ხელისუფლებამ თავის რიგებშიც უკვე დაიწყო თავისი პირმშოების განადგურება. ბევრი გვარი სახელდება, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთ დიდ და ორგანიზებულ საქმეს უპატრონოდ არავინ მიუშვებდა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგი წერეთელმა განაცხადა, როდესაც ისაუბრა 2022-2024 წლებში განხორციელებული 624 მილიონი აშშ დოლარის და 35 მილიონი ევროს ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე.
მისი თქმით, აღნიშნული არის „ძალიან მძიმე ფაქტი“.
„როცა მოვისმინე ეს ინფორმაცია, ალბათ მარტო მე არ ვიყავი, ვისაც გაუჩნდა, ერთი მხრივ, დაუჯერებლობის გრძნობა, რომ როგორ შეიძლება ამხელა თანხები მოძრაობდეს, მის გათეთრებაზე იყოს საუბარი და ახლა, სამი წლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ თურმე ასეთი რამ ხდებოდა. არადა ჩვენ ძალიან ხშირად ვისმენთ, რომ ზოგს აკავებენ რამდენიმე კოლოფი სიგარეტის გამო, სულ არის საბაჟოდან ცნობები, რომ ეს დავაკავეთ, ის დავაკავეთ, თუნდაც მცირე ნარკოტიკის გამო და ახლა, ასე საბარგულებით თუ შემოდიოდა ფული, რაც ბუნებრივია, ეკონომიკაზე გავლენას ახდენდა, ეს ხდებოდა უყურადღებოდ, გულგრილობით, თუ დაინტერესდებით, ძალიან მძიმე ფაქტია. სად მივა ეს გამოძიება ვერ გეტყვით. დღეს ისეთი ვითარებაა ქვეყანაში, ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას მართავს, ებრძვის არამარტო საწინააღმდეგო აზრს, არამედ მან თავის რიგებშიც უკვე დაიწყო თავის პირმშოების განადგურება. ბევრი გვარი სახელდება, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთ დიდ და ორგანიზებულ საქმეს უპატრონოდ არავინ მიუშვებდა“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.




