სიმართლე ჩვენ მხარესაა, დღედაღამ მოგვიწევს მუშაობა იმისთვის, რომ ამ ბნელ ძალას გამოვტაცოთ სამშობლო და დავუბრუნოთ ხალხს, რამდენი საქმე გვაქვს საკეთებელი, სად გვცალია ამ ზიზღის რიტორიკისთვის?! – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „გამარჯვების კოალიციის“ ღონისძიებაზე განაცხადა, რითაც შალვა პაპუაშვილის დღევანდელ მოხსენებას გამოეხმაურა.
ვაშაძის განცხადებითვე, „ბევრი იქნება სამუშაო, რათა ქვეყანა ივანიშვილისგან გათავისუფლდეს და განვითარების სწორ გზაზე დადგეს“.
მისივე თქმით, „გამარჯვების კოალიციას“ შეუძლია ევროპული და ამერიკული ინვესტიციების მოზიდვა, ღირსეული სამუშაო ადგილების შექმნა, პენსიონერების მაღალპროცენტიანი სესხებისგან გათავისუფლება და ხალხის რეალურ სატკივარზე ზრუნვა.
„ჩვენ შემოვიტანთ ევროპულ და ამერიკულ ინვესტიციებს, ჩვენ შევქმნით მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს, ჩვენ პენსიონერებს აუცილებლად ჩამოვაწერთ იმ საპენსიო სესხებს, რომელიც მათ აქვთ. ჩვენ პარლამენტს მართლაც მოვიყვანთ ხალხის სამსახურში, პარლამენტი უნდა იყოს ქვაკუთხედი, რომელიც ხალხზე ფიქრობს, იმ კანონებს იღებს, რომელიც სამუშაო ადგილებს ქმნის. პარლამენტი უნდა იყოს ადგილი, სადაც კამათია, ვინ უკეთესს გააკეთებს. პარლამენტი დემოკრატიულ წყობილებაში უნდა ემსახურებოდეს ხალხს და ამის პირობას გაძლევთ თქვენ, რომ შემდგომი მოწვევის პარლამენტში, ადამიანი, მისი პრობლემები, მისი გაჭირვება მთავარი იქნება. სიმართლე ჩვენ მხარესაა, დღე და ღამე მოგვიწევს მუშაობა იმისთვის, რომ ამ ბნელ ძალას გამოვტაცოთ სამშობლო და დავუბრუნოთ ხალხს. ხალხმა გაიმარჯვა გასულ წელს, როცა ჩვენ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, ხალხი იმარჯვებს აუცილებლად ამ არჩევნებში და დავიწყებთ დიდ აღმშენებლობას. რამდენი საქმე გვაქვს საკეთებელი, სად გვცალია ამ ზიზღის რიტორიკისთვის?! სად გვცალია პაპუაშვილებისთვის, კობახიძეებისთვის, ივანიშვილებისთვის?! ჩვენ გვცალია ჩვენი სამშობლოსთვის, ქართველი ხალხისთვის. მართლაც გულით გვინდა, რომ უამრავი პროექტი გავაკეთოთ, გუშინ გამოხტა იმედის მფლობელი რუხაძე და თავს დაესხა ყველას და განსაკუთრებით მე, რატომ?! – იმიტომ, რომ დიახ, ვამბობ, რომ რუხაძე არის თაღლითი, რომელიც „ლიბერთი ბანკით“ ძარცვავს პენსიონერებს. ამ თაღლითებს არავითარ შემთხვევაში არ ექნებათ პენსიონერების ძარცვის შესაძლებლობა, აღარ იქნება ისე, რომ მდიდარი უფრო გამდიდრდეს და ღარიბი უფრო გაღარიბდეს, დღეს ხომ ეს მოიტანა ივანიშვილმა, ელიტა ზემდიდარი, ხალხი უკიდურესად ღარიბი, ეს არის ივანიშვილი და მისი პარტია.
ჩვენ ხალხის სამსახურში, ხალხი, ადამიანი, ოჯახი, ახალგაზრდა, უფროსი, ქალი, კაცი, ყოველდღე, პირობას გაძლევთ, ჩვენი გამარჯვების შემდგომ, ყოველდღე, ჩვენი მოქალაქე იგრძნობს, რომ ქვეყანა წინ მიდის, ეს მის ჯიბეზე აისახება, ყოველ შემდგომ დღეს მაცივარს რომ გამოაღებს ადამიანი, უფრო და უფრო სავსე იქნება ეს მაცივარი, მეტი და მეტი იქნება შემოსავალი. დაგვცინიან, რომ თურმე ჩვენ გვინდა ქარხნებისა და საწარმოების გახსნა, როგორ შეიძლება საოკუპაციო ზოლთან რაიმეს გახსნაო. მე გაგახსენებთ, ასე ამბობდნენ ანაკლიაზეც, მიშას რაზე აკრიტიკებდნენ? როგორ შეიძლება ანაკლიაში პორტის მშენებლობაო, დღემდე იქ 5-ვარსკვლავიანი სასტუმროებია. ქვა-ქვაზე არ გაუგრძელებია ივანიშვილს. დიახ, შესაძლებელია, როცა შენი ქვეყანა და ხალხი გიყვარს, როცა გტკივა ის გასაჭირი, რაც ხალხს აქვს, რა თქმა უნდა, ყველაფერი შეგვიძლია და ყველაფერი გამოგვივა აუცილებლად. თქვენი იმედი გვაქვს, ჩვენი იმედი აქვს საქართველოს და ჩვენი ერთიანობით უნდა გავიმარჯვოთ, წინ დიდი გამარჯვებისკენ, ეს არის მთავარი ამოცანა“,- განაცხადა ვაშაძემ, რომლის სიტყვასაც პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ პრესსამსახური ავრცელებს.