გიორგი ვაშაძე – ნებისმიერ დიდ აქციას სჭირდება მეთაურები – უთავო მხედრით ვერ მიაღწევ გამარჯვებას

ელჩებთან საუბარი გვქონდა იმაზე, რომ ყველა დაფინანსება შეწყვეტილია, ეს კიდევ უფრო დამძიმდება და ჩვენ ვთხოვეთ, რომ ხალხის ინტერესები ნებისმიერ გადაწყვეტილებაში იყოს გათვალისწინებული, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა მ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ „წინააღმდეგობის პლატფორმისა“ და დიპლომატიური კორპუსის შეხვედრასთან დაკავშირებით საუბრის დროს განაცხადა.
როგორც ვაშაძემ აღნიშნა, სანქციების პოლიტიკა კარგად მუშაობს და „ქართული ოცნების” წარმომადგენლებს ამის გამო სერიოზული პრობლემები აქვთ.
„ფაქტია, სანქციები ძალიან სერიოზულად მუშაობს და მათი ყოფილი თუ ამჟამინდელი თანაგუნდელები ძალიან სერიოზულად წუწუნებენ სასანქციო პოლიტიკის პრობლემებზე და იმ დიდ თავის ტკივილზე, რაც მათ აქვთ.
ამ ღრმა პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი, რომელიც მათთვისაც უკვე სერიოზული თავის ტკივილია, არის მხოლოდ და მხოლოდ . რანაირად არ შეიცვალა რიტორიკა, გამოდიან და ტირიან სანქციებზე, მათი ოჯახის წევრები წუწუნებენ და ტირიან, დიპლომატიური პასპორტებით ვეღარსად ვეღარ დადიან, ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა მოვემზადოთ (ახალი არჩევნებისთვის) და ამ „წინააღმდეგობის პლატფორმის” ერთ-ერთი ამოცანა არის, რომ ჩვენ ვისწავლოთ კოალიციური თანამშრომლობა.
მთავარია, რომ ძირითადი ღერძი აწყობილია ამ კოორდინაციის და ჩვენს პარტნიორებს სწორედ ეს ვუთხარით.
დღევანდელ შეხვედრაზე მთავარი საკითხი იყო, რომ ჩვენ წარვუდგინეთ „წინააღმდეგობის პლატფორმა“, რომელიც ძალიან კარგად მიიღეს, მათ ჰქონდათ კონკრეტული კითხვები, თუ რა საქმიანობას ვეწევით, როგორ ვუყურებთ ხვალინდელ და ზეგინდელ დღეს, რა სამუშაოებს ვატარებთ და ა.შ. გვკითხეს, მზად ვართ თუ არა არჩევნებისთვის, ხვალ რომ დაინიშნოს, რამდენად მზად ვართ ამისთვის. ჩვენ, რა თქმა უნდა ვუთხარით, რომ ეს პლატფორმა არის იმისთვის, რომ მათ შორის, მოვემზადოთ საპარლამენტო არჩევნებისთვის”, – განაცხადა ვაშაძემ.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, პროტესტს ლიდერი სჭირდება, რადგან პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა პოლიტიკოსის გარეშე უთავო მხედრით ბრძოლას ჰგავს.
„ნებისმიერ დიდ აქციას სჭირდება მეთაურები – ადამიანები, რომლებსაც აქვთ ნდობა, ნდობის მანდატი ამ აქციაზე მოსული დიდძალი რაოდენობის ადამიანებისგან, რათა ეს ენერგია მიმართო გამარჯვებისკენ. თუ ასე არ არის, მაშინ იფანტება ხოლმე ეს ენერგია. მე ვფიქრობ, ერთ-ერთი მთავარი საკითხი – „პოლიტიკოსები არ გვინდა, არ გვჭირდება” – მოკვდა ეს საკითხი იმიტომ, რომ ყველა აქტიური ადამიანი ხედავს, რომ პოლიტიკური პროცესის გარეშე, კონკრეტული პროტესტისა და აქციის შედეგზე გაყვანა არის შეუძლებელი. ამ ყველაფრის კონსოლიდაცია ერთ დიდ გამარჯვების საქმეში უნდა მოახდინონ პოლიტიკოსებმა იმიტომ, რომ, საბოლოო ჯამში, პოლიტიკაა, პოლიტიკური კრიზისი გვაქვს ჩვენ საქართველოში. ღრმა პოლიტიკური კრიზისი არის იმის გამო, რომ რუსი ივანიშვილის პარტიამ გააყალბა არჩევნები, გადაწერა შედეგები და მერე გამოაცხადა, აღარ მივდივარ ევროპისკენო, იღებს რუსული ყაიდის კანონებს, ამიტომ, ამას მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური პროცესი დაუპირისპირდება. უთავო მხედრით ვერ მიაღწევ გამარჯვებას”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.