„ქართულ ოცნებას“ უნდა, მარტო ვიყოთ, მაგრამ მარტო ვერ დაგვტოვებს, ვიდრე ასეთი პროტესტია, ვიდრე ხალხი ფეხზე დგას, მარტო ჩვენ ვერავინ დაგვტოვებს, თუ გავჩერდებით, მერე უკვე პრობლემებიც ბევრი გვექნება , – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „ინტერპრესნიუსს“ „თავისუფლების მსვლელობის“ მიმდინარეობისას განუცხადა.
როგორც ვაშაძე განმარტავს, ხალხმა საბოლოო გამარჯვების მიღწევამდე უნდა იბრძოლოს.
„ძალიან მნიშვნელოვანია და კარგია, რომ სხვადასხვა წერტილებში, სხვადასხვა დროს აქციები იმართებოდეს. ჩვენ ერთი რამ უნდა გავიგოთ, წინააღმდეგობის მუხტი არსად წასულა, პირიქით, უფრო და უფრო მეტი ადამიანია უკმაყოფილო, დღეს ქვეყანაში უმძიმესი პოლიტიკური კრიზისია, რომელსაც სახელად „ქართული ოცნება“ და ივანიშვილი ჰქვია, ვიდრე მათ არ მოვაშორებთ, კრიზისი არ დასრულდება. ჩვენ ვართ მეტი, უმრავლესობა და უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ საბოლოო გამარჯვებას მივაღწიოთ“, – განაცხადა ვაშაძემ.
ის ასევე გამოეხმაურა აშშ-ში ვიცე-პრემიერის ლევან დავითაშვილის ვიზიტს.
„მთავარი ის კი არ არის, რა შეხვედრა ჰქონდა, მთავარია, რა უთხრეს. დარწმუნებული ვარ, იქაც ძალიან მკაფიოდ გაიგო, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი ახალი არჩევნებით უნდა გადაწყდეს, სხვა გზა არ არსებობს, მაგრამ ჩვენ ცოტა უფრო რთული ამოცანა გვაქვს, ვინ ჩაატარებს ამ ახალ არჩევნებს, თორემ ახალი არჩევნები რომ იქნება, ამაზე ორი აზრი არ არსებობს“, – განაცხადა ვაშაძემ.
ვაშაძე აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარის, კონგრესმენ ჯო უილსონის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელმაც X-ის საკუთარ გვერდზე დაწერა „სანქციები და ახალი არჩევნები“.
„ხალხის პროტესტთან, ოპოზიციის ერთიანობასთან ერთად, თუ რამე აიძულებს მათ, რომ უკან დაიხიონ, ეს ჩვენი მძლავრი პარტნიორების, ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციაა. ჩვენ რა გვინდა – საქართველო იყოს ძლიერ ევროპასთან, ძლიერ ამერიკასთან დაცული, „ქართულ ოცნებას“ უნდა, მარტო ვიყოთ, მაგრამ მარტო ვერ დაგვტოვებს, ვიდე ასეთი პროტესტია, ვიდრე ხალხი ფეხზე დგას, მარტო ჩვენ ვერავინ დაგვტოვებს, თუ გავჩერდებით, მერე უკვე პრობლემებიც ბევრი გვექნება“, – განაცხადა ვაშაძემ.
