„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ კამპანიას ოპოზიციამ ერთიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა უნდა დაუპირისპიროს.
როგორც მან ჟურნალისტებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა, ამ ეტაპზე, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, პარტიებს შორის, მეტი ერთიანობა და მეტი კონსოლიდაცია.
„ვართ ახალ ეტაპზე. ამ ეტაპზე, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია მეტი ერთიანობა, მეტი კონსოლიდაცია, მეტი საერთო სამოქმედო გეგმა. საერთაშორისო ასპარეზზე, სადაც ჩვენ ერთიან პოზიციას ვაფიქსირებთ, გვაქვს სერიოზული შედეგები. ახლა ჩვენ გვჭირდება, რომ იმ არაადეკვატურ ინიციატივებს, რაც მხოლოდ და მხოლოდ ხალხის დაშინებისა და დასუსტებისკენ მიმავალი „ქართული ოცნების“ ძალის დემონსტრირებისთვისაა გამიზნული და მეტი არაფერი, დავუპირისპიროთ ერთიანობა, ერთად დგომა, რასაც ხალხი ითხოვს. ეს ნიშნავს ერთიან შტაბს, ერთიან მოქმედებას, ერთიან საინფორმაციო სტრატეგიას. ჩვენ ვართ საინფორმაციო ომის პირობებში, რომელსაც „ქართული ოცნება“ აწარმოებს. ამას ჩვენ უნდა დავუპირისპიროთ ერთიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. ეს არის ჩემი პოზიცია და ამაზე მექნება საუბარი. [ქართული ოცნების] ყველა ნაბიჯები იდგმება ერთადერთი მიზნის გამო, რომ თავისი მყიფე ერთიანობა განიმტკიცონ და ჩვენ დაგვასუსტონ, დაგვაფიქრონ, ბევრნი ვართ თუ არა. ამას უნდა დავუპირისპიროთ ერთიანობა. ჩვენი ერთიანი მყარი პოზიცია გადატეხს საბოლოოდ ამ პროცესს. რატომ აკეთებს ამდენ სიგიჟეს ერთდროულად? – იმიტომ, რომ სისუსტისკენ მიდის და და ამ სიგიჟეებით უნდა იმის დემონსტრირება, ვითომ ძლიერია, არადა სუსტია, სუსტდება დღითი დღე. იმისთვის, რომ საბოლოოდ გადავტეხოთ, რა არის ჩვენი მიზანი? – შიგნიდან ჩამოვშალოთ ეს ძალმომრეობითი სისტემა“,- განაცხადა ვაშაძემ.
