გიორგი ბაჩიაშვილი – გამოდის, საქართველოში მე ვარ პირველი შემთხვევა, რომელსაც კერძო პროექტის გადახარჯვას ედავებიან და არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცემა, ეს პირველი პრეცედენტი გახდება

გამოდის, რომ საქართველოში მე ვარ პირველი შემთხვევა, რომელსაც კერძო პროექტის გადახარჯვას ედავებიან და არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცემა, ეს პირველი პრეცედენტი გახდება, – ამის შესახებ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა, მსჯავრდებულმა გიორგი ბაჩიაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
სხდომაზე მოსამართლე ლევან გელოვანი მხარეებთან ერთად მსჯელობდა ბრალდების სამართლებრივ ასპექტებზე. დაცვის მხარე და ბრალდებულიც დაობდნენ მუხლის იმ ნაწილზე, სადაც „სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების შედეგად მძიმე შედეგის გამოწვევაზეა“ საუბარი.
„პირველი პრეცედენტი იქნება სსსკ 220-ე პრიმა მუხლზე ფინანსური ზარალი რომ განიხილება. ადამიანი არ დაზიანებულა, ხომ?“ – განაცხადა ბაჩიაშვილმა.
„მძიმე შედეგი მსჯელობის საგანს განეკუთვნება. კანონმდებელმა არ ჩაწერა „მძიმე შედეგი რა არის”, ამას წინასასამართლო სხდომის მოსამართლე ვერ შეაფასებს“, – განაცხადა მოსამართლემ. მან ასევე ბაჩიაშვილს უთხრა, რომ „ისეთი სტატუსის ადამიანთან ჰქონდა მას შეხება, ამ თანხებს ასე ვერ დაითვლიდნენ“.
„ეს იგივეა, დავუშვათ, ადამიანმა მოიპარა 100 ლარი და ამ ადამიანს სხეულის დაზიანებით ვასამართლებდეთ. 100 მილიონის გადახარჯვა – 220-ის პრიმა, რაც ადამიანის ჯანმრთელობის მოსპობა ან მძიმე შედეგი გამოიწვია, ვერ იქნება“, – განაცხადა ბაჩიაშვილმა.
მოსამართლემ მსჯელობის შემდეგ, საქმე სასამართლოს არსებითად განსახილველად გადასცა.
ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილს “მტკვარი ჰესის” საქმეზე ბრალდება საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამასთან, გიორგი ბაჩიაშვილი მსჯავრდებულია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ს კრიპტოვალუტის მითვისებაშია. მას ამ საქმეზე 11 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
ბაჩიაშვილი მსჯავრდებულია კიდევ ერთ საქმეზე, რომელიც სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს. მას სასჯელის სახით 4 წლითა და 6 თვის ვადით აქვს თავისუფლების აღკვეთა მისჯილი.