ფხიზლად უნდა ვიყოთ იმიტომ, რომ 2026 წელს „ქართული ოცნება“ კიდევ უფრო წინ წავა. ეს საოკუპაციო რეჟიმია, უბრალოდ პოლიტიკური ტყვიებით კლავენ ამ ქვეყანას, – ამის შესახებ ექიმმა და სამოქალაქო აქტივისტმა გიორგი ახობაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.
გიორგი ახობაძის თქმით, ქვეყანაში კატასტროფული ვითარებაა, „სახელმწიფო თავზე ჩამოგვენგრა და დავბრუნდით მდგომარეობაში, რაშიც ვიყავით 2000-იანების დასაწყისში“.
„2026 წელს ფხიზლად უნდა ვიყოთ. მგონია, რომ „ქართულ ოცნებას“ ჯერ იმის ნახევარი გზა აქვს გავლილი, რა შეკვეთაც აქვთ. თავისით არაფერი არ შეიცვლება. ფხიზლად უნდა ვიყოთ იმიტომ, რომ ესენი კიდევ უფრო წინ წავლენ. ეს არ არის ბოლო. ჩემი აზრით, ეს საოკუპაციო რეჟიმია, უბრალოდ პოლიტიკური ტყვიებით კლავენ ამ ქვეყანას. არცერთი ინსტიტუცია აღარ მუშაობს ამ ქვეყანაში ისე, როგორც საჭიროა. საჯარო მოხელეებმა ლაპარაკი რომ დაიწყონ, ვინც საშუალო და მაღალ რგოლშია და მოგვიყვნენ, რა ხდება ამ სტრუქტურებში, აღმოვაჩენთ, რომ კატასტროფაა, თავზე ჩამოგვენგრა სახელმწიფო და დავბრუნდით მდგომარეობაში, რაშიც ვიყავით 2000-იანების დასაწყისში. ჯერჯერობით კარგად შეფუთულია და არ ჩანს, პლუს ქოლცენტრებით ნაშოვნი ფული იხარჯება და სუპის ფულს შოულობენ“, – განაცხადა გიორგი ახობაძემ.
გიორგი ახობაძის განცხადებით, 2026 წელს ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, რომ პოლიტიკოსებსა და მოქალაქეებს შორის „უფსკრული გადაილახოს“.
სულ მუდმივად ახალ სახეებს ეძებენ, პოლიტიკოსები ისეთი უნდათ, ასეთი უნდათ, მაგრამ ამ წუთას პოლიტიკური ლიდერი, რომელიც მაღალი ცნობადობით გამოირჩევა, სულ 8-9 კაცია და დანარჩენი ახალია. პოლიტიკოსები, მოქალაქეები და საზოგადოების აქტიურო ნაწილი უნდა დაკავშირდეს ერთმანეთთან და აქტიურად უნდა დაიწყოს მოქმედება. პლუს, როდესაც ქუჩაში გამოვალთ, ვიცოდეთ, რომ თუ გვინდა შედეგის მიღწევა, სახლში არ უნდა წავიდეთ მიუხედავად იმისა, რას გვიზამს სპეცრაზმი“, – განაცხადა გიორგი ახობაძემ.




