გიორგი ამილახვარი – ახალ სახელფასო ფორმულაზე მუშაობა მიმდინარეობს – ჩნდება კითხვა, რატომ 1-ელი ივლისიდან? აუცილებელია, რომ სიახლე ბაზებში აისახოს, რისი გაკეთებაც სასწავლო პროცესისას შეუძლებელია

ახალ სახელფასო ფორმულაზე მუშაობა მიმდინარეობს. ჩნდება კითხვა, რატომ პირველი ივლისიდან. ესეც ძალიან მარტივია, აუცილებელია, რომ ახალი სახელფასო ფორმულა ბაზებში აისახოს, სისტემა ამაზე გადაერთოს და ამის გაკეთება, პრაქტიკულად, შეუძლებელია, როდესაც სასწავლო პროცესი მიმდინარეობს,- ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, მასწავლებელთა სახელფასო რეფორმებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე განცხადებით, 2023-2024 წლის სასწავლი წლის დასრულების შემდეგ, „მასწავლებლების ახალი სახელფასო ფორმულა მეორე დღიდანვე ამოქმედდება“.
„ერთ-ერთი ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელზეც სამინისტროში ვმუშაობთ, ეს არის ზოგადი და სასკოლო განათლება, მასთან დაკავშირებული ყველა გამოწვევაა. ამ პროცესში ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, მასწავლებლებთან დაკავშირებული გამოწვევები და საკითხებია, ამ შემთხვევაში სახელფასო პოლიტიკა. მიგვაჩნია, რომ ჩვენი ხელისუფლების დროს ხელფასების დაახლოებით, 200%-იანი მატება იყო. თუმცა ვფიქრობთ, რომ საკმარისი არ არის და იქითა წლის ბიუჯეტში პედაგოგების ხელფასებისთვის უპრეცედენტო, ისტორიული ზრდა არის დაგეგმილი. ეს არაერთხელ ვთქვით და კიდევ მინდა, ყველა პედაგოგს და საზოგადოებას ხაზგასმით ვუთხრა, რომ ახალ სახელფასო ფორმულაზე მუშაობა მიმდინარეობს, რომელშიც ყველა დაინტერესებული მხარეა ჩართული, მათ შორის პროფკავშირები, მასწავლებლების წარმომადგენლები. ჩვენ უწყვეტად ვაგრძელებთ მათთან კომუნიკაციას, თუმცა ერთი რაც ზუსტად ვიცით, ის არის, რომ სრული დატვირთვის პირობებში, 2024 წლის პირველი ივლისიდან მასწავლებლების ხელფასი მინიმუმ 500 ლარით და მეტით გაიზრდება. ამას, როდესაც ვამბობთ, უმეტეს შემთხვევაში სრული დატვირთვის პირობებში არის 600, 700, 800-ლარიანი მატება. ხაზგასმით ვამბობ, სისტემაში არც ერთ პედაგოგს არ დარჩება ისე, რომ მდგომარეობა რაიმეთი გაუარესდეს, პირიქით ყველასთან იქნება მატება უზრუნველყოფილი, რომელიც გაცილებით მეტი იქნება, ვიდრე ის ბოლო სამწლიანი 125-ლარიანი მატებები, რომელიც იანვარში იწყებოდა. შესაბამისად, ერთი წლის ჭრილშიც კი მასწავლებლები, იმ 6 თვეში პირველი ივლისიდან თუ ავითვლით, 4-5-ჯერ მეტ ხელფასს აიღებენ, ვიდრე იანვრიდან 125-ლარიანი მატება ყოფილიყო, რომელსაც არანაირი დიდი ეფექტი არ მოაქვს. გვინდა, სრულიად ახალი სახელფასო ფორმულა ჩამოვაყალიბოთ, რომელიც დაფუძნებული და კონკურენტუნარიანობას, მათ შორის, რაც ყველაზე მთავარია, ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფას განაპირობებს.
ჩნდება კითხვა, რატომ პირველი ივლისიდან, ესეც ძალიან მარტივია. აუცილებელია, რომ ახალი სახელფასო ფორმულა ბაზებში აისახოს, სისტემა ამაზე გადაერთოს და ამის გაკეთება პრაქტიკულად შეუძლებელია, როდესაც სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. აუცილებელია, რომ მიმდინარე, 2023-2024 სასწავლო წელი დამთავრდეს. ეს მთავრდება 2024 წლის ივნისში, შესაბამისად, არ ველოდებით არანაირ სხვა თარიღს და მეორე დღიდანვე, პირველი ივლისიდან ამოქმედდება ახალი სახელფასო ფორმულა. მიგვაჩნია, რომ ეს არის ჩვენი გმირი და ღირსეული მასწავლებლების ნამდვილად ღირსეული დაფასება. ისინი ღირსეულ ხელფასს იმსახურებენ და ეს ხელს შეუწყობს ხარისხიანი განათლებას, რომელიც ჩვენი ქვეყნის საწინდარია.
აქვე, უაღრესად დამაზიანებელი და დეზინფორმაციული კამპანია მიმდინარეობს ხელფასებთან დაკავშირებითაც, თითქოს ჩვენ ცრუ დაპირებებს ვაძლევთ და ხელფასები არ გაიზრდება. ვერავინ ვერ შეძლებს, მათ შორის მცირე ჯგუფებიც კი, ეს პროცესი დააზიანონ, ვინაიდან ეს პედაგოგებისა და ქვეყნის ინტერესებში შედის“,- განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე გიგი უგულავაზე – 50 მილიონი აქვს მოპარული და თვითონ „მსხვილმანი თაღლითია“, სხვას ეძახის წვრილმანებს და შეურაცხყოფას აყენებს – სხვას აბრალებს და თვითონ დაუბრალებლად და ალალად არის „მსხვილმანი თაღლითი“