გიორგი გახარია ოცნების მხარდამჭერებზე: უნდა ვეცადოთ, არ გადავიდეთ ურთიერთგანადგურების რეჟიმში

პარტია გახარია საქართველოსთვის ლიდერი, გიორგი გახარია ISSA-ს მიერ ჩატარებულ სოციოლოგიურ გამოკითხვას გამოეხმაურა და თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილს, ყველაფრის გათვალისწინებით, დღეს 30% მყარი მხარდაჭერა აქვს და მისივე განცხადებით, ოპოზიცია ამ ადამიანებთან არა განადგურების, არამედ საუბრის რეჟიმში უნდა იყოს.

“ბოლო შემთხვევა საზოგადოებრივი კვლევების, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ საზოგადოების ნაწილი ვართ და ეს კვლევები ვინც პროფესიული თვალით ნახა, ყველა ნორმალური ადამიანი, ვისაც საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ქსოვილთან გადაკვეთა აქვს, მიხვდა, რომ მოგვწონს თუ არა – ივანიშვილ ბიძინას დღესაც მინიმუმ პლუს-მინუს 30%-იანი მყარი მხარდაჭერა აქვთ. ესენი ჩვენი მოქალაქეები არიან, ეს ჩვენი მეზობლები არიან და იმის მაგივრად, რომ ჩვენ ამ ხალხს ველაპარაკოთ, ისევე როგორც სხვა ყველას… უნდა ვეცადოთ, რომ ურთიერთგანადგურების რეჟიმში კი არ გადავიდეთ, ისევე როგორც დღევანდელი ხელისუფლება იქცევა, რომელსაც ბევრად უფრო მეტი პასუხისმგებლობა აქვს, ვიდრე იმ ადამიანებს, რომლებიც აქციაზე დგანან და ეს რადიკალიზაცია, რომელიც შემოგვთავაზა, როგორც მთავარი თამაშის წესი ხელისუფლებამ, მასაც ეს 30% საქართველოს მოქალაქეების უბრალოდ მძევლად ჰყავს აყვანილი.” – ამბობს იგი.

გახარია ასევე ამბობს, რომ ოპოზიციას არ ჰქონდა ეფექტური პასუხი ქართული ოცნების მიერ წინასაარჩევნოდ წარმოებულ ომის პროპაგანდაზე.

“დღეს საქართველოს მოქალაქეების დიდ ნაწილს არ აქვს უბრალოდ შესაძლებლობა ინფორმირებული არჩევანი გააკეთოს, იმიტომ რომ მათზე ზემოქმედებენ პროპაგანდის საშუალებით, მათზე სოციალურ წნეხს ახორციელებენ, მათზე სამართალდამცავი სისტემის წნეხს ახორციელებენ, შანტაჟს და მოსყიდვას ახორციელებენ, ბევრ რამეს ახორციელებენ და ამ ადამიანებს, ყველაფერთან ერთად, რომ დაუმატოთ, რომ მათ ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა არ აქვთ, ჩვენ უნდა მაშინ ჩვენი შეცდომებიც ვაღიაროთ და ვთქვათ, რომ ამ ადამიანებს, როდესაც ეს უვარგისი ხელისუფლება ეფექტურად ომით ატყუებდა და აშინებდა, ესე იგი ჩვენ რაღაც სწორი სიტყვები ვერ ვიპოვეთ.

დღეს გასაგებია, რომ ის, რაც ხდება ჩვენს რეგიონში, ჩვენ თუ შემდეგი 2-3 წლის განმავლობაში დავუშვით ისეთი შეცდომები, რასაც ბოლო 3-4 წელია ვუშვებთ, არავინ გაარკვევს 10-15 წლის შემდეგ, ვინ იყო ოპოზიციასა და ხელისუფლებაში, თუ ვერ გავიმარჯვეთ – ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ,” – აცხადებს გახარია.