გიორგი ბაჩიაშვილი – ჩემთვის უცნობი პიროვნება მირტყამდა მუშტებით, შუშის ჭიქა თავზე გადამაფშვნა, ნამსხვრევის მოქნევას ცდილობდა ყელსა და სახეში, რამდენჯერმე კედელზე მიმარტყმევინა თავი – ციხის უფროსმა მითხრა, რომ არ იცოდა, თუ ეს მსჯავრდადებული იჩხუბებდა

11 ივლისს, 19:00 საათზე გაიღო ჩემი საკნის კარი და შემოვიდა ჩემთვის უცნობი პიროვნება. მან დაიწყო სიტყვიერი შეურაცხყოფა და გინება. ვთხოვე, შეეწყვიტა გინება, რის შემდეგაც ის პირდაპირ ჩხუბზე გადავიდა. მირტყამდა მუშტებით, მეჭიდავებოდა, მხარზე მიკბინა. საკანში იდო შუშის ჩაის ჭიქა, რომელიც აიღო და თავზე გადამაფშვნა, რის შემდეგაც მუხლებზე დავეცი და წამიერად გონება დავკარგე. გონზე მოსვლის შემდეგ, ის პიროვნება ისევ განაგრძობდა ჩემს ცემას და ჭიქის ნამსხვრევის მოქნევას ცდილობდა ყელისა და სახის არეში, თუმცა მარჯვენა მაჯაზე მოახერხა ჭრილობის მიყენება, მეორე ხელით კი მუშტს მირტყამდა სახეში. რამდენჯერმე კედელზე მიმარტყმევინა თავი, – ამის შესახებ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილი გავრცელებულ წერილში აღნიშნავს, სადაც მასზე თავდასხმის დეტალებს ჰყვება.
როგორც ბაჩიაშვილი ამბობს, მას 11 ივლისს უცნობი პიროვნება მისსავე საკანში დაესხა თავს, „ე“ ბლოკის დღის უფროსს კი ფაქტზე რეაგირება არ მოუხდენია.
„11 ივლისს, 19:00 საათზე გაიღო ჩემი საკნის კარი (სადაც მარტო ვიყავი ბოლო 1 კვირა, ვიდეომეთვალყურის ქვეშ, საკანში განთავსებულია 2 ვიდეოკამერა, ვიცი, რომ ვიდეოთვალი მუშაობს და 24 საათი მაკვირდებიან) და შემოვიდა ჩემთვის უცნობი პიროვნება (მაღალი, სპორტული აღნაგობის, ეცვა თეთრი ფერის მაისური და ჯინსის შარვალი, სპორტული ფეხსაცმელი). ჩემთვის მას არ უთქვამს ვინ იყო, თავად არ გამეცნო, შემდეგ მე ვკითხე ვინაობა, რაზეც აგრესიულად მიპასუხა, რომ „აქ კითხვებს მხოლოდ ის სვამდა”. მე ვუთხარი, რომ ასე საუბარი ვერ შედგებოდა (მივხვდი, რომ პროვოკაციისთვის იყო ეს პირი შემოშვებული). აღნიშნულის შემდეგ, მან დაიწყო სიტყვიერი შეურაცხყოფა და გინება. ვთხოვე, შეეწყვიტა გინება, რის შემდეგაც ის პირდაპირ ჩხუბზე გადავიდა. მირტყამდა მუშტებით, მეჭიდავებოდა, მხარზე მიკბინა სისხლამდე. ჩხუბის მიმდინარეობისას მეხუთე „ე“ ბლოკის დღის უფროსმა, არჩილმა კარის სარკმელი შეაღო, რა დროსაც შეჩერდა ეს ჩხუბი, თუმცა ამ პიროვნებამ არჩილს უთხრა, რომ დაეკეტა სარკმელი, რასაც, ჩემდა გასაკვირად, მაშინვე დაემორჩილა და სარკმელი დაკეტა. შემდეგ ისევ გაგრძელდა ჩხუბი. საკანში იდო შუშის ჩაის ჭიქა (მე არ მეკუთვნოდა, საკანში დამხვდა ეს ჭიქა, სავარაუდოდ სხვა პატიმრის), რომელიც აიღო და თავზე გადამაფშვნა, რის შემდეგაც მუხლებზე დავეცი და წამიერად გონება დავკარგე. გონზე მოსვლის შემდეგ, ის პიროვნება ისევ განაგრძობდა ჩემს ცემას და ჭიქის ნამსხვრევის მოქნევას ცდილობდა ყელისა და სახის არეში, თუმცა მარჯვენა მაჯაზე მოახერხა ჭრილობის მიყენება, მეორე ხელით კი მუშტს მირტყამდა სახეში.
რამდენჯერმე კედელზე მიმარტყმევინა თავი. ვთხოვდი, დამშვიდებულიყო და თავი დაენებებინა, რამდენიმე წუთის შემდეგ, არჩილმა შეაღო კარი, ამ პირს სთხოვა გამოსულიყო საკნიდან და ერთად გავიდნენ. საკანში იყო სისხლის გუბე, კედლებიც სისხლით იყო დასვრილი, ვითხოვდი შეხვედრას ციხის უფროსთან. დაახლოებით 10 წუთის შემდეგ ჩემთან მოვიდა ციხის უფროსი და გამიყვანა მორიგე ქირურგთან. ციხის უფროსმა მითხრა, რომ ეს პიროვნება იყო მსჯავრდადებული, (სახელი/გვარი არ უთქვამს) და მისი განკარგულებით შემოუშვეს (შესახლების მიზნით) და არ იცოდა თუ იჩხუბებდა. თუმცა ჩემთვის უკვე ყველაფერი ნათელი იყო, რადგან ეს მუქარის მესიჯის აღსრულება იყო“,- აღნიშნავს ბაჩიაშვილი.
გარდა ამისა, როგორც ბაჩიაშვილი ამბობს, მომხდარის შემდეგ, მან არაერთხელ ითხოვა სახალხო დამცველთან დაკავშირება. ომბუდსმენის წარმომადგენელთან შეხვედრა კი 12 ივლისს შეძლო.
„12 ივლისს, დაახლოებით 16:00 საათზე გადამიყვანეს N18 დაწესებულებაში. კვლავ ვითხოვდი დარეკვას და მხოლოდ 18:00 საათის შედეგ შევძელი სახალხო დამცველის აპარატში დარეკვა, მხოლოდ მას შემდეგ, რაც შიმშილობა გამოვაცხადე. ჩემს საკანში ვიდეოთვალი იყო, ასევე დერეფანში და ყველაფერი დაფიქსირებული უნდა იყოს, თუ როგორ შემოიყვანეს ჩემთან ის პიროვნება და შემდეგ სად წაიყვანეს. ჩემს ცემას ვუკავშირებ ჩემი ქონების უკანონოდ იძულებით წართმევას, დაშინებას. მოვითხოვ მარტო ყოფნას საკანში ვიდეომეთვალყურის ქვეშ. სხვაგვარად ჩემს სიცოცხლე და ჯანმრთელობა საფრთხეში იქნება. შაბათს საღამოს შემხვდა სახალხო დამცველის წარმომადგენელი, ყველაფერი მოვუყევი დეტალურად, ვითხოვ, სახალხო დამცველის აპარატისგან საკითხის შესწავლას და რეაგირებას“, – აღნიშნავს ბაჩიაშვილი.
ბაჩიაშვილის განცხადება სრულად იხილეთ ბმულზე.