გიორგი ახობაძის ადვოკატის თქმით, დაცვის მხარის მიერ დანიშნული ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გაირკვა, რომ საქმეში არსებულ ნარკოტიკული საშუალების შესაფუთ ლენტზე აღმოჩენილი ბიოლოგიური მასალა არის ნერწყვი

გიორგი ახობაძის ადვოკატის, ლაშა ცუცქირიძის თქმით, დაცვის მხარის მიერ დანიშნული ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გაირკვა, რომ საქმეში არსებულ ნარკოტიკული საშუალების შესაფუთ ლენტზე აღმოჩენილი ბიოლოგიური მასალა არის ნერწყვი.
აღსანიშნავია, რომ ბრალდების მხარის მიერ ჩატარებული ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა ინფორმაციას იძლევა მხოლოდ იმაზე, რომ ნარკოტიკულ საშუალებაზე აღმოჩნდა ახობაძის ბიოლოგიური მასალა, თუმცა მასში არაა დაკონკრეტებული რა სახის ბიოლოგიური ნიმუში იყო ეს – ოფლი, ნერწყვი, შარდი თუ სხვა.
დაცვის მხარისთვის კი, გამომდინარე მათი პოზიციიდან, ამ საკითხის დაზუსტება არსებითი მნიშვნელობის იყო.
ცუცქირიძე განმარტავს, თუ რა მნიშვნელობა აქვს ამ საკითხს გიორგი ახობაძის საქმეში და როგორ ამყარებს ეს მათ პოზიციას – რომ საქმეში ამოღებული ნარკოტიკული საშუალება სინამდვილეში გიორგი ახობაძეს ჩაუდეს.
💬 „საზოგადოებამ გიორგი ახობაძისგან ძალიან კარგად იცის, რომ პირველ ეტაპზე, როდესაც მას ჩხრეკა ჩაუტარეს და ამოუღეს ე.წ. ჩადებული ნარკოტიკი – გარდა ტანისამოსის დათვალიერებისა, გამომძიებლებმა პირში ღრმად გამოუსვეს ხელი. შესაბამისად, ჩვენ პირველი პროცესებიდანვე ვამტკიცებდით იმას, რომ თუ დნმ ამოვიდოდა ჩამკეტ მასალაზე ან წებოვან ლენტებზე, ეს იქნებოდა აუცილებლად ნერწყვი და ეს იქნებოდა ხელოვნურად დატანილი.
სწორედ აქედან გამომდინარე დავუსვით კითხვა ექსპერტს, რომ დაედგინა ბიოლოგიური მასალის სახეობა. ექსპერტმა დაადგინა ცალსახად, რომ აღნიშნული ბიოლოგიური მასალა წარმოადგენს ნერწყვს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ გიორგი ახობაძის პირის მიდამოდან აიღეს ნერწყვის მასალა განზრახ, მისი ნების საწინააღმდეგოდ, რათა გადაეტანათ ჩადებულ ნარკოტიკულ საშუალებაში“, – ამბობს ცუცქირიძე.
შეკითხვაზე, რამდენად ლოგიკურია, რომ შესაფუთ მასალაზე თავისთავად მოხვედრილიყო ნერწყვი, ცუცქირიძე ამბობს, რომ:
💬 „ბიოლოგიური საექსპერტო ცოდნა არ სჭირდება ამას და იურისტებმაც შეგვიძლია დავასკვნათ, არა ვარაუდით, არამედ ძალიან მაღალი ალბათობით, რომ ნერწყვი როგორც ბიოლოგიური მასალა თუ თვითონ ადამიანი ხელოვნურად არ განიზრახავ, რომ მოახვედრო ამ მასალაზე, სხვაგვარად ფიზიკურად ვერ მოხვდება“, – ამბობს ის.
დაცვის მხარე აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის მტკიცებულების სახით დართვას მოითხოვს.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია – ეკატერინბურგში აზერბაიჯანული დიასპორის ლიდერი, შაჰინ შიხლინსკი დააკავეს, მას მანქანის ფანჯარა ჩაუმტვრიეს, გადმოათრიეს და ხელბორკილი დაადეს – რუსმა ძალოვანებმა დააკავეს ბიზნესმენი იუსუფ ხალილოვიც

გიორგი ბუტიკაშვილი – გახარია თუ გერმანიიდან აპირებს პარტიის მართვას და არჩევნებში შესვლას, არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ,“ლელოც” მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, კარგად იციან და კვლევებიდანაც დაინახავდნენ, რომ შანსი არ აქვთ არც თბილისში და არც არსად