შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში ცვლილებების ნაჩქარევი მიღება ქართულ საზოგადოებაზე შორს მიმავალ გავლენას მოახდენს – ევროკავშირი მზადაა, განახორციელოს შემდგომი ქმედებები ძალადობისთვის პასუხისმგებელი პირების პასუხისმგებლობისთვის,- ამის შესახებ ევროკომისიის პრეს-სპიკერი გაფართოების, საერთაშორისო პარტნიორობისა და ხმელთაშუა ზღვის საკითხებში, გილიომ მერსიე „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
ამასთან, ის საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, პატივი სცეს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებას და აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებისგან მკაფიო და მნიშვნელოვან ნაბიჯებს ელიან.
„საქართველოს დაბრუნება ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს ხელისუფლების ხელშია. ევროკავშირი მზადაა განაახლოს ურთიერთობა იმ შემთხვევაში, თუ საქართველომ კურსი შეცვალა და ევროპულ გზას განაახლებს.
ევროკავშირის მიდგომა საქართველოს მიმართ ყოველთვის იყო ღია და დამსახურებაზე დაფუძნებული. ჩვენ მკაფიოდ და არაერთხელ ვაცნობეთ ჩვენი რეკომენდაციები და შეშფოთება საქართველოს ხელისუფლებას.
ევროკავშირი სინანულს გამოთქვამს ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადებას „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, არ განაგრძოს ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება და უარი თქვას ევროკავშირის ფინანსურ მხარდაჭერაზე 2028 წლამდე. ეს განცხადება წარმოადგენს მნიშვნელოვან გადახვევას საქართველოს წინა მთავრობების პოლიტიკიდან და ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის ევროპული მისწრაფებებიდან, რაც ასახულია საქართველოს კონსტიტუციაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულმა ქმედებებმა და დემოკრატიულმა უკუსვლამ გამოიწვია ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერება 2024 წლის ივნისში. გარდა ამისა, ევროკავშირის ფინანსური დახმარება საქართველოს ხელისუფლებისთვის ამჟამად შეჩერებულია.
ევროკავშირი მკაცრად გმობს ნებისმიერ ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ, რომლებიც იცავენ თავიანთ დემოკრატიულ და ევროპულ მომავალს. ხელისუფლების ამ ქმედებებს სერიოზული შედეგები აქვს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე.
მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას პატივი სცეს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებას. მათ თავი უნდა შეიკავონ მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკოსების ან მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ ძალის გამოყენებისგან. ძალადობის ყველა აქტი სრულად უნდა იყოს გამოძიებული და პასუხისმგებელი პირები შესაბამის პასუხისმგებლობაში უნდა მიეცენ.
ჩვენ ველით მკაფიო და მნიშვნელოვან ნაბიჯებს საქართველოს ხელისუფლებისგან, რომლებიც მხარს უჭერენ მათ განზრახვებს ხელახლა ჩაერთონ ევროკავშირის გზაზე.
ევროკავშირმა ჩამოაყალიბა მკაფიო ნაბიჯები გაწევრიანების პროცესის განახლებისთვის. მათ შორისაა იმ კანონების გაუქმება, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს, ასევე მტკიცე ვალდებულებას 2023 წლის დეკემბრის კომისიის რეკომენდაციებში განსაზღვრული 9 ნაბიჯის განხორციელებისადმი“,- განაცხადა გილიომ მერსიემ.
ამასთან, მან საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები შეაჯამა და ის ნაბიჯები დაასახელა, რამაც საქართველო ევროკავშირთან დაძაბულობამდე მიიყვანა.
„2023 წლის დეკემბერში ევროპულმა საბჭომ საქართველოს მიანიჭა კანდიდატის სტატუსი იმ გაგებით, რომ საქართველო აპირებს მიიღოს რეკომენდაციები.
მას შემდეგ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები არ შეესაბამება მის გაცხადებულ ევროპულ მისწრაფებებს. ქვეყანაში არსებულმა დემოკრატიულმა უკუსვლამ გამოიწვია გაწევრიანების პროცესის ფაქტობრივი შეჩერება, როგორც ეს გამოხატულია ევროსაბჭოს დასკვნებში 2024 წლის ივნისში.
საქართველო 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ღრმა პოლიტიკურ კრიზისშია ჩარჩენილი. ბოლოდროინდელმა მოვლენებმა, განსაკუთრებით ევროკავშირისა და საერთაშორისო სტანდარტებთან დაპირისპირებული კანონების მიღებამ და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობამ, აიძულა ევროკავშირი მიეღო დამატებითი ზომები. ეს მოიცავს საქართველოს ხელისუფლებასთან პოლიტიკური კონტაქტების შემცირებას, საქართველოს ხელისუფლებისთვის პირდაპირი დახმარების შეწყვეტას და დიპლომატიური და ოფიციალური პასპორტების მქონე ქართველი დიპლომატების, ოფიციალური პირებისა და მათი ოჯახებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას“,- განაცხადა გილიომ მერსიემ.
კითხვაზე, რა უნდა გაკეთდეს როგორც საქართველოს, ისე ევროკავშირის მხრიდან, ნორმალურ ურთიერთობებზე დასაბრუნებლად, მერსიე ამბობს, რომ საქართველოს დაბრუნება ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს ხელისუფლების ხელშია.
„საქართველოში განვითარებული ნეგატიური მოვლენების ფონზე, ევროკავშირმა 2024 წლის ზაფხულში შეაჩერა ყველა ფინანსური დახმარება, რომლითაც უშუალოდ სარგებლობდა საქართველოს ხელისუფლება, პირდაპირი საბიუჯეტო მხარდაჭერის ჩათვლით. ეს შეადგენს 120 მილიონ ევროზე მეტს და მოიცავს უსაფრთხოების სექტორისა და სახელმწიფო ფინანსების მართვის მხარდაჭერას. მაგალითად, ჩვენ ვგეგმავდით აღჭურვილობისა და ტექნიკური დახმარების მიწოდებას შესაბამისი სამინისტროებისთვის კიბერუსაფრთხოების და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის გასაძლიერებლად. გარდა ამისა, ჩვენ შევაჩერეთ ახალი ინვესტიციები. ამავდროულად, ჩვენ უზრუნველვყოფთ და გავაგრძელებთ ჩვენს მხარდაჭერას სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ. ევროკავშირმა ასევე მიიღო გადაწყვეტილება დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ“,- განაცხადა გილიომ მერსიემ.
გარდა ამისა, მერსიემ შეაფასა ბოლო დროს „ქართული ოცნების“ მიერ დაჩქარებული წესით განხორციელბუელი საკანონმდებლო ცვლილებები. როგორც მან განაცხადა, ბოლო მოვლენები საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის სერიოზულ უკმარისობას აჩვენებს.
„ევროკომისიამ და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ამ თემაზე არაერთი ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. დღესაც (7.02.2025) კომისარმა კოსმა და უმაღლესმა წარმომადგენელმა კალასმა გაიმეორეს, რომ ბოლო მოვლენები საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის სერიოზულ უკმარისობას აჩვენებს და არ შეესაბამება ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის მხრიდან არსებულ მოლოდინს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, სისხლის სამართლის კოდექსში და შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში ცვლილებების ნაჩქარევი მიღება ქართულ საზოგადოებაზე შორს მიმავალ გავლენას მოახდენს. ისინი მნიშვნელოვნად გამოუთხრიან ძირს გამოხატვის თავისუფლების უფლებებს, შეკრების თავისუფლებას და მედიის თავისუფლებას. ევროკავშირი მოუწოდებს ხელისუფლებას შეაჩერონ ეს ზომები, თავი შეიკავონ შემდგომი დაძაბულობისგან და დაელოდონ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) აზრს, როგორც ამას სახალხო დამცველი ითხოვს“,- განაცხადა გილიომ მერსიემ.
რაც შეეხება დიპლომატიური პასპორტების მქონე მაღალი თანამდებობის პირებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას, გილიომ მერსიემ განაცხადა, რომ „ეს ძლიერი სიგნალია“.
„ეს გადაწყვეტილება ცხადყოფს ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების მზაობას, მტკიცედ რეაგირებდნენ ადგილზე გაუარესებულ ვითარებაზე. ეს არის ძლიერი სიგნალი საქართველოსთვის და ქართველებისთვის. ევროკავშირი მზადაა განახორციელოს შემდგომი ქმედებები ძალადობისთვის პასუხისმგებელი პირების პასუხისმგებლობისთვის“,- განაცხადა გილიომ მერსიემ.
ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.
