გიორგი გველესიანის ორი ქორწინება, სამი შვილი და ბრწყინვალე კარიერა

გიორგი გველესიანი ბოლო დროს საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალ ვარსკვლავად იქცა. პორტუგალიის წინააღმდეგ შთამბეჭდავი თამაშის შემდეგ მის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა.

გიორგი გველესიანის კარიერა 

გიორგი გველესიანი ქართველი ფეხბურთელი, თეირანის „პერსეპოლისის“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველია. გიორგი თბილისის „დინამოს“ საფეხბურთო სკოლის აღზრდილია. მისი დებიუტი თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში საქართველოს თასის გათამაშების ფარგლებში „გაგრას“ წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, 2010 წლის პირველ დეკემბერს შედგა. გიორგი შეხვედრის 70-ე წუთიდან კამერუნელი ლეგიონერის, დონალდ ჯუსეს ნაცვლად ჩაერთო თამი, რომელიც „დინამომ“ 2–0 მოიგო.

ეროვნულ ლიგაში თავისი სადებიუტო გოლი გიორგი გველესიანმა 2013 წლის 19 აპრილს, სტუმრად გამართულ მე-6 ტურის შეხვედრაში ზუგდიდის „დინამოს“ გაუტანა. მატჩის 22-ე წუთზე მან გიორგი შაშიაშვილი შეცვალა, ხოლო მე-60 წუთზე ზუგდიდელთა კარი აიღო. საბოლოოდ, თბილისელებმა შეხვედრა 2–0 მოიგეს.

სულ „დინამოს“ შემადგენლობაში 81 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა. „დინამოს“ რიგებში სამჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი, 4-ჯერ საქართველოს თასის მფლობელი და ორჯერ საქართველოს სუპერთასის მფლობელი.

ირანში პირველად 2017 წელს, თბილისის „დინამოდან“ გადავიდა, სადაც თავიდან „ზობ აჰანის“ რიგებში დაიწყო თამაში. საერთო ჯამში, „ზობ აჰანის“ შემადგენლობაში 2017–2018 წლების სეზონში 20 მატჩი ჩაატარა და ირანის ვიცე-ჩემპიონი გახდა.

„ნასაჯი მაზანდარანის“ შემადგენლობაში 2018–2019 წლების სეზონში 22 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი შეაგდო. „სეპაჰანის“ რიგებში 2019–2022 წლებში თამაშობდა, რომელთან ერთადაც 2020–21 წლების სეზონში ირანის ვიცეჩემპიონობა მოიპოვა.

2022 წლიდან „პერსეპოლისის“ შემადგენლობაში განაგრძო თამაში. გიორგი გველესიანი ირანის პრო-ლიგის 2022–23 წლების სეზონის საუკეთესო მცველად დაასახელეს.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში პირველად 2024 წლის 9 ივნისს, მონტენეგროს ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ პოდგორიცაში გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში ითამაშა. გველესიანმა შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა. მატჩი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით, 3–1 დასრულდა.

გიორგი გველესიანის ოჯახი 

გიორგის მეუღლე ლინდა კიკოლაშვილია, რომელთანაც ფეხბურთელს ერთი შვილი ჰყავს. გიორგის ორი შვილი ჰყავს პირველი ქორწინებიდან. გიორგი გველესიანის დედა, ლელა გრძელიშვილი, ჟურნალ “გზასთან” საუბრისას მისი ოჯახის შესახებ საუბრობდა:

“გიორგის ძალიან კარგი მეუღლე ჰყავს, ლინდა კიკოლაშვილი. რომ ველაპარაკე, მითხრეს, ლინდამ ისე ინერვიულა, ძლივს მოვასულიერეთო. მან ხომ იცის გიორგის განწყობა. ისეთი მოწყურებული იყო თამაშს, მოედანზე შევარდა…

3 შვილი ჰყავს, მათ შორის, 2 – პირველი ქორწინებიდან. გიჟი მამაა, საოცრად ყურადღებიანი და მზრუნველი. მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად ბავშვებთან ახლოს ვერ არის, მათი აღზრდის საქმეში თავიდან ბოლომდე ჩართულია. ყველა დეტალი იცის. მშობელთა ჯგუფშია გაწევრებული და ყველაფრის საქმის კურსშია. ბიჭი ფეხბურთზე დადის და იცის, რომელ დღეს, რომელ საათზე აქვს ვარჯიში. ასე შორს იყო ამდენი წელი და შვილების ყველა ნაბიჯი იცოდე? გიორგისნაირი მამა არც შემხვედრია…“ – ამბობდა ის.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა დავითულიანი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე – “სამხრეთ ოსეთსა” და აფხაზეთთან არც “ე.წ.” დაუწერიათ და არაფერი – ასეთ ტექსტს მხარს ვერ დავუჭერდით, თვითონაც არ უნდა შეედგინათ, ოდნავი კომპეტენცია რომ ჰქონოდათ