ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ოპოზიციური პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაში გამოკითხვაზე მიდის. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო თავისუფლებას პარტიის პრესსამსახურიდან მიაწოდეს.
გიორგი გახარიას კომისიის სხდომაზე დღეს, 14 აპრილს, 12:00 საათზე ელიან. სწორედ ამ დროს უნდა ჰქონოდა მას მედიისთვის ბრიფინგი. პრესსამსახურის ინფორმაციით, ბრიფინგი გადაიდო.
თეა წულუკიანის კომისია გახარიას „გავრილოვის ღამის“, 2019 წლის 20 ივნისის საქმეზე იბარებს – ამ დროს ის „ქართული ოცნების“ მთავრობაში შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა – იმ ღამეს პოლიციამ იძალადა არაერთ ადამიანზე, მათ შორის ჟურნალისტებზე. ორმა ადამიანმა აქციის დაშლის დროს ნასროლი რეზინის ტყვიით თვალი დაკარგა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შესასწავლად „ქართულმა ოცნებამ“ კომისია 2025 წლის 5 თებერვალს შექმნა. კომისია იკვლევს:
· საპატიმროებში პატიმართა წამების საქმეებს;
· ადამიანების მკვლელობის, ძალადობის, პირადი ცხოვრების ხელყოფის შემთხვევებს;
· კორუფციას და ბიზნესზე ზეწოლას, მედიასაშუალებების მისაკუთრებას;
· 2008 წლის აგვისტოს ომის „დაწყების აღიარებას“ და „ქართველი სამხედროებისთვის ომის დანაშაულის დაბრალებას“.
