გივი მიქანაძე – ოპოზიციამ იცის, რომ პირწმინდად აგებს 2024 წლის არჩევნებს – კარგად ხვდებიან, რომ ეს არჩევნები ბევრი მათგანისთვის პოლიტიკური კარიერის დასასრული შეიძლება იყოს

ოპოზიციამ ძალიან კარგად იცის, რომ პირწმინდად აგებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს და ერთადერთი, რაც მათ დარჩენიათ, არის წინასწარ მოახდინონ პროცესის დისკრედიტაცია – კარგად ხვდებიან, რომ ეს არჩევნები ბევრი მათგანისთვის პოლიტიკური კარიერის დასასრული შეიძლება იყოს, ამიტომ ერთადერთ შესაძლებლობად აქციეს დეზინფორმაცია და შეტევა ცესკოსა და მის მარეგულირებელ კანონმდებლობაზე, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე შეფასებით, ოპოზიციის წარმომადგენლები ცდილობენ, რომ საზოგადოებას და დასავლელ პარტნიორებს შეუქმნან აღქმები, „თითქოს პროცესი მიდის სამართლიანი არჩევნების საპირისპიროდ“.
„მსურს გამოვეხმაურო ხელოვნურად აგორებულ კამპანიას, რაც ცესკოს დისკრედიტაციის მცდელობასა და საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას ეხება. უპირველესად, უნდა ითქვას, რომ წინასწარ დადგმული სცენარი, რომელიც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ასე აქტიურად ვითარდება, გვიჩვენებს, რომ მასში ჩართულია ოპოზიციური სპექტრის ის ნაწილი, რომელიც თავისი რადიკალიზმით გამოირჩევა, მათთან დაკავშირებული მედიასაშუალებები და ის მდიდარი „ენჯეოები“, რომელთა პოზიციონირება სხვა არაფერია თუ არა პოლიტიკურ დღის წესრიგში ოპოზიციური ფლანგის პოზიციების განმტკიცება. ამ ყველაფერს ემატება ს ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი, გამოხატული მიღებულ კანონზე ვეტოს დადებით. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ყველა ეს ზემოთ დასახელებული სუბიექტი, მთავარ არგუმენტად იყენებს ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის 2023 წლის დასკვნას პირველი მოსმენით მიღებულ ცვლილებებზე საარჩევნო კოდექსსა და პარლამენტის რეგლამენტში. ამ ადამიანების წარმოდგენით, საქართველო კვლავაც ცალ ფეხზე უნდა იდგეს, როდესაც გარედან გეუბნებიან რა და როგორ უნდა გააკეთო, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ეს მოთხოვნა არგუმენტირებული, დასაბუთებული და რამდენად შეესაბამება შენი ქვეყნის ინტერესებს.
მათი წარმოდგენით ვენეციის კომისია და ეუთო/ოდირი უფრო მაღალი ლეგიტიმაციის მატარებელი ორგანოებია, ვიდრე საქართველოს მოსახლეობის მიერ არჩეული პარლამენტი. რეალობა კი შემდეგია: დეკემბერში წარმოდგენილი დასკვნა არის სამართლებრივი არგუმენტებისგან დაცლილი დოკუმენტი, რომელიც გვთავაზობს ცესკოს დაკომპლექტების ისეთი სისტემის შემოღებას, რაც 2 წლის განმავლობაში არსებობდა და მთელი პროცესი ჩიხურ მდგომარეობაში შეიყვანა; პროცესი, რომელიც გვთავაზობს 6 თვით ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევას, ნაცვლად 5 წლიანი მანდატისა. ჩვენს მიერ ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის წარმომადგენლებისთვის დასმულ შეკითხვაზე, თუ რომელ ქვეყანაში არსებობს მსგავსი მოდელი, პასუხად მოჰყვა, რომ არსად არის მსგავსი მოდელი. უფრო მეტიც, შეხვედრებზე და მოლაპარაკებებზე დასავლელი პარტნიორები იზიარებენ იმ პოზიციას, რომ 5 წლით არჩეული ცესკოს თავმჯდომარე და წევრები უფრო მაღალი დამოუკიდებლობის გარანტიით სარგებლობენ, ვიდრე 6 თვით არჩეული“, – აღნიშნა მიქანაძემ.
მისივე განმარტებით, „საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ის ცვლილებები, რაც 3 მოსმენით მივიღეთ, აწესებს იმაზე მაღალ სტანდარტს, ვიდრე ეს ევროკავშირის იმ ქვეყნებშია დადგენილი, სადაც ცესკოს დაკომპლექტება პარლამენტის კომპეტენციაშია“.
„ჩვენ შემოგვაქვს 3/5-ით არჩევის პირველადი პრინციპი, რაც 90 ხმას გულისხმობს. ოპოზიცია აღიარებს, რომ ეს მოცემულობა ვერ იმუშავებს, რადგან მათთვის ნებისმიერი კანდიდატი მიუღებელია, ვისაც მმართველი გუნდი მხარს დაუჭერს, მიუხედავად იმისა, რამდენად პროფესიონალი და მიუკერძოებელიც არ უნდა იყოს. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ცესკოში, ისევე როგორც საოლქო და საუბნო კომისიებში, მმართველ ძალას მხოლოდ 1 წარმომადგენელი ჰყავს, ხოლო ოპოზიციას 8 წევრი. ცესკოს ნეიტრალური წევრების მაღალპროფესიონალიზმი ბოლო წლებში მიღებულ არაერთ საერთაშორისო პრიზში აისახა, შორს რომ არ წავიდეთ იგივე ეუთო/ოდირი ამაზე ცალსახად მიუთითებს 2021 წლის არჩევნების შემაჯამებელ ანგარიშში. ამ ყველაფრის იგნორირება ოპოზიციის მიერ მიზანმიმართულად ხდება, რადგან ოპოზიციამ ძალიან კარგად იცის, რომ პირწმინდად აგებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს და ერთადერთი რაც მათ დარჩენიათ, არის წინასწარ მოახდინონ პროცესის დისკრედიტაცია და ჩვენს საზოგადოებას და დასავლელ პარტნიორებს შეუქმნან აღქმები, თითქოს პროცესი მიდის სამართლიანი არჩევნების საპირისპიროდ. მათ იციან, რომ ლეგიტიმური გზით არჩევნებში გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვთ, უფრო მეტიც, კარგად ხვდებიან, რომ ეს არჩევნები ბევრი მათგანისთვის პოლიტიკური კარიერის დასასრული შეიძლება იყოს, ამიტომ ერთადერთ შესაძლებლობად აქციეს დეზინფორმაცია და შეტევა ცესკოსა და მის მარეგულირებელ კანონმდებლობაზე. მსურს გითხრათ, რომ ფუჭია თქვენი ყოველი მცდელობა. ჩვენ გვაკისრია პასუხისმგებლობა ქვეყნის და საზოგადოების წინაშე, ამიტომ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ უმაღლესი სტანდარტით ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. სწორედ ამიტომ, დღეს ჩვენ დავძლევთ ვეტოს და გავაგრძელებთ ევროპის საუკეთესო პრაქტიკის დანერგვას, ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესების სადარაჯოზე“, – განაცხადა მიქანაძემ.