გიორგი ბარამიძე – ჩვენ არავის ვებრძვით, თვითონ გვემიჯნებიან, უცხოელებთან ვირტუალური შეხვედრიდან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ამოშალეს, მიზეზი სალომე ზურაბიშვილს ჰკითხეთ – პარტნიორები გაკვირვებულები არიან

ჩვენ არავის ვემიჯნებით, თუ რამე კარგს გააკეთებენ მზად ვართ იქ ვიყოთ, მაგრამ ისინი თვითონ გვემიჯნებიან. ახლახან იყო უცხოელებთან ჩართვა და იქ ჩვენი წარმომადგენელიც უნდა ყოფილიყო და ვირტუალური შეხვედრიდან ამოშალეს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი. მიზეზი ჰკითხეთ სალომე ზურაბიშვილს , – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ „წინააღმდეგობის პლატფორმაზე“ საუბრისას განაცხადა.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალი სტუდიაში“ აღნიშნა, ის რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ იმყოფებოდა შეხვედრაზე, არის უპასუხისმგებლობა და ინფანტილური დამოკიდებულება.
მისი თქმით, დასავლელი პარტნიორები გაკვირვებულები არიან.
„წინა თვეები რისი პლატფორმა იყო? წინააღმდეგობის არ იყო? ბოლოს სიტყვით რომ გამოვიდა, არჩევნებზე დაიწყო საუბარი და ლამის დამკვირვებლების მომზადებაზე. რა დამკვირვებლებზე ვსაუბრობთ? რას უნდა დავაკვირდეთ? სპეცოპერაციას როგორ ჩაგვიტარებს სუს-ი მორიგ ჯერზე? მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ არავის ვებრძვით აქეთა ფლანგზე. ჩვენ არავის ვემიჯნებით, თუ რამე კარგს გააკეთებენ მზად ვართ იქ ვიყოთ, მაგრამ ისინი თვითონ გვემიჯნებიან. ახლახანს იყო უცხოელებთან ჩართვა და იქ ჩვენი წარმომადგენელიც უნდა ყოფილიყო და ვირტუალური შეხვედრიდან ამოშალეს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი. მიზეზი ჰკითხეთ სალომე ზურაბიშვილს. ეს არის უპასუხისმგებლობა, ძალიან ინფანტილური დამოკიდებულება. ჩვენი დასავლელი პარტნიორები გაკვირვებულები არიან“,- განაცხადა ბარამიძემ.
როგორც ბარამიძე აღნიშნავს, „წინააღმდეგობის პლატფორმის“ შექმნიდან 5 თვის თავზე სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა და გაირკვა , რომ „თურმე ერთიანობის იდეა შემოგდებული ყოფილა“.
„სალომე ზურაბიშვილისადმი 2018 წლის დამოკიდებულების მიუხედავად გვერდში დავუდექით, მას წარმოედგინა საქართველო, მათ შორის, პოლიტიკური პარტიები და საზღვარგარეთ ჩვენი სათქმელი ეთქვა. მიუხედავად იმისა, რომ ის ამბობდა „არა და არასდროს“ ს გათავისუფლებაზე, რატომ კაცმა არ იცის. საბოლოოდ ისიც გაირკვა, რომ სალომე ზურაბიშვილის სულისკვეთება არ ყოფილა მიმართული ერთიანობისკენ. 5 თვის თავზე გაირკვა და ჩვენთვის გასაოცარი განცხადება გააკეთა, რომ თურმე ერთიანობის იდეა ყოფილა შემოგდებული“,- განაცხადა ბარამიძემ.
მისივე თქმით, იქ სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტს , მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმრად არ აღიარებენ , იქ აბსურდია ყოფნა.
„პაატა ბურჭულაძემ გადაწყვიტა ითამაშოს კოორდინატორის როლი, ჩვენ ამ ფორმატში მონაწილეობას ვიღებთ. სადაც მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმრად არ აღიარებენ იქ ხომ აბსურდია … მარტო „ქოცი“ და პუტინი არ აღიარებს სააკაშვილს პოლიტპატიმრად. ყველას მოვუწოდებთ თანამშრომლობისკენ, ერთიანობისკენ, სიმართლით ბრძოლისკენ! თუ შიგნით მივაღწევთ, სიმართლეს, სამართლიანობას და ერთმანეთის პატივისცემას, მაშინ ამ რეჟიმს მშვიდობიანად აუცილებლად გავისტუმრებთ ხელისუფლებიდან“ ,- განაცხადა ბარამიძემ.
ამასთან, ბარამიძემ 26 მაისზე და ამ დღესთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმაზე ისაუბრა. მისი თქმით, 26 მაის ერთ მხარეს იქნება ქართული საზოგადოება, ხოლო მეორე მხარეს „მოღალატე რუსული მეხუთე კოლონა“
„ 26 მაისი არის საქართველოს თავისუფლების იდეის ზეიმი და ყველანი ერთად ვიზეიმებთ, აქეთ იქნება მოღალატე რუსული მეხუთე კოლონა და აქეთ იქნება მთელი ქართული საზოგადოება. ეს არ არის გახლეჩა – ეს არის მეხუთე კოლონა, მოღალატეთა და კრიმინალთა ბანდა. ისინი არ წარმოადგენენ ქართულ საზოგადოებას. ქართული საზოგადოება იქნება ერთად რუსთაველის გამზირზე, ყველანი ერთად ვიზეიმებთ ამ დღეს“,- განაცხადა ბარამიძემ.