაგრამ ისევ: არცერთი არაა ცრემლსადენი გაზის გარდა, რომელიც მასების კონტროლისთვის გამოიყენება, ხოლო ცრემლსადენ გაზს ოცნება პირველივე დღეს დაადასტურებდა.




