ლაშა გაბიტაშვილზე განხორციელებული მხეცური თავდასხმა არის პირდაპირი შედეგი იმ მუქარისა, რომელიც გაბიტაშვილს აბუ-დაბიში გაუჟღერეს, რომ საქართველოში დაბრუნების შემდეგ „დაისჯებოდა“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ძალადობა და ტერორი არის მოქალაქეების დაშინების მცდელობა.
„ნიღბიანი პირების მიერ განხორციელებული თავდასხმა არის ხელისუფლების მიერ სისტემური ძალადობის მორიგი აქტი საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რეჟიმი საკუთარ მოქალაქეებზე ძალადობით ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას. ყველას კარგად გვესმის, რომ ძალადობა და ტერორი არის მოქალაქეების დაშინების მცდელობა. ხელისუფლება იყენებს ყველა ძალადობრივ გზას, რომ ქვეყანაში ბოლომდე ჩაახშოს პროტესტის ხმა.
სინამდვილეში, რეჟიმის ეს ქმედებები არ მუშაობს და ამის დასტურია 76 დღიანი უწყვეტი პროტესტი. რეჟიმის ამ უსუსური ქმედებით არც ლაშა გატყდება და არც პროტესტი შემცირდება! – აცხადებს გიორგი ვაშაძე.
ცნობისთვის, ლაშა გაბიტაშვილი, რომელსაც აბუ – დაბიში „ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე და გელა სამხარაული ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, აცხადებს, რომ ქუჩაში თავს სამი ნიღბიანი პირი დაესხა. სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გაბიტაშვილმა ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც სახეზე დაზიანებები აღენიშნება. გაბიტაშვილის თქმით, ნიღბიანები მას მაშინ გაუსწორდნენ, როდესაც გარეთ ძაღლს ასეირნებდა.
