გიორგი გახარიას „წინასწარი პატიმრობა“ დაუსწრებლად შეუფარდეს

ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, გიორგი გახარიას, თბილისის საქალაქო სასამართლოში აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს. მოსამართლე დავით კურტანიძე განიხილავდა სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის საკითხს.
ამ გადაწყვეტილებით, მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა.
პროკურატურა გიორგი გახარიას ედავება „გავრილოვის ღამის“ ეპიზოდსაც. ამ ნაწილზე სასამართლო სხდომა დღეს, 13 ნოემბერს, საღამოს გაიმართება.
ამ გადაწყვეტილების მიხედვით, გიორგი გახარიას საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში დააკავებენ. გამოაცხადებს თუ არა პროკურატურა მასზე ძებნას, უცნობია – რადიო თავისუფლება ამ საკითხის გარკვევას ცდილობს.
გუშინ, 12 ნოემბერს, გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ ყოფილ პრემიერს ბრალს წაუყენებდნენ სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით.
· „გავრილოვის ღამის“ ეპიზოდზე – 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით – ორ პირზე მეტის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება;
· ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის საქმეზე – 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით – სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება.
წაყენებული ბრალით, მას 9-დან 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
· გვარაკიძის თქმით, იძიებენ 2019 წლის 20-21 ივნისის საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას „ორზე მეტი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმედ დაზიანების ორგანიზებისა და სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებს“.
· მისივე თქმით, ყოფილ პრემიერ-მინისტრს ედავებიან 2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის შემდეგ „დაახლოებით ასი ჰექტარი ტყის მასივის“ საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ გადასვლას.
ყოფილი პრემიერის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა პარტიაში პერსონალურ შურისძიებად შეაფასეს.
ფორუმი