“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის სასამართლო პროცესი 16 ივნისს, 10:00 საათზე ჩაინიშნა. სხდომა დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე გადაიდო – მიზეზი დარბაზში შექმნილი დაძაბული ვითარება გახდა, რომელიც პარალელურად მიმდინარე საბა სხვიტარიძის საქმის განხილვის დროს დაიწყო.
დერეფანში ხმაურის გამო სხდომა რამდენჯერმე შეწყდა, „ტვ პირველის“ ჟურნალისტს კი, რომელიც დროებით გამოვიდა, მანდატურებმა უკან დარბაზში დაბრუნების საშუალება ფიზიკური შეხებით არ მისცეს, რასაც ჟურნალისტების უკმაყოფილება და ხმაური მოჰყვა.
ვაშაძის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა, რომ მომხდარის შემდეგ მორალურად ვერ გააგრძელებდა სხდომაზე მონაწილეობას და დარბაზი დატოვა. პროცესის გადადებაზე მოსამართლემ თავდაპირველად უარი თქვა, თუმცა მას შემდეგ, რაც ვაშაძემ აღნიშნა, რომ ადვოკატის გარეშე სხდომაზე დარჩენას ვერ შეძლებდა, მოსამართლემ სხდომა გადადო და ბრალდების მხარეს დასკვნითი სიტყვისთვის მზადება დაავალა.
ვაშაძეს ბრალად ედება პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა (სსკ-ის 349-ე მუხლი), რაც ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან ჯარიმას ითვალისწინებს. მას უკვე შეფარდებული აქვს 50 000 ლარის გირაო.
