საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ უსაფრთხოების საკითხების მკვლევარს, გიორგი გობრონიძეს ესაუბრა.
– ბატონო გიორგი, ფაქტია, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ, საქართველოში ახალი რეალობა გვაქვს როგორც საგარეო ისე საშინაო პოლიტიკაში.
მოდით საუბარი საგარეო საკითხებით დავიწყოთ. კანონის მიღებამდე დასავლეთსა და ამერიკაში არ დარჩენილა გადაწყვეტილებების მიმღები პირი, ვინც არ მოგვიწოდა არ მიგვეღო ეს კანონი, მაგრამ ჩვენ მაინც მივიღეთ. შედეგი ასეთი გაქვს – ქვეყანა დარჩა ევროკავშირში ინტეგრაციული პროცესების გარეშე. გარდა ამისა, ამერიკელი პარტნიორები გაკვირვებულიც არიან.
მას შემდეგ, რაც ეს კანონი მივიღეთ, საგარეო პოლიტიკაში რა ვითარება და როგორი რეალობა გვაქვს?
– ამ კითხვაზე პასუხს დავიწყებ ცოტა შორიდან გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ კომპლექსში უნდა დავინახოთ ის პროცესი, რომელშიც ვართ.
საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებიდან დისტანცირება და საგარეო პოლიტიკური კურსის რევერსია ამ კანონის მიღებით არ დაწყებულა, იგი გაცილებით ადრე დაიწყო. ყველაზე საინტერესო რეალობა ისაა, რომ შავი ზღვის რეგიონში ჩვენი საკმაოდ დიდი ძალისხმევითა და შემდეგ უკვე მათი სურვილითაც გამოჩნდა ძალიან მსხვილი მოთამაშე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა და ჩვენი მხრიდან მულტიკულური პოლიტიკის ნიშნები.
არ ვთვლი, რომ საქართველოს აპრიორი აღებული აქვს კურსი ჩრდილოეთისკენ, რადგან გრძელვადიან პერსპექტივები თბილისის პეკინთან დაახლოება მოსკოვისთვისაც მიუღებელია. საქართველომ რეგიონში შემოიყვანა ძალიან ძლიერი მოთამაშე, რამაც გამოიწვია სერიოზული შეშფოთება როგორც მოსკოვში, ისე ვაშინგტონში.
ამერიკისთვის ჩინეთი არის ნომერ პირველი გლობალური გამოწვევა, ხოლო მოსკოვი კარგად აცნობიერებს, რომ უკრაინაში მისი ჩართულობის ფონზე რუსეთის პოზიციები სამხრეთ კავკასიაში ჩინეთის გამოჩენა სასიამოვნო არაა. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის ამ რეგიონში ყოფნა ისეთი მძლავრი არ არის, როგორც ცენტრალური აზიის ქვეყნებში, მაგრამ, სამხრეთ კავკასიაში პოზიციების გაძლიერებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს რუსეთისთვის მიუღებელი ცვლილებები.
სამხრეთ კავკასიაში პოზიციების გაძლიერებით ჩინეთი ახდენს მსოფლიო ბაზარზე წვდომის დივერსიფიკაციას, ამცირებს ამ რეგიონის რუსეთზე დამოკიდებულებას, ხოლო რუსეთს ჩინეთზე დამოკიდებულებას კიდევ უფრო გაზრდის. გარდა ამისა, უნდა ითქვას, რომ ჩინეთის ტერიტორიული პრეტენზიები რუსეთის მიმართ არსად არ გამქრალა, რუსეთის აზიურ ნაწილში ჩინეთის ექსპანსია ძალიან მაღალია. ჩინეთთან მიმართებაში რუსეთის მდგომარეობა სულ უფრო მძიმდება, თუ საქართველოს გავლით დერეფანი ამოქმედდება, მათ შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაფუჭდება. სამხრეთ კავკასიაში და პერსპექტივაში ჩინეთის გამოჩენამ ამერიკაში გამოიწვია იმაზე დიდი შეშფოთება, ვიდრე შესაძლოა, ნორმალურ შემთხვევაში გამოეწვია, რადგან ეს პროცესები ბრიუსელისთვის და ვაშინგტონისთვის მიუღებელი კანონის მიღების პარალელურად განვითარდა.
საქართველოს ჩინეთთან დაახლოება იწყება 2016 წლიდან, იმ პერიოდიდან საქართველო ხდება არა ერთი პროექტის დამფუძნებელი წევრი, რომელშიც ჩინეთი მონაწილეობს. ლოგიკური გაგრძელება იყო სტრატეგიული პარტნიორობა, უვიზო-მიმოსვლა. ბოლო ორი წელია მიდის საუბრები იმაზე, რომ ანაკლიის პორტს ჩინური კონსორციუმი ააშენებს. ჯერ იყო საუბარი სინგაპურულ კომპანიაზე, რომლის უკან რეალურად ჩინეთი იდგა.
საინტერესო ნიუანსია ის, რომ რაც ხდებოდა კანონის მიღებასთან დაკავშირებით რუსეთში. ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რომ მე ვარ რუსი და მინდა რომ საქართველოში ის კანონი გავიდეს, რაზეც ახალგაზრდობა და ოპოზიცია აპროტესტებს. ჩანს, რომ მოსკოვი ამ კანონის მიღების მხარდამჭერია, მაგრამ ამას როდის და რა ფორმით აკეთებს? მაშინ როდესაც ქუჩაში საპროტესტო მუხტი ოდნავ მოიკლებს და ხალხი არ გამოდის. პარალელურ რეჟიმში ვხედავთ რუსეთში ყველაზე არაპოპულარული რუსების გამოსვლას საქართველოს თემაზე ამ კანონის მხარდასაჭერად.
შემთხვევითი არ ყოფილა ის, რომ ქუჩის პროტესტის პარალელურად გამოდის დუგინი, ადამიანი, რომელსაც რუსეთში, როგორ აზრის ლიდერს არ უსმენენ, მაგრამ, საქართველოში ის აღქმულია როგორც ერთ-ერთი არაპოპულარული რუსი, რომელიც საკმაოდ ექსპრესიული ფორმით უჭერს მხარს კანონის მიღებას.
რუსი პოლიტიკოსების განცხადებები საქართველოზე ემსახურება იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება დასავლეთისთვის გახდეს პრობლემური. რუსეთი დაინტერესებულია საქართველოში მოხდეს სამოქალაქო დაპირისპირება, ხელისუფლების ცვლილება, ან პოლიტიკური პროცესები გავიდეს მართვადი ჩარჩოებიდან იმდაგვარად, რომ საქართველო აღარ იყოს საინტერესო დასავლური პროექტების განხორციელებისთვის. შესაბამისად, აქ გვაქვს საკმაოდ საინტერესო თანხვედრა.
პრობლემა იმაშია, რომ არ ვიცი საქართველოს ხელისუფლება ამას სრულად აცნობიერებს თუ არა, მაგრამ მათი მოქმედებები და შეცდომები კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს, განსაკუთრებით რუსეთს, რომ ითამაშოს დესტრუქციული როლი ქართულ პოლიტიკაში, რასაც ის ბოლო წლებია თამაშობს.
თუნდაც, ის რიტორიკა, რომელიც მტრულია დასავლეთის მიმართ. განსაკუთრების ის ნაწილი, სადაც ისინი საუბრობენ ფანტასმაგორიულ საკითხებზე, „გლობალური ომის პარტიაზე“, ამბობენ, რომ მასონები მართავენ მსოფლიოს და ასე შემდეგ.
– ბრძანეთ სამხრეთ კავკასიაში და შავ ზღვაში რუსეთი შემოვიდაო. ჩინეთი უკრაინასთან ომში რუსეთს ეხმარება და ამ ფონზე უნდა ჩინეთს შავ ზღვაზე გასვლა. გვახსოვს შავ ზღვაში ამერიკელების გამოჩენაზე „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ივანიშვილს ნათქვამი – „რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში?
ეს ყველაფერი რატომ გავიხსენე – ჩინეთი სამხრეთ კავკასიაში მხოლოდ თავისი სურვილით და არა რუსეთთან შეთანხმებით შემოდის?
თუ ჩინეთი ომში დახმარებით რუსეთს აშოშმინებს და თან სამხრეთ კავკასიაში შემოდის და შავ ზღვაზე გადის?
– შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ქართული დიპლომატია არის იმდენად მოქნილი, რომ ისეთი დიდი სახელმწიფო, როგორც ჩინეთია დააინტერესოს სამხრეთ კავკასიის რეგიონში გამოჩენით. თუმცა, ჩვენი მხრიდან დაინტერესება შეინიშნებოდა. ჩინეთი, როგორც სტრატეგიული პარტნიორი ბევრად უფრო საინტერესოა საქართველოსთვის, ვიდრე მაგალითად აშშ და ევროკავშირი.
რაც არ უნდა მოხდეს, ჩინეთი საქართველოსგან მედია პლურალიზმს არ მოითხოვს. არც სამართლიან არჩევნებს არ მოითხოვს და არც დემოკრატიის სტანდარტებს. ჩინეთისთვის ავტორიტარული ხელისუფლება ხომ ისეთივე კომფორტულია, როგორც მაგალითად არშემდგარი სახელმწიფო. ჩვენ ხომ ვიცით თუ რა პოლიტიკას ატარებს ჩინეთი აფრიკის სახელმწიფოების მიმართ, სადაც ის ნომერ პირველი ინვესტორია.
საქართველოს ხელისუფლებას, რომელსაც აქვს ავტორიტარული ტენდენციები ჩინეთის ესმის, რომ ისინი ხელს არ შეუშლიან ქვეყნის შიგნით მათ ქმედებებს. თან ჩვენი ხელისუფლებისთვის ჩინეთი იქნებოდა რუსეთის დამაბალანსირებელი, რომ მოსკოვმა საქართველო მთლად არ გადაყლაპოს. შესაძლოა, ჩვენი მხრიდან იმაზეც არის გათვლა, რომ რუსეთი ღიად ვერ დაუპირისპირდება ქართულ-ჩინურ ურთიერთობას. ჩინეთთან დაახლოებით ვიღებთ მეტად ექსტრაორდინალურ სიტუაციას.
– ვთქვათ, ჩინური ტრანზიტით გვინდა ქვეყანა გამდიდრდეს და ხალხის ცხოვრების დონე გაიზარდოს.
ამაზეა გათვლა? მაგრამ, არაა გამორიცხული ამ ტვირთებში აღმოჩნდეს რუსული ტვირთები? ან ეს დერეფანი ნაწილობრივ მაინც არ აღმოჩნდეს მოსკოვს კონტროლს დაქვემდებარებული?
– რაც შეეხება რუსულ ტვირთებს, ეს გამოჩნდება მომავალში და დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორ დაალაგებენ ამ კომუნიკაციას. მთლიანობაში უკვე იწყება საუბრები სამხრეთ კავკასიაში გზების გახსნაზე. მხედველობაში მაქვს რუსებისა და თურქების თანამშრომლობა 3 +3 -ის ფორმატში.
როცა ჩინეთთან ეკონომიკურ თანამშრომლობაზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში საუბარია ეკონომიკურ სარგებელზე. გასაგებია, რომ მთავრობაზე შესუსტდება სამოქალაქო კონტროლი, მაგრამ, მნიშვნელოვანია ის, რომ ეს სარგებელი რა ფორმით შეიძლება იქცეს, სიმდიდრის ულიმიტო წყაროდ ზოგიერთი პოლიტიკოსისთვის. ვის რაზე აქვს გათვლა ჩვენ არ ვიცით.
თუ ჩინეთი საქართველოზე გაივლის და სარგებელი ვერ მივა ხალხამდე, გასაგებია ეს სარგებელი სადღაც წავა. ერთ-ერთი გათვლა ისიც არის, რომ ეს იქნება შემოსავლის კარგი წყარო. შესაძლოა, ნაწილი მოხმარდეს ქვეყანას და ხალხის კეთილდღეობას. ჩინეთს აქვს იმის პოტენციალი, როგორც საექსპერტო და ტურისტულ ბაზარს და ასე შემდეგ ჩაანაცვლოს ძალიან ბევრი სხვა სახელმწიფო. ჩვენი ეკონომიკა არ არის იმდენად დიდი და მოცულობითი, რომ მაგალითად, ძალიან ბევრ ბაზარზე ოპერირება სჭირდებოდეს იმისთვის, რომ მას ჰქონდეს მდგრადი განვითარება. ამ ფონზე არც ოფშორების კანონის მიღებას არ არის შემთხვევითი. თუ ჩვენ შევხედავთ დიდ სურათს, საბოლოო ჯამში დავინახავთ, რომ საქართველო ამზადებს იმ ტიპის რევერსიას დასავლეთიდან რომ უფრო მეტად გადაიქცეს სპეკულაციური და ცოტათი დაფარული ეკონომიკის ქვეყნად, რომელსაც ექნება სტრატეგიული ალიანსები უფრო მეტად აღმოსავლეთის ქვეყნებთან და პირველ რიგში ჩინეთთან.
საქართველოს ხელისუფლების მოლოდინები გადაჭარბებულია, რადგან, რაზეც ფიქრობს ხელისუფლება, ამას სჭირდება, კარგი ურთიერთობების შენარჩუნება დასავლეთთან. თუმცა, ვხედავთ, რომ საქართველოს ხელისუფლებას ამის გაკეთება უჭირს.
– ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ დემოკრატია ჭარბად გვაქვს, ახლა ეკონომიკაა გასაძლიერებელი და როგორც თქვენ ბრძანეთ, აქცენტი კეთდება „ცოტათი დაფარულ“ ეკონომიკაზე. თქვენი ნათქვამი სწორად გავიგე?
– ოფშორების კანონი რას ამბობს – ადამიანი პირდაპირ გვეუბნება, მოვლენ და გააკეთებენო. ეს ხომ ჩემი სიტყვები არაა, პარლამენტის საფინანსო- საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ მსგავსი რამ პირადად თქვა.
ოფშორებიდან ფულს გადმოიტანს, აქვს თავისი ლოგიკური ახსნა, იმიტომ რომ ბოლო პერიოდში ოფშორებში გაჩნდა კორპორაციული გადასახადი, ზოგ რეჟიმში 9% გახდა, ზოგ რეჟიმში 15%. იქ აღარ არის რენტაბელური მთელი რიგი ბიზნესების კეთება. ეს ოფშორები უფრო მეტად ემსგავსება თავისუფალ ზონებს დაბალი საგადასახადო რეჟიმით, ვიდრე ნამამდე ამ ოფშორებში იყო.
მესმის გათვლები რაზეა, ცდილობენ ნებისმიერი შესაძლებლობით მოიზიდონ ნებისმიერი წარმომავლობის ფული. ვთვლი, რომ აქ რუსული ფულის შემოდინების საფრთხე ნაკლებია, მიუხედავად სახელმწიფოს სურვილისა. ეს არ არის სახელმწიფოზე დამოკიდებული.
ერთია რა გვიწერია კანონებში, ხოლო მეორეა როგორი შიდა წესები აქვთ ბანკებს. იმ რისკების რეალიზება ვერ მოხდება, თუ ბანკები დარჩებიან სწორი საბანკო პოლიტიკის მიმდევრები და არ დაიწყებენ უცხოურ კაპიტალზე დახარბებას და არ შეარბილებენ კაპიტალის მიღების პირობებს.
მარტო ის არ მუშაობს, რომ საქართველოს კანონები შეცვალა და ოფშორიდან ფულის გადმოტანა ადვილია. კი ადვილია, მაგრამ, ეს თანხა ვიღაცამ უნდა მიიღოს ქვეყანაში და ვინ მიიღებს ქვეყანაში, თვითონ წყვეტთ რა წესებით და პირობებით მიიღებს.
შესაბამისად, იმაზე, რაზეც ხშირად საუბრობენ, რომ ქვეყანა ეკონომიკური რისკის ქვეშ აღმოჩნდება, ეს დამოკიდებული იქნება, რა პოლიტიკას აირჩევენ ბანკები. შესაძლებელია, ეს წესები ერთმა ან ორმა ბანკმა შეცვალოს, მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ბანკი აღმოჩნდეს ამგვარი სანქციების სამიზნე, რაზეც საუბრობენ.
ანუ, მთლიანად საბანკო სისტემა ასე ვერ დასანქცირდება. ასეთ შემთხვევაში მხოლოდ კონკრეტული ბანკები სანქცირებიდან.
– ევროკავშირთან ურთიერთობების გაუარესების საკითხებზე მინდოდა გვემსჯელა. ჩვენ ამ თემას აუცილებლად შევეხებით.
რადგან თქვენ ჩინეთის თემის სკრუპულოზურად განხილვა დაიწყეთ, ერთგვარად გამიადვილეთ კიდეც საქმე, რადგან ჩინეთის, ანაკლიასა და ოფშორების თემებზე მაინც მქონდა ჩანიშნული კითხვები.
თქვენ ბრძანეთ, – ჩინეთიდან გადადგმული ნაბიჯების შემდეგ, საქართველოს გაუჭირდება ევროპასთან და ამერიკასთან ურთიერთობების შენარჩუნება.
ასეა, რადგან ხელისუფლებამ ისეთი ნაბიჯები გადადგა, კიდევ საკითხავია, საერთოდ მას დარჩა თუ არა კიდევ ევროკავშირთან ურთიერთობებისთვის მანევრირების საშუალება.
ასე იმის გამო, რომ ჩვენ ევროპელი და ამერიკელ პარტნიორების მოწოდებები არაფრად ჩავაგდეთ და როგორც ისინი ამბობენ, ჩვენ „არადემოკრატიული და არა ევროპული კანონი მივიღეთ.“
ჩვენი საგარეო პოლიტიკა შეიცვალა და თან ისე, რომ ჩვენ ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან მანევრირების საშუალება აღარ დავიტოვეთ?
– საქართველომ სრულად მოახდინა თავისი საგარეო პოლიტიკის რევერსია. თუ აქამდე ვიყავით მკვეთრად გამოხატული პროდასავლური სახელმწიფო, ჩვენი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი იყო ევროსტრუქტურებსა და ნატოს ალიანსში ინტეგრაცია, დღეს ჩვენ პირდაპირ ვხედავთ რომ საქართველოს ხელისუფლება ცდილობს გაატაროს არა დასავლური კურსი, არამედ აირჩიოს ე.წ. მულტივექტორული დიპლომატია.
ამ პროცესს მეორე მხრიდან რომ შევხედოთ, შესაძლოა ისეთი ქვეყნისთვის ჩვენ რომ ვართ, მულტივექტორული დიპლომატია ცუდი არ იყოს, მაგრამ, ამის პრაქტიკაში განხორციელება, ჩვენნაირი სახელმწიფოსთვის არის უკიდურესად რთული. იმიტომ რომ, ყველაფერს რომ თავი დავანებით, ამას სჭირდება სულ მცირე ათეულობით წლების, თუ არა საუკუნოვანი მდგრადი და ეფექტური დიპლომატიის წარმოების გამოცდილება, დიპლომატიის იმ სკოლის არსებობა, რომელიც ჩვენ პრაქტიკულად არ გვაქვს.
ბოლო პერიოდში რომელი საგარეო საქმეთა მინისტრი შეიძლება გავიხსენოთ, რომელსაც შეუძლია ერთი-ერთზე დაჯდეს მაგალითად ბლინკენთან, ლავროვთან, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან და ჩვენ მშვიდად შეიძლება ვიყოთ ამ მოლაპარაკებების შედეგებზე. და იმაზე, რომ ამ შეხვედრებზე ცუდი არაფერი მოხდება? ვერ დაასახელებთ ისეთ პიროვნებას, რომ ამგვარ მოლაპარაკებებზე მისი ყოფნისას ჩვენ სიმშვიდის საფუძველი შეიძლება გვქონდეს.
ან, ჩვენ საქართველოს დიპლომატიური მისიის რომელი ისეთი ინიციატივა შეიძლება გავიხსენოთ, რომლის ფარგლებში პარტნიორებს ვთავაზობდით ჩვენს უფრო აქტიურ საგარეო პოლიტიკურ დღის წესრიგს?
აბსოლუტურად რაციონალური იყო წინადადება, რომ ჩვენ ვერ ვუნდებოდით უკრაინის გამო დაწესებულ სანქციებს რუსეთისთვის. მეტსაც გეტყვით, ჩვენ საქართველოს გამო რომ დაწესდეს ეს სანქციები, იმასაც კი ვერ შეუერთდებით.
ჩვენ შეგვეძლო გაგვეკეთებინა განცხადება, რომ სანქციები ევროკავშირმა თავისი სივრცის დასაცავად დააწესა და ჩვენ როგორც არაწევრი ქვეყანა, მასში მონაწილეობას ვერ მივიღებთ. და არა ის, რომ ელემენტარულად „ომი უკრაინაშია და ჩვენ აქ ვართ“ და იმათ ჯანდაბამდე გზა ჰქონიათ. ამ განცხადებამ შეურაცხყოფილად დატოვა საქართველოს მოსახლეობის ნაწილი და ასევე გამოიწვია ჩვენი პარტნიორების განაწყენება.
არადა, თავიდან ამ სანქციებს არც მოლდოვა შეერთებია და არც თურქეთი, რომელიც ნატოს წევრია და ნატოს ქვეყნებში სიდიდით მეორე არმია ჰყავს. არც ერთ მათგანს ამის გამო საგარეო პოლიტიკაში პრობლემები არ ჰქონია.
ჩვენ გავაჟღერეთ იმდაგვარად, რომ ამან პრობლემა შეგვიქმნა ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობაში. აქედან ჩანს თუ რა არაეფექტურობა ახასიათებს ჩვენს დიპლომატიას. დეფექტური ტიპის განცხადებები კეთდება და პარტნიორებთან კომუნიკაცია არ გვაქვს.
გარდა ამისა, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები არ გვენდობიან, ჩვენს საერთაშორისო მტრებს საერთაშორისო არენაზე ჩვენი არ ეშინიათ. ასეთი დიპლომატიის ქვეყანას აქვს კი იმის უნარი, რომ გადავიდეს მულტივექტორულ დემოკრატიაზე?
ხელისუფლებას ავიწყდება, ჩვენ კი გვინდა, რომ ჩინეთის ტვირთებმა ჩვენზე გამოიაროს, მაგრამ, ეს მიმზიდველია არა მხოლოდ იმიტომ რომ ჩვენ მომგებიანი გეოგრაფია გვაქვს, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ჩინეთთან და თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ევროკავშირთან.
კარგია, რომ ევროპელებს არ უხსენებიათ ჩვენთან თავისუფალი ვაჭრობის გადახედვა, მაგრამ, იმისათვის რომ საქართველო შუა დერეფანი იყოს, არა საკმარისი რომ კარგი პოზიციები გვქონდეს აღმოსავლეთში, ამას სჭირდება კარგი პოზიციების ქონა დასავლეთში.
როცა პრემიერი გამოდის და საუბრობს რაღაც ფანტასმაგორიულ ამბებზე, თუ როგორ ურეკავს ევროკომისარი და მოკვლით ემუქრება, ანუ ქუჩის გარჩევის დონემდე დაჰყავს პოლიტიკაზე საუბარი, საგარეო პოლიტიკაში ასეთი რამეები ასე არ ხდება. საკუთარი აღქმადობა და საერთაშორისო იმიჯი რომ ამგვარი განცხადებებით განადგურებულია, ცხადია.
ო ბრაიანმა თქვა – თავი ერთ-ერთი ამერიკული სოცქსელის მომხმარებელი მეგონა, სადაც სერიოზულად განიხილავენ უცხოპლანეტელების არსებობას, ანაც სიონისტების საოკუპაციო მთავრობის მოქმედებას ამერიკაში . . .
– უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის ყოფილმა სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ დასავლელ პარტნიორებს მიმართა – „საქართველოს სჭირდება თქვენი მყარი პოზიცია ევროინტეგრაციაზე, ეკონომიკურ დახმარებაზე, უსაფრთხოების გარანტიებზე.“
თუ ეს ყველაფერი გვინდა, მაშინ ლამის ყოველ დღე ევროპელების ლანძღვა რაღა იყო? ან „გლობალური ომის პარტიის ძებნა“ რაღა იყო, რომელსაც ვეძებთ, ვამბობთ – ვიცით ვინ არიან, მაგრამ არ ვამბობ ვინ არიან?
მას შემდეგ, რაც გადაწყვეტილებები ჩინეთის სასარგებლოდ მივიღეთ, ევროპა ვლანძღეთ და ვაგინეთ, ვიძახეთ ისეთები მიგვიღეთ, როგორიც ვართო, შეიძლება გვქონდეს იმის მოლოდინი, რომ თალაკვაძის განცხადებებს პარტნიორები გამოეხმაურებიან?
ან ჩვენი დიპკორპუსის იმედი უნდა გვქონდეს, რომ ევროპის დედაქალაქებში აქტიურად იმუშავებენ?
– ჩვენ გვაქვს მცდელობა ჩინეთის პარტნიორიც ვიყოთ და ევროკავშირშიც „შევძვრეთ. საქართველოს მთავრობა ევროკავშირზე უარს ვერ იტყვის მაგრამ, ეს როგორ უნდა განახორციელო სჭირდება ცოდნა. ამას სჭირდება ელემენტარულად დაფიქრება იმაზე, რა ტიპის განცხადება უნდა გააკეთო. თითოეულ სიტყვას, რასაც ჩვენ ვამბობთ, სჭირდება სერიოზული აწონ-დაწონა.
წარმოიდგინეთ თქვენი თავის ჩვენი ნებისმიერი პარტნიორი ქვეყნის, ანაც იმ ახალი პარტნიორის ადგილას. ცოტა ხნის წინ ამბობდი, რომ დასავლელ პარტნიორებზე ამყარებდი იმედს, და მეორე დღეს ამბობ, რომ ევროკავშირის წარმომადგენელი შენ მოკვლით გემუქრებოდა, ასევე ამბობ, რომ არსებობს მისტიკური გლობალური ომის პარტია, რომელიც ძალიან წააგავს მასონებს. . . რა უნდა იფიქრონ ჩვენმა პარტნიორებმა?
საქმე კიდევ იმაშია, რომ ასეთი განცხადებებით არა მარტო ძველ პარტნიორებთან იფუჭებ საქმეს, არამედ ახალ პარტნიორს დააფიქრებ იმაზე, შესაძლებელია თუ არა ჩვენთან თანამშრომლობა. მესამე კითხვაც გაჩნდება – ეს ჩემი ახალი პარტნიორი, რომელიც 30 წელია ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს არაფრად აგდებს, მათ შორის ურთიერთობას ხაზი გადაუსვა, მე რა გარანტია მაქვს, რომ ის ჩემთან იმავეს არ გააკეთებს თავის დროზე.
ახლა კი ვამბობთ, რომ ანაკლიაში ჩინელები შემოვლენო, მაგრამ, მე მახსოვს პრემიერმა ბახტაძემ აშშ-ში ყოფნისას სახელმწიფო მდივნის თანდასწრებით თქვა, რომ ამერიკულ ინვესტიციებს საქართველოში საფრთხე არ დაემუქრება. ამ განცხადებიდან ზუსტად ორ კვირაში დაიწყო ანაკლიის პროექტის ჩავარდნა. ანუ, ამერიკელებისთვის საჯაროდ დაპირებულ პოზიცია შევცვალეთ და ანაკლიის ჩავაგდეთ კი არა ამერიკელები უხეშად გადავაგდეთ.
როდესაც შენ, როგორც მმართველ ძალას ასეთი ისტორია გაქვს, რამდენად მისაღები იქნები თუნდაც ახალი პარტნიორისთვის? ამაზეც ხომ უნდა იფიქრო?
მითუმეტეს იმ ფონზე, როცა ხელისუფლების მხრიდან საოცარი განცხადებები კეთდება. არ ვიცი ეს რას დავაბრალო. თუნდაც საგარეო პოლიტიკის რევერსის პირობებში ყოფილი პარტნიორის მიმართ არ კეთდება ისეთი განცხადება, რომლის მსგავსი არ გაუკეთებია რუსეთის ლიდერს, ჩინეთის ლიდერს, ირანის ლიდერს.
ასეთ ფონზე კითხვაც გამიჩნდა ჩვენ ბირთვული ქობინები გვაქვს თუ რამე კოსმოსური პროგრამების მძლავრი სახელმწიფო ვართ, ასეთი განცხადებების გაკეთების უფლებას რომ ვაძლევთ საკუთარ თავს?
– ან თუნდაც, ასეთ ნაბიჯებს რომ ვდგამთ, ვის იმედად ვართ?
– არავის იმედზე არ ვართ. ისეთ საუბარს, რაც საქართველოს ხელისუფლებამ გაბედა, არც რუსეთი და არც ჩინეთი ვერ ბედავს. შესაძლოა ასეთი იყო გათვლა – იმდენად პატარა და უმნიშვნელო ქვეყანა ვართ, ჩვენს ნათქვამს გაგვატარებენ. ან ჰქონიათ, რადგან ამას ქართულად ლაპარაკობენ, უცხოეთში ამას არ თარგმნიან. არადან ჩვენმა პარტნიორებმა ქართულიც კარგად იციან, ბოლო ბოლო ხელოვნურ ინტელექტს ათარგმნინებენ.
– თქვით, რომ ხელისუფლება შეეცდება „ევროკავშირში შეძვრეს“. ევროკავშირის სტრუქტურა ისეა მოწყობილი, ჩვენ როგორადაც არ უნდა ვეცადოთ „შეძრომას“, ევროკავშირში უკანა კარიდან „შეძრომა“ არ გამოვა თუ ჯერ ევროკომისიის რეკომენდაციები არ შევასრულეთ, შემდეგ არ დავაკმაყოფილეთ კოპენჰაგენის სამივე კრიტერიუმი.
იმ ვითარებას ახლა რომელშიც ვართ, რა ჰქვია – თუ სად ვართ?
– ჩვენ არც გვქონდა იმის მოლოდინი რომ ევროკავშირში შევძვრებოდით, თვალით განჭვრეტად მომავალში. იყო დამოკიდებულება, კარგია, რომ კანდიდატის სტატუსი მოგვცეს, მაგრამ, თურქეთი კარგა ხანია კანდიდატია, მაგრამ თურქეთი ვერ დაიძრა ევროკავშირისკენ.
მიუხედავად ერდოღანის ავტორიტარული გადახრებისა, თურქეთს გაცილებით დიდი პოლიტიკური კულტურა, ბევრად ძლიერი ეკონომიკა, ბევრად დიდი საერთაშორისო წონა აქვს და გარკვეულად ეს წონაა მიზეზი რომ თურქეთი აქამდე არ არის ევროკავშირის წევრი. წევრი რომ იყოს გერმანიისა და საფრანგეთის პარალელურად გახდებოდა ევროკავშირის ერთ-ერთი ცენტრი. ეს სხვა განხილვის საგანია.
ჩვენი ხელისუფლების ცდუნება იყო იმდაგვარი, რომ მე დამრჩა შთაბეჭდილება, – ევროკავშირში ჩვენ მაინც ვერ შევალთ. მოდი გავაკეთოთ ის, რაც გვინდა რომ გავაკეთოთ. არც ევროკავშირში რომ არ შევიდეთ და არც ხელისუფლებაში დარჩენის გარანტიები არ გვქონდეს, ეს ჩვენ არ გვაწყობს.
ხელისუფლება კი ამბობს, რომ ამ კანონით შევალთ ევროკავშირში, მაგრამ, ამ თემაზე ხელისუფლების საუბარი უადგილოა და არც იმას აქვს აზრი, მე პირადად რას ვთვლი. თავად ევროკავშირმა გვითხრა – ასე ევროკავშირში შესვლა არ გამოვა. გერმანიის წარმომადგენელმა თქვა, რომ საქართველოსთან ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებები არ გაიხსნება. მაგის გარდა იმავეს ამბობენ სხვა ქვეყნები.
ახლა ერთადერთი ამოცანა, რაც საქართველოს სახელმწიფოს წინაშე დგას, არის ის, რომ ახლა არ დაუწესდეს სანქციები.
დიდი მოლოდინებით საუბრობენ დასავლურ სანქციების დაწესებაზე ხელისუფლების წინააღმდეგ. ამას შიშით ვუყურებ, განა იმიტომ რომ ის 84 დეპუტატი ძალიან მეცოდება, რომლებიც სანქცირებულთა სიაში შეიძლება მოხვდნენ? ან მთავრობის გარკვეული წარმომადგენლები?
შიშით, იმის გამო, რომ ამან შესაძლოა ძალიან უარყოფითი გავლენა მოახდინოს სამომავლოდ ისევ საქართველოს იმიჯზე. სამწუხაროდ, მთავრობისა და ლიდერების სანქცირების შემდეგ ქვეყნის დასანქცირებაზე მანძილი ძალიან ცოტაა. მე არ მინდა რომ ამ პროცესს ჰქონდეს შემდგომი ესკალაცია. პრობლემა იმაშია, რომ მე ხელისუფლებას ვერ ვატყობ, რომ მათ სანქცირება აწუხებთ და ისინი ახლა მუშაობენ იმაზე, რომ სანქციები ქვეყანას არ შეეხოს. რჩება შთაბეჭდილება, რომ საქართველოს მართავენ ადამიანები, რომლებმაც კისინჯერის „დიპლომატია“ რომ გადაიკითხონ, ცუდი არ იქნებოდა. არ ვსაუბრობ სხვა წიგნებზე, რომელიც საგარეო პოლიტიკის ცოდნა სჭირდება. იმიტომ რომ, შესაძლოა პიროვნება იყოს ძალიან განათლებული იურისტი, მაგრამ, იურიდიული ცოდნა და პრაქტიკა, თუნდაც კარგი კონსტიტუცია დაწეროს, არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ის იყოს პოლიტიკური ხედვით გამორჩეული ლიდერი. სამწუხაროდ, ხელისუფლებას პოლიტიკურ ხედვას საერთოდ ვერ ვამჩნევ, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ იმავეს თქმა შეიძლება ოპოზიციაზე.
– თუ ევროპისკენ მოძრაობა არ გამოგვდის, ამ კანონის მიღება და ჩინეთისკენ მოძრაობების მთავარი აზრი და მიზანი ყოფილა ხელისუფლების შენარჩუნება. თქვენი მსჯელობა სწორად გავიგე?
– ხელისუფლებას უნდა საქართველოს მისცენ ეკონომიკური პოტენციალის გაზრდის შესაძლებლობა, რომ ხალხი სოციალურ ნიადაგზე არ აჯანყდეს, თავისთვის კი შექმნან პირობა, რომ გაიხანგრძლივონ ხელისუფლებაში ყოფნა.
ლოგიკურად რომ შევხედოთ, პარლამენტის სპიკერს დავესესხები, იგი ამბობს – „უცხოეთიდან შემოდის თანხები, რომელიც ხმარდება უცხოეთზე მომუშავე აგენტურას და პოლიტიკურ პარტიებს ქვეყანაში ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლისთვის. ამიტომ გვინდა გამჭვირვალობის კანონი“.
ვთქვათ, ეს ასე ხდება და სახელმწიფოს ამის შესახებ აქვს ინფორმაცია. ჩვენ გვაქვს სისხლის სამართლის კოდექსი, რომელშიც წერია, – „უცხო სახელმწიფოსთან თანამშრომლობა საქართველოს ინტერესების საზიანოდ“ და იქვე 315 მუხლში წერია -შეთქმულება, ან ამბოხება, ქვეყანაში პოლიტიკური წყობის ძალადობრივი გზით შესაცვლელად.
თუ სისხლის სამართლის საფუძველი აღსრულდა და სამართლებრივი საფუძველი არსებობს რაც პროკურორს აძლევს დისკრეციულ უფლებას დაიწყოს გამოძიება. ამასთან ერთად დაირღვა პოლიტიკური პარტიების დაფინანსების წესი. პარლამენტის სპიკერი გვეუბნება, რომ ქვეყანაში ჩადენილია დანაშაული და ირღვევა პოლიტიკური პარტიების დაფინანსების წესი, რომ მის ხელისუფლებას აქვს უნარი ამ ყველაფერს გაუმკლავდეს, ვერ აღასრულა მან ქვეყანაში მოქმედი ორი ფუნდამენტური კანონი, მათ შორის ერთი სისხლის სამართლის კოდექსი, ამიტომ იგი არასამთავრობო სექტორს სთხოვს გამჭვირვალეობაზე დეკლარაცია შეავსოს.
ხელისუფლების მოქმედება ლოგიკიდან ამოვარდნილია, რადგან თუ არასამთავრობოებს დანაშაული ჩადენილი აქვთ, გამოიძიე და დადე სამართლებრივი შედეგი. თუ დანაშაული ჩადენილი არ არის, ამ თემაზე საუბარი სამარცხვინო სპეკულაცია და რაც ხდება, საკუთარი გუნდის სისუსტის დემონსტრირებას ჰგავს.
მე არ შევდივარ კანონის სხვა მუხლებში, მუხლობრივად რომ ჩავშალო, შემიძლია ერთი სემესტრი წავიკითხო ლექციები რატომაა ეს კანონი აბსურდი თავიდან ბოლომდე.
– ახლა ბევრი ამბობს, რომ ამ კანონის ამოქმედება ქვეყანას ავტორიტარიზმისკენ წაიყვანს. თუ ასეა, ასე შეხვდება ქვეყანა მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს? თქვენი შეფასებით კანონის მიღების შემდეგ საშინაო პოლიტიკაში რა სურათი გვაქვს?
– ეს კანონი თუნდაც ამის იქეთ არ წავიდეს, უკვეა საკმაოდ პრობლემური კანონი. რეალურად, ეს კანონი მეტს ვერაფერს ვერ მოემსახურება. ეს კანონი გამჭვირვალობას ვერანაირად ვერ მოემსახურება. ხელისუფლებას როგორ წარმოუდგენია, მე თუ არალეგალურ საქმიანობას ვახორციელებ, ეს დანაშაულია, ანუ, მე დანაშაულის ჩავდივარ და ასეთ პირობებში გავიქცევი და ამის დეკლარაციას გავაკეთებ?
ამათი აზრით, შავ ფულს ვინც ათეთრებს და ეკონომიკურ დანაშაულს ჩადის, ის დეკლარაციას ავსებს? პარლამენტის სპიკერის აზრით ნიკოლოზ მეორეს რომ მსგავსი კანონი ჰქონოდა, ლენინი უნდა დარეგისტრირებულიყო გერმანიის ინტერესების გავლენის გამტარებელ აგენტად, კაიზერის მარკები უნდა დაერეგისტრირებინა და ბოლშევიკური რევოლუცია აღარ მოხდებოდა?
ამ მსჯელობაში ამდაგვარი ლოგიკაა. ასეთი მსჯელობა თავიდან ბოლომდე არის აბსურდი. სად გაგონილა რომ ლეგალური ფულით რევოლუციები კეთდებოდა? ვერ ვხდები ბიტკოინის ეპოქაში ენჯეოს გრანტით რატომ უნდა გაკეთდეს რევოლუცია? თუ ვინმეს რევოლუციის გაკეთება უნდა, ამხელა სქემის მოფიქრება და დეკლარაციაში ჩაწერა აღარ დასჭირდებოდა. ბიტკოინების გამოყენებით შეიძლება რევოლუციის დაფინანსება და ვერავინ ვერ გაიგებს ვის საიდან დაერიცხა ეს ფული.
ყველაზე საშიში არის ის, რომ ჩვენ ვხედავთ საკმაოდ დიდ ესკალაციას და საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის გაღრმავებულ ანტაგონიზმს. ეს ვითარება შედის მოსკოვის ინტერესში. უნდა შევთანხმდეთ, რომ რუსეთის ხელისუფლება ჩვენს ხელისუფლებას არაფრად არ თვლის. არც მხარს უჭერს და არც არაფრად არ მიაჩნია. მას საქართველოში ორი საოკუპაციო ბაზა აქვს და ნებისმიერ დროს შეუძლია ვითარების არევა.
საქართველოს ხელისუფლების მხარდამჭერი განცხადებები რუსეთის ხელისუფლების მხრიდან ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ საქართველოს შიგნით კიდევ უფრო გაღრმავდეს პოლარიზაცია. ამას ვერც საქართველოს ხელისუფლება და ვერც ოპოზიცია ვერ აცნობიერებს. რუსეთი როგორც აქამდე, ახლაც აგრძელებს ქართული პოლიტიკური სპექტრის თოჯინებივით მანიპულირებას.
ეს შემთხვევითი მართლა არ არის. ბოლოს პუტინიც კი გამოაგორეს. მხედველობაში მაქვს ის რომ ჩვენმა პრემიერმა თავისი განცხადებით, რომ მას მოკვლით ემუქრებოდნენ პუტინს დიდი სატოპკე აუწია. გაუგებარია, რუსებმა საქართველოში მეტი როგორ უნდა დაძაბონ სიტუაცია.
ჯარებს ვერ გადმოისვრიან, რადგან რაც აქვთ ყველაფერი უკრაინაში აქვთ გადასროლილი. საბოლოოდ არ ვიცი უკრაინა-რუსეთის ომი როგორ დასრულდება, მაგრამ, ახლა ის დროა, როცა მოსკოვს გარკვეული დრო ჩვენთვის ნამდვილად არ სცალია.
მაგრამ, განცხადებებით ცდილობენ დაძაბონ მდგომარეობა. დუგინისა და კარასინის განცხადებები სხვა არაფერს არ ემსახურება თუ არა ქუჩაში მეტი ხალხის გამოსვლას. ამას კი ხელს მთავრობაც უწყობს, ასეა, რადგან არ უსმენს საკუთარ მოქალაქეებს.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი