გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: მშვიდობით ევროკავშირში თუ მშვიდობით ევროკავშირო?!

როდესაც ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა სთან და მოლდოვასთან მოლაპარაკებების გახსნის ისტორიული გადაწყვეტილება მიიღეს, იგივე მინისტრები, იმავე სხდომაზე, ერთ დროს, ასოცირებული ტრიოს ლიდერი საქართველოს ხელისუფლების სანქცირებაზე შეთანხმდნენ. მეტიც, უმაღლესმა კომისარმა პირდაპირ გამოაცხადა: საქართველოს ევროკავშირისგან ოცნების ხელისუფლება აშორებს!
ამასობაში, საქართველოს პარლამენტში ევროკავშირის დროშებით გაფორმებულ მაგიდებთან მიმსხდარი ოცნების ლიდერები კვლავ თავგამოდებით გვარწმუნებენ, რომ ნამდვილი ევროპელები თავად არიან და ქვეყანა ევროპისკენ მიჰყავთ. ოლიგარქის მარიონეტები პოლიტიკური უტიფრობის კიდევ უფრო მაღალ სიმაღლეებს იპყრობენ და ანტიდასავლურ ნაბიჯებსა და პროპაგანდას ქვეყნის ომისგან გადარჩენისა და სამშვიდობოს გაყვანის საჭიროებებით ამართლებენ. როდესაც ეს მოხდება, მათივე მტკიცებით, ე.წ. გლობალური ომის პარტია მათ ხელს ვეღარ შეუშლის და ამერიკასთანაც და ევროკავშირთანაც ისე დაალაგებენ ურთიერთობას, რომ 2030 წლისთვის ევროკავშირში შესვლას უკრაინასა და მოლდოვასაც კი შევასწრებთ.
არადა შემდეგი 5 წლის განმავლობაში ევროკავშირს კვლავაც ოცნების მხრიდან გლობალური ომის პარტიად მონათლული კოალიცია უხელმძღვანელებს, ხოლო საკვანძო თანამდებობებს ევროპარლამენტის არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური ძალები: ევროპის სახალხო პარტია, სოციალისტები და ლიბერალები გადაინაწილებენ. უკვე დანამდვილებით ვიცით რომ ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტს შეინარჩუნებს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თანამდებობაზე შარლ მიშელს პორტუგალიელი სოციალისტი ანტონიუ კოშტა ჩაანაცვლებს, ხოლო ჟოზეფ ბორელის საგარეო და უსაფრთხოების უმაღლესი კომისრის პორტფელს ესტონელი ლიბერალი, კაია კალასი ჩაიბარებს. ოცნების ერთადერთი და ისიც უკვე განაწყენებული მოკავშირე ოლივერ ვარჰეი კი გაფართოების კომისრის თანამდებობას დაემშვიდობება.
დავუშვათ და “ჯერ გადარჩენა,მერე ევროპა” ნარატივი გადავყლაპეთ, თვალი დავხუჭეთ მტერი სახელმწიფოს სპეც-სამსახურებთან ოცნების თანამშრომლობაზე, ქვეყნის რუსული მოდელით მართვაზე, ანტიდასავლურ პროპაგანდისტულ გზავნილებზე, მედიის დევნაზე, ოპოზიციის ლიდერებისა და სამოქალაქო აქტივისტების სასტიკად ცემასა და რეპრესიებზე, დავუშვათ სულელები ვართ, ან მხოლოდ იმედსა და პოსტივის ვუყურებთ და ვერ ვამჩნევთ, თუ როგორ მიზანმიმართულად ამყარებს ივანიშვილი საქართველოში პუტინისტურ რეჟიმს, ამ შემთხვევაშიც კი, სრული სიბეცე იქნება იმის დაჯერება, რომ რასაც დღეს ქართული ოცნება აკეთებს, ომის თავიდან აცილებას და გეოპოლიტიკური საფრთხეებიდან ქვეყნის დაცვას ემსახურება და აი რატომ:
უკრაინას რომ ცოტა ხსნით თავი დავანებოთ, ევროკავშირმა გუშინ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკება გახსნა მოლდოვასთან. ქვეყანასთან, რომელიც ჩვენზე გაცილებით მოწყვლადი, გეოგრაფიულად ომის თეატრთან ახლოს მდებარე, დაუცველი და მოსახლეობის განწყობების გათვალისწინებით პრობლემატური სახელმწიფოა. მოლდოვაში, რომელსაც, ფაქტობრივად, ჯარი არ ჰყავს, პრორუსული და პროევროპული განწყობები სულ ცოტა ხნის წინ თითქმის თანაბარი იყო. თუმცა, პრეზიდენტმა სანდუმ პროცესი ისე მართა, რომ არც დასავლეთი გამოუცხადებია მტრად და არც უკრაინასთან შეურცხვენია თავი, მშვიდობაც შეინარჩუნა, ქვეყანაში რუსული გავლენებიც შეამცირა, საზოგადოებრივი განწყობები ევროპის სასარგებლოდ შეცვალა და რაც მთავარია, ვაშინგტონისა და ბრიუსელის აქტიური თანადგომით ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნას მიაღწია, რითაც ქვეყანა განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე გადაიყვანა.
მოლდოვის მაგალითი ცხადი დასტურია იმისა, რომ თურმე შესაძლებელი ყოფილა მეორე ფრონტის გახსნის და სთვის კოჭის გაგორების გარეშე, დასავლეთთან აქტიური პარტნიორობით და არა მტრად გამოცხადებით – მშვიდობის შენარჩუნებაც და ევროპულ გზაზე წარმატების მიღწევაც. აქედან გამომდინარე, ისიც ცხადია რომ ივანიშვილის ამოცანა სულაც არ არის და არც ყოფილა ევროკავშირისკენ სვლა მშვიდობის შენარჩუნებით, რასაც ოცნება გვიმტკიცებს, არამედ სწრაფი სვლა ჩრდილოეთისკენ ქვეყნის რუსული ტიპის ავტოკრატიად გადაქცევით, რაც არც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, არც ხალხის კეთილდღეობას, არც საქართველოს უსაფრთხოებას და მითუმეტეს არც მშვიდობას ემსახურება.
ჩვენი მთავარი პრობლემა კი ამ ეტაპზე ევროინტეგრაციის შეჩერება კი არა არის, რაც ბუნებრივია დასანანი, თუმცა გამოსწორებადია, არამედ ის კატასტროფული ტრაექტორია, რომლითაც ქვეყანა მოსკოვის ვასალად ქცეული, აზიური დიქტატურის მოდელის სახელმწიფოდ ჩამოყალიბებისკენ მიექანება, სადაც ერთი სოციოპათი შეუზღუდავ ძალაუფლებას სამუდამოდ ინარჩუნებს, მისი გარემოცვა უკიდეგანოდ მდიდრდება, ხალხი ღარიბდება, ხოლო ქვეყანა ხდება ყველაზე არაპროგნოზირებადი და საფრთხეების შემცველი ნაცრისფერი სივრცის ნაწილი სადაც მშვიდობა არასოდეს იქნება.
მოკლედ, არჩევანი ასეთია: ოცნების გარეშე მშვიდობით ევროკავშირში, თუ ოცნებით – მშვიდობით ევროკავშირო?!