თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებით, გერმანიაში დანიშნული ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის შედეგები მიიღო, რასაც დღევანდელ სასამართლო სხდომაზე წარადგენს.
როგორც ბაჩიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, დღეს დაცვის მხარის მოწმეები დაიკითხებიან, ასევე დაიწყება მტკიცებულებების გამოკვლევა. მისივე თქმით, დღეს დაიკითხება ლატვიის მოქალაქე, რომელმაც სესხი გამოყო მისი კაპიტალის შევსების ნაწილში.
„დღეიდან ვიწყებთ უკვე ჩვენი, დაცვის მხარის მოწმეების დაკითხვას, ასევე მტკიცებულებების გამოკვლევას. დღეს ჩვენი პირველი მოწმე ლატვიის მოქალაქე იქნება, რომელიც ადასტურებს, რომ მას ჰქონდა ჩემთან ბიზნეს ურთიერთობა და მზად იყო სესხი გამოეყო ამ პროექტის დასაფინანსებლად. მან მცირე სესხი გამოყო ჩემი კაპიტალის შევსების ნაწილში. სანამ ივანიშვილთან მივიდოდი, მოვიძიე გარედან სხვა დაფინანსების წყაროები, მათ შორის მივმართე ერთ-ერთ ჩემს მეგობარს და პარტნიორს დაფინანსებაზე, მან გამომიყო დაფინანსება გარკვეული პირობებით, შემდეგ მივედი ივანიშვილთან, ბანკის პირობები უკეთესი აღმოჩნდა საპროცენტო განაკვეთი და ამ დაფინანსების დიდი ნაწილი წამოვიღე „ქართუ ბანკიდან“, ხოლო მცირე ნაწილი, ნახევარი მილიონის ოდენობით მაინც ვისესხე და წამოვიღე ჩემი პარტნიორისგან. ის ინფორმირებული იყო, რომ „ქართუ ბანკიდან“ სესხის გზით წავედი, თუმცა პირადად ამის შემსწრე არ ყოფილა.
ჩემი დამატებითი მტკიცებულებები არის აუდიო ჩანაწერი და გერმანელი ექსპერტების დასკვნა. დასკვნა უკვე ჩამოვიდა, დღეს წარვუდგენთ სასამართლოს. სასამართლოს სხდომის შემდეგ ვისაუბრებ ამ დასკვნის შედეგებზე“,- აღნიშნა ბაჩიაშვილმა.
გიორგი ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით 2 500 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, ასევე დაწესებული აქვს დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებები.
