გივი თარგამაძეს 10-ათასლარიანი გირაო შეეფარდა

„ქართული ოცნების“ შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობის გამო, პოლიტიკოს გივი თარგამაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად 10-ათასლარიანი გირაო შეუფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ნანა შამათავამ მიიღო. მან პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. სასამართლოს სხდომას გივი თარგამაძეც ესწრებოდა.
პროკურორის განმარტებით, არსებობდა ახალი დანაშაულის ჩადენისა და მიმალვის საფრთხეც, რასაც უსაფუძვლოდ მიიჩნევდა გივი თარგამაძის ადვოკატი. ბექა ბასილაიას განმარტებით, დროებით საგამოძიებო კომისიაზე გივი თარგამაძე პრინციპულად არ გამოცხადდა.
გივი თარგამაძე სადავო პარლამენტში, დროებით საგამოძიებო კომისიაზე 3 აპრილს დაიბარეს, თუმცა მისვლაზე უარი განაცხადა. კომისია გივი თარგამაძისგან ახსნა-განმარტების მიცემას ითხოვდა 2004-2012 წლებში საქართველოში თავდაცვის, უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.
საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე – „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის“ – მუხლით, რაც ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
იმავე მუხლით ბრალი წაუყენეს და აღკვეთის ღონისძიებად 50-50-ათასლარიანი გირაო შეუფარდეს ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს (პარტია „ძლიერი საქართველო“), სა და ბადრი ჯაფარიძეს. “ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების თავდაცვის, შინაგან საქმეთა და ეკონომიკის მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს კი, 20-ათასლარიანი გირაო შეეფარდა და ქვეყნიდან გასვლა აეკრძალა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შესასწავლად „ქართულმა ოცნებამ“ კომისია 2025 წლის 5 თებერვალს შექმნა. კომისია იკვლევს:
· საპატიმროებში პატიმართა წამების საქმეებს;
· ადამიანების მკვლელობის, ძალადობის, პირადი ცხოვრების ხელყოფის შემთხვევებს;
· კორუფციას და ბიზნესზე ზეწოლას, მედიასაშუალებების მისაკუთრებას;
· 2008 წლის აგვისტოს ომის „დაწყების აღიარებას“ და „ქართველი სამხედროებისთვის ომის დანაშაულის დაბრალებას“.
კომისიას მუშაობისთვის სამი თვე აქვს. მასში რვა წევრია:
· „ქართული ოცნებიდან“ (კომისიის თავმჯდომარე), თენგიზ შარმანაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, , პაატა სალია;
· ოპოზიციის კვოტა აითვისეს „ხალხის ძალისა“ (სოზარ სუბარი, გურამ მაჭარაშვილი) და „ევროპელი სოციალისტების“ (ილია ინჯია) წარმომადგენლებმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვა და პარტიისთვის „მკაცრი პოლიტიკური და სამართლებრივი განაჩენის“ გამოტანა იყო „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირება, რისთვისაც პარტიას პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით შესვლა ჰქონდა განზრახული, რაც ვერ მოახერხა.
2024 წლის საპარლამენტო ს ლეგიტიმაცია არ უცნია არცერთ ბარიერგადალახულ ოპოზიციურ პარტიას, არც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს. კითხვები აქვთ საერთაშორისო პარტნიორებსაც და უკვე ოთხ თვეზე მეტია, უწყვეტი აქციები იმართება ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით.