ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას ჩორჩანას საქმეზე პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდეს. გადაწყვეტილება მოსამართლე დავით კურტანიძემ მიიღო.
გიორგი გახარია საქართველოში არ იმყოფება, ამიტომ მასზე ძებნა გამოცხადდება.
სახელმწიფო ბრალდება გახარიას ედავება, რომ მან “ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს უფლებამოსილების იგნორირებით და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეუთანხმებლად, ასევე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან კოორდინაციის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმირების გარეშე, ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის შესახებ”.
“როგორც მოსალოდნელი იყო, აღნიშნული ქმედებები საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული მოქმედებების საბაბად გამოიყენეს. კერძოდ, 2019 წლის 5 სექტემბერს ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის უკანონო შეიარაღებულმა ფორმირებებმა სიმაღლეები დაიკავეს საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ აღმოჩნდა დაახლოებით ასი ჰექტარი ტყის მასივი. ადგილი ჰქონდა სხვადასხვა უკანონო აქტივობებს, მძიმე სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას დასახლებული პუნქტებისკენ, რამაც მხარეებს შორის შექმნა შეიარაღებული სამხედრო კონფლიქტის რეალური საფრთხე. ოკუპირებულ ტერიტორიაზე დამატებით მოექცა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების, ყობისა და წნელისის მკვიდრთა საცხოვრებელი სახლები. აღნიშნული ქმედებით გიორგი გახარიამ განზრახ გადაამეტა მისი სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებს, რამაც საზოგადოების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია“, – განაცხადა გენერალურმა პრიკურორმა, გიორგი გვარაკიძემ გუშინ, 12 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე.
ამავე დღეს მას ბრალი წარედგინა 20 ივნისის საქმეზეც.
“2019 წლის 20 ივნისს, საღამოს საათებში, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე, თავდაპირველად მშვიდობიანი დემონსტრაცია ძალადობრივ აქტივობებში გადაიზარდა. მომიტინგეთა ნაწილმა ძალადობის გზით სცადა პარლამენტის შენობაში შეღწევა. მათ დაიწყეს პარლამენტის შენობის წინ განთავსებული სამართალდამცავების მიმართ ძალადობა, სხვადასხვა ნივთების გამოყენებით მათზე თავდასხმა, მათი ნივთების დაზიანება და განადგურება.
მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს ინსტრუქციისა და კანონმდებლობის უგულებელყოფით დაავალა სპეციალურ საშუალებათა ერთობლივად, პარალელურ რეჟიმში გამოყენება, ყოველგვარი გაფრთხილებისა და აქციის მშვიდობიანი მონაწილეებისათვის ტერიტორიის დატოვების შესაძლებლობის მიცემის გარეშე, რითაც ორგანიზება გაუწია მოქალაქეთათვის ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას.
შედეგად, სპეციალური საშუალებების, მათ შორის რეზინის ტყვიების ერთობლივად გამოყენებით ათეულობით მოქალაქემ მიიღო სხვადასხვა ხარისხის დაზიანება, მათ შორის ორმა მოქალაქემ დაკარგა თვალი, ხოლო ხუთმა მოქალაქემ მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება”, – განაცხადა გვარაკიძემ.
წარდგენილი ბრალდებების დამტკიცების შემთხვევაში გახარიას 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ამავე თემაზე:
· მოულოდნელი არ იყო, ივანიშვილის ვენდეტაა – ბუჩუკური გახარიასთვის ბრალის წაყენებაზე




