გიორგი ვაშაძე – პოლიციელებო, გთხოვთ გადახვიდეთ ტროტუარზე, ნუ კეტავთ გზას, მოქალაქეებს გადაადგილებაში პრობლემას ნუ უქმნით – თუ რამეს აპროტესტებთ, გააპროტესტეთ ტროტუარზე, არ შეიძლება ქალაქის პარალიზება!

პოლიციელებო, გთხოვთ გადახვიდეთ ტროტუარზე, ნუ კეტავთ გზას! მოქალაქეებს გადაადგილების პროცესში პრობლემას ნუ უქმნით – თუ რამეს აპროტესტებთ, გააპროტესტეთ ტროტუარზე – არ შეიძლება ქალაქის პარალიზება! – ასე მიმართა „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მ მელიქიშვილის გამზირზე მყოფ სამართალდამცავებს.
როგორც ვაშაძემ მიმართვისას აღნიშნა, გამზირზე მყოფი პოლიციელთა რაოდენობა, მათ მიერ „გამოხატული პროტესტის ფორმას არ შეესაბამება“.
„რატომ კეტავთ გზას? გზა რატომ გაქვთ დაკეტილი, შეგიძლიათ გვითხრათ? თქვენი რაოდენობა არ შეესაბამება თქვენ მიერ გამოხატული პროტესტის ფორმას. თქვენ ახლა პროტესტს გამოხატავთ, მელიქიშვილი გაქვთ დაკეტილი და გეკითხებით – რატომ გაქვთ დაკეტილი? ვინ გაიძულათ, რომ დაკეტოთ? თუ შეიძლება გადადით ტროტუარზე და თუ რამეს აპროტესტებთ, გააპროტესტეთ ტროტუარზე. აქ გზას ტყუილად ნუ კეტავთ. ხომ ემხრობით, რომ გადავიდნენ [ტროტუარზე]? პოლიციელებო, გთხოვთ გადახვიდეთ ტროტუარზე, ნუ კეტავთ გზას! მოქალაქეებს გადაადგილების პროცესში პრობლემას ნუ უქმნით. არ შეიძლება ქალაქის პარალიზება! მინდა, ჟურნალისტებმა დააფიქსირონ, როგორ უკეტავენ პოლიციელები მოქალაქეებს გზას, როგორ აქვთ დაკეტილი მელიქიშვილის გამზირი”,- აღნიშნა ვაშაძემ.
ამასთან, როგორც ვაშაძემ განაცხადა, თუ პოლიციელები რამეს აპროტესტებენ, მოქალაქეები მათ ხელს არ შეუშლიან და არც დაშლიან.
„თქვენ ახლა უნდა გადახვიდეთ ტროტუარზე ან თუ გნებავთ, შეგიძლიათ შეეფაროთ ყოფილი სასტუმრო -„საქართველოს“ გადმოხურულ ფანჩატურს. მართლა, რატომ დგახართ? გზა რატომ დაკეტეთ? ვინმე მიპასუხებს? პოლიციელთა მხრიდან ვინმემ შეიძლება გვიპასუხოს, რატომ გაქვთ დაკეტილი ეს გზა? რა ხდება, კაცო, ხმა მაინც ამოიღეთ! ჩვენ რომ ვაპროტესტებთ, ვამბობთ ხოლმე რას ვაპროტესტებთ და თქვენ რას აპროტესტებთ? ხომ უნდა თქვათ, რას აკეთებთ? რატომ დგახართ? როგორც თქვენი უფროსები მოკალათდნენ მანქანებში, მაშინ თქვენც ჩასხედით მანქანებში, რატომ იყინავთ თავს?
თუ რამე გაქვთ სათქმელი ხალხისთვის, თუ რამე პროტესტს გამოხატავთ, ჩვენ ხელს არ შეგიშლით, არც დაგშლით, არც არაფერი. ილაპარაკეთ, მაგრამ იქნებ ჩვენ გაგვატაროთ მელიქიშვილზე. რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ? თქვენ თავად ხომ ხვდებით, რომ აბსურდულ სიტუაციაში გაგდებენ თქვენი ხელმძღვანელები?“,- განაცხადა ვაშაძემ.