რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობა არის არა ბრძოლაში, არამედ “ქოცების“ თამაშში ყოფნა – ვინც “ქოცების“ თამაშში შევა, ბუნებრივია, საზოგადოებისგან იმ ადეკვატურ პასუხს მიიღებს, რასაც იმსახურებს, – ასე გამოეხმაურა პარტია “ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ბარამიძე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციიდან “ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის გრიგოლ გეგელიას გაძევების ინციდენტს.
ბარამიძის განცხადებით, “როდესაც ესა თუ ის პოლიტიკური ძალა რეჟიმის ერთგვარ ლეგიტიმაციას ახდენს და მზად არის მის თამაშში მიიღოს მონაწილეობა, აზრობრივი დაპირისპირება არა თუ მისაღები, არამედ აუცილებელია“.
“ის, რაც 4 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს, არის რუსული სპეცოპერაცია – რუსული რეჟიმისა და რუსული მეხუთე კოლონის თამაში. ამ თამაშში შესვლაზე საყვედური არ უნდა გაგიკვირდეს ის ადამიანებისგან, ვინც ამდენი თვეა რუსულ რეჟიმს და მის მიერ ხელისუფლების მიტაცებას აპროტესტებს.
ამ ძალებს მოვუწოდებ, რომ მოეგონ გონს, არ მიიღონ მონაწილეობა რუსულ სპეცოპერაციაში და თავაწეულები იმ ადამიანებს დაუდგნენ გვერდში, ვინც რუსულ მოღალატეობრივ კრიმინალურ ბანდას აპროტესტებს“, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
ცნობისთვის, 6 აგვისტოს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე მოქალაქეები “ლელო-ძლიერი საქართველოს” ლიდერებს დაუპირისპირდნენ.
სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე გრიგოლ გეგელია შენიშნეს. აქციის მონაწილეების განაცხადებით, მათი პროტესტის მიზეზი „ლელოს” ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა გახდა.
