როცა პოლიტიკური პატიმრები თავისუფლდებიან, სასიხარულოა, მაგრამ მსგავს გადაწყვეტილებას “ლელოსთვის“ და მათ შორის მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის პოლიტიკური ფასი აქვს – საზოგადოებაში უკვე არის განცდა იმისა, რომ ეს გარიგებას ჰგავს, – ასე აფასებს პოლიტიკური გაერთიანება “კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი გიორგი ბუტიკაშვილი მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პატიმრობიდან გათავისუფლების თაობაზე მიხეილ ყაველაშვილის მიერ გამოცემულ შეწყალების აქტს.
როგორც ბუტიკაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, ერთ სურათში უნდა დავინახოთ მიხეილ ყაველაშვილის შეწყალების აქტი და გიორგი გახარიას მიერ მანამდე გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ პარლამენტში უნდა შესულიყვნენ.
ბუტიკაშვილის თქმითვე, ყაველაშვილის მიერ ხაზარაძისა და ჯაფარიძის შეწყალების ფორმა პირდაპირ მიუთითებს, რომ შეწყალების მიზანი ადგილობრივი არჩევნებისთვის, პარლამენტისთვის და ხელისუფლებისთვის ლეგიტიმაციის მინიჭებაა.
მან ამავე კონტექსტში აღნიშნა, რომ როგორც კი რომელიმე პოლიტიკური აქტორი ივანიშვილთან თამაშს დაიწყებს, აუცილებლად წაგებული დარჩება.
“ბოლო კვლევებიც აჩვენებს, რომ “ლელოს“ ამომრჩეველი შემცირებულია იმ გადაწყვეტილების გამო, რომ ისინი 4 ოქტომბრის არჩევნებში იღებენ მონაწილეობას. საზოგადოების დიდი ნაწილი – 54% თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ ეთანხმება და მას არასწორ პროცესად მიიჩნევს. „ლელოს“ გადაწყვეტილება არჩევნებში მონაწილეობის შესახებ და დამატებით ყაველაშვილის გადაწყვეტილება მათი ლიდერების შეწყალების თაობაზე, მათ რეიტინგს გაანულებს. ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის თამაშობს ადამიანებით, თამაშობს პოლიტიკით, ცდილობს მაქსიმალურად გაანულოს პოლიტიკური პარტიები და წარმოაჩინო ისე, რომ ისინი თანმიმდევრული არ არიან – არ მიჰყვებიან სტრუქტურულ პოლიტიკას, დღეს ერთს ამბობენ, ხვალ მეორეს აკეთებენ და ზეგ – მესამეს. სწორედ ამის ილუსტრაციას ახდენს.
ახლა, როცა მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ციხიდან გამოვლენ, რას გააკეთებენ – ჩვეულებრივ ჩაერთვებიან კამპანიაში? ჩანს, რომ ამას აპირებენ!
არ მგონია, რომ პირდაპირი გარიგება შედგა, მაგრამ არასიტყვიერი გარიგება მოხდა, როცა ერთმა მხარემ აირჩია, რომ პარლამენტისთვის და ადგილობრივი არჩევნებისთვის ლეგიტიმაცია მიენიჭებინა. ეს აჩენს კითხვას, რა ხდება – არის პირდაპირი გარიგება თუ ივანიშვილის მიერ დაწესებულ თამაშის წესებზე აყოლა? ჩვენი პარტიის ლიდერები ციხეში იმიტომ აღმოჩნდნენ, რომ ამ თამაშის წესებს არ აყვნენ და მათ არავინ შეიწყალებს. ჩვენი მთავარი პოზიციაა, მორალური სიცხადე და თანმიმდევრული პოლიტიკის გაძლიერება.
როგორი გროტესკული კადრია, როდესაც ერთი მხრივ, ახალგაზრდა გოგოებს და ბიჭებს 2 წლით ციხეში უშვებენ და პარალელურად „ლელო“ აწარმოებს კამპანიას, სადაც წყალგაყვანილობაზე საუბრობს, რაც საზოგადოებრივ განწყობებთან და იმ დრამასთან, რაც ”ქართულმა ოცნებამ“ გამოიწვია, დისონანსში მოდის.
”ლელომ“ და გიორგი გახარიას პარტიამ აირჩია და „ქართულმა ოცნებამ“ ამ გადაწყვეტილებით მათი სისტემური – ე.წ. ოპოზიციონერობა დაადასტურა, რომლებიც “ქართულ ოცნებას“ მოჩვენებით კონკურენციას გაუწევენ. როდესაც დიქტატურა მყარდება და დემოკრატიულობა არის მხოლოდ ფასადი, ყველა ასეთ ქვეყანაში მსგავსი პარტიების არსებობა მნიშვნელოვანია, რათა მათ ფასადში მიიღონ მონაწილეობა და ყველა იყოს მოტყუებული. რაც არ უნდა ილაპარაკონ „ლელომ“ და გიორგი გახარიამ, მათ 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობით დიქტატორს ლეგიტიმაცია მიანიჭეს და ეს ყველაფერი შეწყალებით დადასტურდა!“ – განაცხადა გიორგი ბუტიკაშვილმა.
მისივე აზრით, მიხეილ ყაველაშვილის შეწყალების აქტი ადასტურებს იმასაც, რომ ლეგიტიმაციის მოპოვების კუთხით “ქართულ ოცნებას“ უჭირს და ეს ფაქტი მათ აწუხებთ.
“როგორ გგონიათ, ეს რომ არ აწუხებდეთ, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს შეიწყალებდნენ?! – ისინი ფეხზე მყარად რომ იდგნენ, ამ ნაბიჯს არ გადადგამდნენ? – შეწყალება ამ სასოწარკვეთის მანიშნებელია!
ნებისმიერი ქართველი, რომელიც რეჟიმს ეწინააღმდეგება და დგას ქუჩაში, არის ღირებული. მნიშვნელობა არა აქვს, ვინ იქნება – არის „ლელო“ თუ თავად „ქართული ოცნების“ წევრი, ვინც მიხვდა, რომ ის არის რუსული, პუტინის ძალა, მაგრამ „ლელო“ ამ პროტესტის ფონზე საარჩევნო კამპანიის სურათს ქმნის, სადაც ამომრჩეველს უფასო წამლებს ჰპირდებიან. გულწრფელ ადამიანს ეს აბრაზებს, ვინც 280 დღეა ქუჩაშია სიცივეში, ქარში, უბედურებასა და რეპრესიაში არ ჩერდება. ამიტომ ბრაზიც ლოგიკურია, როცა მოთანამშრომლე პარტიას ცეცხლში არ იღებს – ცეცხლში გჭირდება ცეცხლი და არ გჭირდება წყალი, რომელიც ამ ყველაფერს გაგინეიტრალებს. ასეთია პროტესტის განწყობა. მათ აქვთ შანსი თქვან, რომ აღარ იღებენ არჩევნებში მონაწილეობას.
დავინახოთ სრულ სურათში მიხეილ ყაველაშვილის შეწყალების აქტი და გიორგი გახარიას მიერ მანამდე გაკეთებული განცხადება, რომ პარლამენტში უნდა შესულიყვნენ, რითაც 12 დეპუტატისთვის პარლამენტში შესასვლელად ფონი მოამზადა. ნახეთ, როგორ დალაგდა – გახარიამ ფონი მოამზადა, ყაველაშვილმა შეიწყალა. “ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ გიორგი გახარიას პარტია 12 დეპუტატით პარლამენტში შევა და პარლამენტს ამ ფორმით ლეგიტიმაციას მისცემს. “ლელო“ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობს და მათი ლიდერების შეწყალებით ყაველაშვილს მიეცა ლეგიტიმაცია, რადგან ცხადია, რომ ისინი ამ გადაწყვეტილებას დამორჩილდებიან – ამ ორმა ინსტიტუტმა, ამ ორი პარტიის დახმარებით ლეგიტიმაცია მიიღო. ასეთია სრული სურათი და ასე ხდება, როცა ეთანამშრომლები და ეთამაშები ბიძინას. გიორგი გახარიამ და მამუკა ხაზარაძემ ფაქტობრივად თავი დაიწვეს, თავი აიფეთქეს და ამაში მათ ბიძინა მიეხარა. ნამცხვარი, რომელიც მათ ბიძინამ მიაწოდა აღმოჩნდა ბომბი და ორივე აფეთქდა. ერთი გაქცეულია, გერმანიაში ზის და ინსტრუქციებს იქიდან გასცემს. ასევე იხეირა ყაველაშვილმა, რომ შეწყალების გამო თავი პრეზიდენტად აღიქვა. იხეირა პარლამენტმა, სადაც გიორგი გახარიას პარტიის 12 წევრი შევა. ეს არის, რასაც ზედაპირზე ვხედავთ – რა მოხდა კულისებში და ვინ როგორ გარიგდა არ ვიცით, მაგრამ ფაქტი სახეზეა“, – განაცხადა ბუტიკაშვილმა
