გიორგი ბაჩიაშვილის საქმის პროკურორი – მოცემულობა ასეთია და მოლოდინიც არის ის, რომ პირველი ინსტანციის განაჩენი ძალაში დარჩება

სააპელაციო სასამართლოში ბაჩიაშვილმა თავისი ჩვენებების ციტირებაზე და ამ ჩვენებების გამოყენებაზე უარი განაცხადა, ასევე, იმ კალკულაციის ამსახველ დოკუმენტაციაზეც, რაც თავისი პოზიციის გასამართლებლად წარმოადგინა – რაც შეეხება ჩანაწერს, აქაც, უარყო ის შინაარსი, რასაც მისი პოზიცია ეფუძნებოდა – რთულ პოზიციაშია დაცვის მხარე,- ამის შესახებ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის საქმის პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ განაცხადა.
პროკურორის განცხადებით, მას მოლოდინი აქვს, რომ პირველი ინსტანციის გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დარჩება.
„ჩემი მოლოდინი სააპელაციო სასამართლოსთან დაკავშირებით არის ის, რომ პირველი ინსტანციის გამამტყუნებელი განაჩენი სრულად ძალაში დარჩება, რადგან მტკიცებულებითი სტანდარტი საკმაოდ მაღალი ხარისხით არის წარმოდგენილი, როგორც დოკუმენტების დონეზე, ასევე, მოწმეების დონეზე. ასევე, ასე ვთქვათ, ერთგვარად აღიარებითი შინაარსის დოკუმენტი, რომელიც ამ სისხლის სამართლის საქმეში დევს.
რაც შეეხება თავად პროცედურას, რადგან საჩივრის ავტორი არის დაცვის მხარე, ბუნებრივია, თავდაპირველად დაცვის მხარე წარმოადგენს დასკვნით სიტყვას და შემდგომ მე. დაცვის მხარის დასკვნით სიტყვასთან დაკავშირებით, შემიძლია მოგახსენოთ, რომ ცოტა ბუნდოვანია ის მოლოდინი, რაც შეიძლება არსებობდეს ობიექტურად და რატომ – იმიტომ, რომ როგორც გამოძიების პროცესში, ასევე პირველი ინსტანციის სასამართლოს განხილვის ფარგლებში, გიორგი ბაჩიაშვილს ჰქონდა გარკვეულ სტრატეგია. ის გამოიხატებოდა იმ ჩვენებებში, რაც თავის დროზე გამოძიებას მისცა. ასევე, გამოძიების ფარგლებში წარმოდგენილი დოკუმენტაციით, ე.წ კალკულაციით და ასევე ჩანაწერით, რომლის ავთენტურობა ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
რაც შეეხება მოცემულობას სააპელაციო სასამართლოში, ეს ყველაფერი შეიცვალა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, სააპელაციო სასამართლოში თავისი ჩვენებების ციტირებაზე და ამ ჩვენებების გამოყენებაზე გიორგი ბაჩიაშვილმა უარი განაცხადა იმის მოუხედავად, რომ ერთ-ერთი საკითხი, რასაც ასაჩივრებს, არის ეს. მეორე რაც მნიშვნელოვანია ისაა, რომ თავისი პოზიციის გასამართლებლად, როგორც აღვნიშნე, გამოძიების ფარგლებში კალკულაციის ამსახველი დოკუმენტაცია წარმოადგინა. ამ დოკუმენტის გამოყენებაზეც უარი განაცხადა და იმ შინაარსზეც, რაც კალკულაციას უკავშირდებოდა, ასევე, უარი განაცხადა და უარყო.
რაც შეეხება ჩანაწერს, გავიმეორებ, ეს ჩანაწერი, ავთენტურობა რომ გვერდზე გადავდოთ, მისი საწინააღმდეგოა. აქაც, წინა პროცესზე როდესაც დაიკითხა მსჯავრდადებული, პრაქტიკულად, უარყო ის შინაარსი, რასაც მისი პოზიცია ეფუძნებოდა, როგორც პირველი ინსტანციის დროს, ასევე გამოძიების ფარგლებში. ჩემი აზრით, ძალიან რთულ პოზიციაშია დაცვის მხარე. შესაბამისად, მოცემულობა ასეთია და მოლოდინიც არის ის, რომ პირველი ინსტანციის განაჩენი ძალაში დარჩება“,- განაცხადა პროკურორმა.
ინფორმაციისთვის, თბილისის სააპელაციო სასამართლოში „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის მიმდინარე სასამართლო პროცესზე განიხილება საქმე, რომელიც „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ს კრიპტოვალუტის მითვისებას ეხება. აღნიშნულთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბაჩიაშვილს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ასევე, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მხარეები დასკვნით სიტყვებს წარმოთქვამენ, ხოლო გიორგი ბაჩიაშვილი საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლებს, რის შემდეგაც სააპელაციო სასამართლო განაჩენს გამოაცხადებს.