“30 წლის განმავლობაში, სოხუმის აეროპორტი დახურული იყო გაეროს საავიაციო სააგენტოს, იკაოს მიერ საქართველოს სახელმწიფოს მოთხოვნის საფუძველზე. აეროპორტის დახურვას დამატებით ლეგიტიმაციას ანიჭებდა 1993 წელს რუსეთის ეფექტური კონტროლის ქვეშ მყოფი შეიარაღებული ფორმირებების მიერ სამგზავრო თვითმფრინავების ჩამოგდება სოხუმში, რასაც მოყვა მსხვერპლი (მათ შორის „უოლ სტრიტ ჯორნელის“ ჟურნალისტი და აშშ-ს მოქალაქე ალექსანდრა ტატლი).
ამდენი წლის განმავლობაში, რუსების ყოველმა მცდელობამ გახსნილიყო აეროპორტი და მორღვეულიყო აფხაზეთზე საქართველოს სუვერენიტეტის ეს მნიშვნელოვანი ზღუდე, კრახი განიცადა, პირველ რიგში იკაოში საქართველოს მყარი პოზიციების გამო. საერთაშორისო სამოქალაქო ავიაცია ძალიან მკაცრად რეგულირებული სფეროა და იკაოს მიერ დახურულ აეროპორტში ფრენის შესრულების შემთხვევაში მას შეუძლია შავ სიაში შეიტანოს ნებისმიერი ავიაკომპანია. იკაოს, ისევე როგორც EASA-ს (ევროკავშირის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს), შეუძლია ძალიან დიდი სირთულეები შეუქმნას ამგვარი ფრენის შემსრულებელი ბორტის დამარეგისტრირებელ სახელმწიფოს.
რა შეიცვალა ახლა? სოხუმის აეროპორტის გახსნა და მოსკოვიდან რეისის შესრულება ვერ მოხდებოდა საქართველოს სახელმწიფოს ამა თუ ინ ფორმით თანხმობის გარეშე. ახლა, როცა ფრენა უკვე შესრულებულია და არსებობს ოკუპანტის გაცხადებული განზრახვა დაინიშნოს რეგულარული ფრენები, საქართველოს სახელმწიფოს სარკისებური პასუხი იქნებოდა იმ სახელმწიფოში რეგისტრირებული ბორტებისთვის ფრენის აკრძალვა ან ამგვარი აკრძალვის მუქარა რომელში რეგისტრირებულმა ბორტმაც შეასრულა ფრენა იკაოს მიერ დახურულ აეროპორტში საქართველოს ტერიტორიაზე. ამგვარი ზომების არმიღება კი წარმოადგენს ფრენების დაწყებაზე და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ამ მნიშვნელოვანი ბასტიონის რღვევის დე ფაქტო ნებართვას”, – წერს გიორგი კანდელაკი სოციალურ ქსელში.
ცნობისათვის, სოხუმის აეროპორტი მთლიანად რუსული იქნება და არა მხოლოდ სამოქალაქო, არამედ სამხედროც – საერთაშორისო თანამეგობრობამ, ევროკავშირმა, ნატო-მ ამას ყურადღება უნდა მიაქციოს, რადგან ომი დასრულდება და ეს სამხედრო თვითმფრინავები უფრო ევროპის და ნატო-ს წინააღმდეგ იქნება მიმართული, ვიდრე ჩვენ წინააღმდეგ,- ამის შესახებ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, სოხუმის აეროპორტის ძირითადი მომსახურე პერსონალი რუსეთიდან ჩამოდის და აფხაზებს იქ საერთოდ არ შეუშვებენ.
მისი თქმით, სოხუმის აეროპორტის ძირითადი მომსახურე პერსონალი რუსეთიდან ჩამოდის და აფხაზებს იქ საერთოდ არ შეუშვებენ.