„ქართულ ოცნებას“ არსად არავინ დაპატიჟებს, სანამ ახალი არჩევნები არ ჩატარდება, – ამის შესახებ „სტრატეგია – აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც ეხმაურება ინფორმაციას,რომ საქართველო 2025 წელს არც დავოსის ეკონომიკურ ფორუმში და არც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობას არ მიიღებს.
ვაშაძის შეფასებით, „ქართულ ოცნებას“ არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური სამყარო არ ცნობს, რაც არის მისი არალეგიტიმურობის დასტური.
„ეს არის კიდევ ერთი დასტური მათი არალეგიტიმურობის. არალეგიტიმურ მთავრობებს, რომლებიც ხალხის ნებას არ გამოხატავენ, დავოსში არავინ ელოდება და არც ერთ ინვესტორს მათთან საუბარი არ უნდა, ამიტომ არის, რომ კობახიძეს არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური სამყარო არ ცნობს. ეს არის არალეგიტიმურობის დასტური, რომ კობახიძე არის არალეგიტიმური, „ქართული ოცნება” არის არალეგიტიმური და მათ არსად არავინ დაპატიჟებს, სანამ ახალი არჩევნები არ ჩატარდება“,- განაცხადა ვაშაძემ.
ამასთან, ვაშაძემ მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენლებისა და პოლიტიკური პარტიების შეხვედრაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილს მისცეს მანდატი იმისთვის,რომ მან საერთო პოზიცია წარმოადგინოს.
მისივე თქმით, ქვეყანაში სიტუაციის ნორმალიზება მხოლოდ ახალი არჩევნებით არის შესაძლებელი.
„მზად ვართ ახალი არჩევნებისთვის, რაც არის ქაოსისა და იმ დაპირისპირების თავიდან არიდების ერთადერთი გზა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ მოიტანა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალ გარემოში ჩატარდეს არჩევნები, საუბარია, როგორც ძალოვანი უწყებების დეპოლიტიზირებაზე და ერთი პარტიის წნეხისგან განთავისუფლებაზე. ამ ყველაფერთან დაკავშირებით ჩვენ მკაფიო ხედვა და გვაქვს და შეჯერებულები ვართ. სწორედ ამ პაკეტით ჩავა სალომე ზურაბიშვილი აშშ-ში. რა თქმა უნდა, პოლიტპატიმრების თემა არის მნიშვნელოვანი თემაა. საბოლოო ჯამში, ჩვენ მასთან ერთად გამოვხატავთ მზაობას იმისათვის, რომ საქართველოში მოხდეს სიტუაციის ნორმალიზება , რაც მხოლოდ ახალი არჩევნებით არის შესაძლებელი“, – განაცხადა ვაშაძემ.