თუ რაიმე შეიძლება იყოს საქართველოს ეროვნული ინტერესის საწინააღმდეგო, ეს არის სწორედ ამ ტიპის განცხადებები, – ასე ეხმაურება „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, სადაც მან აღნიშნა, რომ “26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები”.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ბოდიში უნდა მოიხადოს, იმ ვითარებისთვის, რომელიც ქვეყანაში შექმნა.
“რა თქმა უნდა, თუ რაიმე შეიძლება იყოს საქართველოს ეროვნული ინტერესის საწინააღმდეგო, ეს არის სწორედ ამ ტიპის განცხადებები. ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლების მთავარი გზავნილი დღეს ეს არის, რომ ისინი წარსულზე ლაპარაკობენ. ისინი ისევ ომს უბრუნდებიან, მომავალზე არ ლაპარაკობენ და ამით ვფიქრობ, რომ საქართველოს დისტანცირებას და იზოლირებას დასავლეთისგან ხელს უწყობენ. ამასთან, ჩვენ ვხედავთ რუსეთის ლიდერების და პროპაგანდისტების რეაქციებს. როცა ასეთი თანხვედრაა განცხადებების და მოსაზრებების, ეს არის სწორედ ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ამბავი. ვფიქრობ, რომ ძალიან სირცხვილია, როცა ასეთი რამ ქვეყანაში ხდება. ჩემი აზრით, ხელისუფლებამ ბოდიში უნდა მოიხადოს, იმ ვითარებისთვის, რომელიც ქვეყანაში შექმნა. ეს იქნება სიღარიბის დონე, ქვეყნის დაცლა, დემოგრაფიული ნიშნული და ა.შ. ზოგადად, დღეს ქვეყანა არის გაჩერებული, მისი ევროპული და დასავლური ინტეგრაცია არის შეჩერებული და ეს ძალიან დიდ დარტყმას აყენებს, არა მხოლოდ “იმიჯს”, არამედ თითოეულ ოჯახს. ამიტომ ცვლილებები უნდა იყოს”, – განაცხადა წერეთელმა.
გარდა ამისა, წერეთელი მოძრაობა “დაფიონის” დაგეგმილ აქციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე ამგვარ პატრიოტულ და ქვეყნის ინტერესებისთვის მნიშვნელოვან აქციას უნდა შეუერთდეს.
“ვფიქრობ, რომ საზოგადოებრივი აქტიურობა არის მნიშვნელოვანი, თუ ასეთი პროტესტი არსებობს, ეს უნდა იყოს, ბუნებრივია, დემოკრატიულ ჩარჩოებში. ჩვენ, ყველა ამგვარ პატრიოტულ და ქვეყნის ინტერესებისთვის მნიშვნელოვან აქციას უნდა შევუერთდეთ. მით უმეტეს, მაშინ როცა ამ ქვეყნის მტრებმა უნდა გაიგონ საზოგადოების ხმა”, – აღნიშნა მან.