ეს ბრძოლა [გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე] არ დასრულდება დღევანდელი გადაწყვეტილებით, პირიქით, ის გადადის ახალ ეტაპზე და სამომავლოდ, გაგრძელდება საერთაშორისო ინსტანციებში – ამის შესახებ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატმა დავით ჯანდიერმა სოციალურ ქსელში მას შემდეგ დაწერა, რაც საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა ცნობილი.
როგორც მან აღნიშნა, ბაჩიაშვილის საქმე ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ იყენებს ხელისუფლება სასამართლოს პირადი ანგარიშსწორებისა და პოლიტიკური ოპონენტების გასანადგურებლად.
„გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს დღევანდელმა განაჩენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოში სასამართლო ხელისუფლება სრულად პოლიტიკურად კონტროლირებულია და ხელისუფლების მორჩილ ინსტრუმენტად არის ქცეული. ეს არ იყო სამართლებრივი პროცესი, ეს იყო ფორმალობად შენიღბული პოლიტიკური რეპრესიის მორიგი ეტაპი. გიორგის საქმე ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ იყენებს ხელისუფლება სასამართლოს პირადი ანგარიშსწორებისა და პოლიტიკური ოპონენტების გასანადგურებლად. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას ქვეყნის შიგნით და ფარგლებს გარეთ, დემოკრატიულ პარტნიორებთან, რათა ეს უსამართლობა არ დარჩეს შენარჩუნებული. ეს ბრძოლა არ დასრულდება დღევანდელი გადაწყვეტილებით, პირიქით, ის გადადის ახალ ეტაპზე და სამომავლოდ, გაგრძელდება საერთაშორისო ინსტანციებში“,- წერს ჯანდიერი.
ცნობისთვის, სააპელაციო სასამართლომ, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება “თანაინვესტირების ფონდის” ყოფილი გენერალური დირექტორისთვის გიორგი ბაჩიაშვილისთვის შეფარდებული 11-წლიანი თავისუფლების აღკვეთა ძალაში დატოვა. საქმე „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებას ეხება, რაზეც თბილისის საქალაქო სასამართლომ ბაჩიაშვილს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
