“მეგობარ აქტი” სენატში – ქართველი დიპლომატი, “საქართველოს დიპლომატთა კლუბის” წევრი გიორგი ბადრიძე ამბობს, რომ კონგრესს აქამდეც უნდა ემოქმედა და ივანიშვილის გუნდის წევრებისთვის დემოკრატიული ინსტიტუტების მოსპობისთვის მკაცრი ზომები უნდა აემოქმედებინა.
ბადრიძის თქმით, “ადამიანები, ვინც ივანიშვილის პოლიტიკას ახორციელებენ, გარკვეული პოლიტიკური ფასის გადახდა აუცილებლად მოუწევთ”
ამ აქტის მიღება იმ ეტაპზე სადაც არის, არის გამოხატულება იმისა, რომ საქართველოს ნამდვილი მეგობრები აშშ-ში არ არიან გულგრილნი იმ პროცესების, რაც მიდის საქართველოში – ერთის მხრივ, ეს არის სახელმწიფოს მიტაცება და მეორე, ანტიდასავლური, ანტიამერიკული პოლიტიკის გატარება, რაც მითუმეტეს აქტუალურია შტატების კანონმდებლებისთვის. ამ ხელისუფლების, მისი მსახურების დამსახურება არის სრული მოსპობა დემოკრატიული ინსტიტუტების. ის ადამიანები, ვინც ახორციელებენ ივანიშვილის პოლიტიკას, მოუწევთ გარკვეული პოლიტიკური ფასის გადახდაც, რაც დაგვიანებულია. არ ჩქარობს ჩემი აზრით კონგრესი, ეს დიდი ხნის წინ უნდა გაეკეთებინათ”, – ამბობს “საქართველოს დიპლომატთა კლუბის” წევრი გიორგი ბადრიძე.
შეგახსენებთ, რომ 6 მაისს, წარმომადგენელთა პალატაში MEGOBARI აქტს მხარი 349 კონგრესმენმა დაუჭირა, რაც კანონპროექტის 80%-იანი მხარდაჭერაა.
გუშინ, 7 მაისს კი ცნობილი გახდა, რომ სენატმა MEGOBARI აქტი განსახილველად მიიღო. MEGOBARI Act უკვე ჩასმულია სენატის კალენდარში და სავარაუდოდ, უახლოეს კვირაში გაერთიანებულ სხდომაზე იმსჯელებენ, შემდეგ კი მხოლოდ დონალდ ტრამპის ხელმოწერა დარჩება.