გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: ხელახლა დაბადება

14 წლის წინ, ჯერ კიდევ დასავლურ ცივილიზაციურ არჩევანში მყარად მყოფი საქართველოს დატოვებისას, ამერიკის მაშინდელმა ელჩმა, რომელიც ახლა სხვათა შორის სახელმწიფო მდივნის მოადგილეა, ასეთი რამ თქვა: – დამოუკიდებლობის ამ რთულ წლებში ქართველებმა ის ნამდვილად გაარკვიეთ რა, ან ვისთან ყოფნა არ გინდათ, მაგრამ კითხვაზე: რა გინდათ – პასუხები ქართულ საზოგადოებას ჯერ კიდევ საპოვნელი გაქვთო… მაშინ ბევრმა კრიტიკულად და ზედმეტად მკაცრ შეფასებად მიიღო ელჩის ეს ფრაზა. ვინ წარმოიდგენდა, რომ 2024 წელს, მისი შეფასების იმ ნაწილსაც კი კითხვის ნიშანი დაეკიდებოდა – რომელიც მეგობრების არჩევანს შეეხებოდა..
თუმცა ამ 26 მაისს, უზურპატორის რუსული მანიფესტისა და ჰიბრიდული ტერორის მოწყობაში ჩართული ეროვნებით ქართველების შემხედვარე, ჩემს და დარწმუნებული ვარ თქვენი აბსოლუტური უმრავლესობის განწყობაში ოპტიმიზმი ჯაბნის პესიმიზმს, არამარტო საქართველოს ქუჩებში ხალხის მღელვარე და დაუცხრომელი მდინარეების შემხედვარე, არამედ იმის გამოც, თუ რა ღირებულებების, როგორი საქართველოს ხელახლა დაბადებისთვის იხარჯება პატარა საქართველოსთვის მართლაც უპრეცედენტო რაოდენობისა და მუხტის მატარებელი ადამიანების ერთობა.
თანამედროვე რუსული ჰიბრიდული ოინებით მართული, სუვერენიტეტის, ეროვნულობისა და დემოკრატიის ნელ-ნელა მომგუდავი პოლიტიკა კრახს განიცდის, თვალსა და ხელს შუა იფშვნება, ძალას კარგავს, დასაცინი და ასაგდები ხდება.
ეს არ ნიშნავს, რომ სისასტიკე და დაუნდობლობა, უსირცხვილობა და ფლიდობა აკლდება – არა, მაგრამ თავისუფლების, ეროვნული და შესაბამისად ევროპული იდენტობის დაკარგვის შიშით გამოწვეული წინააღმდეგობის მუხტი თავის გზაზე ყველაფერს – რაც ყალბია და ეთნორელიგიური ფარისევლობის რუსული შხამით გაჟღენთილი – შლის და ანადგურებს.
ივანიშვილის რეჟიმი დღეს აწუხებს და სიცოცხლეს უმწარებს არამარტო საქართველოს და აქ მცხოვრებ ხალხს, ის ტოქსიკურია ცივილიზებული სამყაროსთვის. მასთან ურთიერთობის დაჭერა აღარავის უნდა. მას ყველა, როგორც საკუთარი ერის ინტერესების მტერს და კეთროვანს ისე უყურებს – ვაშინგტონშიც, ბრიუსელშიც, ლონდონშიც, ბერლინშიც და პარიზშიც. ერთადერთი სადაც “ესიტკბოებათ და ესათნოებათ” – დედამიწის სიმსივნედ ქცეული ს დედაქალაქია.
ჩვენ კი, ჩვენ, საქართველოს შვილები, ვგრძნობთ როგორ გავხდით ისტორიის ნაწილი კი არა შემოქმედი, როგორ გაცოცხლდა ჩვენში ერთბაშად წინაპარიც და დაიბადა მომავალი. ეს არის კიდეც შემდგარი ერის და კულტურული ერთობის მატარებელი საზოგადოების მიერ დაფუძნებული სახელმწიფოს ნიშნები.
ახლა იბადება ახალი საქართველო! ქვეყანა დიდი და უწყვეტი ისტორიით, ძველი კულტურით და უზარმაზარი პოტენციალით – რომელიც საბოლოოდ და მყარად უნდა იქცეს ევროპულ სახელმწიფოდ, სახელმწიფოდ და საზოგადოებად, რომელიც ღირსია თავისი გმირების და წმინდანების.
დიდება გმირებს და მებრძოლ ქართველ ხალხს!
გაუმარჯვოს დამოუკიდებელ საქართველოს!