რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ გიორგი კეკელიძე პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის პოსტს ტოვებს. როგორც კეკელიძემ თქვა, ეს შალვა პაპუაშვილის გადაწყვეტილებით მოხდა. მალევე ცნობილი გახდა, რომ ეროვნული ბიბლიოთეკის ახალი ხელმძღვანელი კონსტანტინე გამსახურდია იქნება. კეკელიძემ ორი დღის წინ გამოქვეყნებული პოსტის კომენტარებში დაწერდა, რომ თემაზე დამატებით კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებდა.
მწერალი გიორგი კეკელიძე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის თანამდებობას 2012 წლიდან იკავებდა. მას თავის დროზე ეს პოსტი კახა ბენდუქიძემ შესთავაზა. სწორედ ეს პერიოდი გაიხსენა გიორგიმ დღეს გამოქვეყნებულ პოსტში:
“2011 წლის ერთ საღამოს, კახა ბენდუქიძემ მომწერა: “ეგებ მნახოთ, სასწრაფოდ!” ეს საქმე ადრეც მოვყევი, უბრალოდ ახლა სხვა ამბის პროლოგად მჭირდება. ჰოდა, რადგან სასწრაფო გამოდგა, პირველივე ტაქსი გავაჩერე და წავედი. მანქანა მოკრძალებული იყო, მძღოლი ნაკლებად – დიდად მოსაუბრე კაცი გამოდგა, რა გასაკვირია და. თუმცა არც გამაღიზიანებელი და არც ზერელე საუბარი ყოფილა ეს ლაპარაკი – წლობით მეზღვაურად ნამუშევარი, დიდი ჭირის მნახველი და დამძლევი, წიგნების მცოდნე და მკითხველი გამოდგა ბატონი გოგი – ჰემინგუეიო, თომას მანიო, ვაჟა-ფშაველაო და სხვანი. გემის თავგადასავლები – ცალკე რომანები. მხოლოდ ნაწილი. დაგელოდები და დანარჩენს მერე მოგიყვებიო. მე ვუთხარი; აბა როგორ, ბენდუქიძესთან შეხვედრა საათებს ნიშნავს. არაო, აქვე ვიტრიალებ და აუცილებლად დამირეკეო.კახა ბენდუქიძემ მაშინ მითხრა, რომ პარლამენტს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის ადგილას ჩემი თავი შესთავაზა შესაბამის კომიტეტს. რავარია. 27 წლის ვიყავი.
ამ სიმაღლისთვის პირტიტველა. კი, რაღაც გამეკეთებინა მანამდეც ამ სფეროში, მაგრამ მაინც. ჰოდა, ვიფიქრებ მეთქი და კარგიო. გამოვედი და დავურეკე ბატონ გოგის. ვიფიქრე, მეტყვის, ვიღაცამ გამომიძახა და წავედი, ან რამე ამდაგვარი. ჰოდა, დავუყვები დაღმართს ფეხით. ბატონი გოგი იქვე იდგა. ჩავჯექი და მოვუყევი. რა ვქნა მეთქი? დათანხმდიო! რატომ მეთქი? ჩემი ხათრით დათანხმდიო! სახლში რომ მიმიყვანა, მითხრა, აწი ლექციების წასაკითხად რომ წახვალ, მე წაგიყვანო. თვეები ლამის ნახევარ ფასად დავყავდი. გზაზე ძველ ოპელში კი არა – აღმართზე გაზიდან ბენზინზე გადართვა რომ ჭირდებოდა – უზარმაზარ გემში ვიჯექით და აფრიკის სანაპიროს ვუახლოვდებოდით, კუბისკენ მივიწევდით და იაპონელებს ხელს ვუქნევდით. დიდი, დიდი თხრობები. დაუვიწყარი. ამასობაში დირექტორობას დავთანხმდი და დაველოდე. გაირკვა 2012 წლის 3 მარტს და 5 მარტს, დილით, როცა პირველი მისვლა-შეხვედრა დაიგეგმა ახალ, საოცარ და უზარმაზარ სამსახურში, ბატონ გოგის დავურეკე და წამიყვანა. ვღელავდი. მთელი გზა ხმა არ ამომიღია.