თბილისის საქალაქო სასამართლოში თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარის მტკიცებულებებს იკვლევენ, კერძოდ კი, წერილობით მტკიცებულებებს. ასევე, დღევანდელ სხდომაზე გამოიკვლევენ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ აუდიოჩანაწერს, რომელიც ბაჩიაშვილის მტკიცებით ბიძინა ივანიშვილსა და მას შორის შემდგარ საუბარს ასახავს.
„ჩვენ, ჩვენი მხარის მტკიცებულებებს გამოვიკვლევთ, რომელიც დაამტკიცებს, რომ ეს იყო სესხი, რომელიც რეალურ დოკუმენტებს ეფუძნება და არა ზეპირსიტყვიერ ჩვენებებს, როგორიც ბრალდების მხარეს გააჩნია. მათ შორის, გამოვიკვლევთ ჩანაწერს, რომელიც სრულად ადასტურებს, რომ მე ბიძინა ივანიშვილთან სესხის მისაღებად ვიყავი მისული, სადაც ის მეუბნება, რომ მე ბანკში წავიდე. ეს ჩანაწერი, როგორც ყველა სხვა მტკიცებულება, საკმარისი იქნებოდა, ნებისმიერ სამართლებრივ საქმეში, რომ ამ საქმეზე განაჩენი გადაეწყვიტა, საერთოდ ნებისმიერ სამართლებრივ სახელმწიფოში ეს საქმე არც უნდა დაწყებულიყო. ეს საქმე არის ძალიან კარგი მაგალითი, რომ დღეს სასამართლო სისტემა მთლიანად ბიძინა ივანიშვილს ემსახურება. მიუხედავად იმისა, თუ რა მტკიცებულებები აქვს საწინააღმდეგო მხარეს.
ჩანაწერში ისმის, რომ ბიძინა ივანიშვილი მეუბნება, რომ დაველაპარაკო ბანკის დირექტორს, ნატო ხაინდრავას, რომელიც დამატებით ბანკის მოგების სანაცვლოდ სესხს გასცემს. მე იმავე დღეს შევხვდი ხაინდრავას და იმავე დღეს ბანკმა სესხი დაამტკიცა, ანუ გამოირიცხა ამ საუბრის სხვანაირი ინტერპრეტირება, რომელზეც მეორე მხარე აპელირებს, რომ სამი კომუნიკაცია შედგა მას შემდეგ ჩემსა და ბიძინა ივანიშვილს შორის, მათ შორის ივანიშვილსა და ხაინდრავას შორის, რომლის შედეგადაც გადაწყდა, რომ თითქოსდა, ივანიშვილი უნდა შემოსულიყო ამ პროექტში ინვესტორად, რაც ტყუილია.
სესხი იმავე დღეს დამტკიცდა და სესხის გაცემამდე ივანიშვილთან არანაირი კონტაქტი არ მქონია, ამას სატელეფონო ამონაწერებიც ადასტურებს”,- განაცხადა ბაჩიაშვილმა.
ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილისთვის წარდგენილი ბრალდება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას ეხება. კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8986 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 43 მილიონამდე აშშ დოლარს შეადგენდა.
გიორგი ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.
მას აღკვეთის ღონისძიების სახით 2 500 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, ასევე დაწესებული აქვს დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებები.
აღნიშნული ქმედება 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
