გიორგი კახიანი – გაუგებარი იყო სააკაშვილის სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნა, როდესაც იგი სრულიად ჯანმრთელად გამოიყურებოდა – განცხადებები, რომ ეს დასჯის მცდელობაა, მოსალოდნელი იყო, სინამდვილეში, ის ხდება, რაც კანონითაა გათვალისწინებული

რა თქმა უნდა, მოსალოდნელი იყო, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მხრიდან გაკეთდებოდა განცხადებები, თითქოს ეს რაღაც დასჯის მცდელობაა, მაგრამ სინამდვილეში ხდება ის, რაც კანონმდებლობით არის გათვალისწინებული, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა განაცხადა, რითაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ს „ვივამედიდან“ პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანას გამოეხმაურა.
მისი თქმით, სააკაშვილის სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნა გაუგებარი იყო იმის ფონზე, რომ იგი „სრულიად ჯანმრთელად გამოიყურებოდა.“
„გაუგებარი იყო მისი სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნა იმის ფონზე, როდესაც იგი სრულიად ჯანმრთელად გამოიყურებოდა. ამიტომ, მას შემდეგ, რაც სამკურნალო დაწესებულებამაც განაცხადა, რომ ბატონი სააკაშვილი მკურნალობას აღარ ექვემდებარება, მისი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანა, სრულად ლოგიკური ნაბიჯი იყო. ასე რომ, ასეთი შეფასებები საზოგადოებისთვის მიუღებელი იქნება.
თუ რატომ არ მოხდა აქამდე გადაყვანა, ამაზეც მარტივია პასუხი – გადაყვანა მოხდა მაშინ, როცა სამკურნალო დაწესებულების პერსონალმა განაცხადა, რომ ბატონი სააკაშვილი მკურნალობას აღარ საჭიროებს. ერთი შეხედვით, საზოგადოება ხედავდა, რომ იგი ჯანმრთელად გამოიყურებოდა, მაგრამ სამკურნალო დაწესებულების დასკვნის გარეშე რაიმე გადაწყვეტილებას სახელმწიფო ვერ მიიღებდა. მას შემდეგ, რაც ასეთი დასკვნა გახდა ცნობილი, რომ მას მკურნალობა არ ესაჭიროება, მოხდა ის, რაც კანონმდებლობით არის გათვალისწინებული“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.
ცნობისთვის, გუშინ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, კლინიკა „ვივამედიდან“ N12 პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნეს, სადაც საერთო წესით გააგრძელებს სასჯელის მოხდას. პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ ვინაიდან, მიხეილ სააკაშვილის „ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი და მას აღარ ესაჭიროება სტაციონარული მკურნალობა“, კლინიკიდან გამოწერეს.

ასევე დაგაინტერესებთ