გიგი წერეთელი – „ქართულ ოცნებაში“ ზოგს ტყავის პალტო და მაუზერი აკლია და დახვრეტასაც სიამოვნებით მოაწერს ხელს! – ემიგრანტებს კი უყურებენ, როგორც მხოლოდ ბანკომატს, საიდანაც ფული შემოდის

ზოგს ტყავის პალტო და მაუზერი აკლია და დახვრეტასაც სიამოვნებით მოაწერს ხელს, – ასე პასუხობს „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგი წერეთელი „ქართულ ოცნებაში“ გაკეთებულ განცხადებებს, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, „ევროპის სახალხო პარტიის“ მიერ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებენ.
გარდა ამისა, გიგი წერეთელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ უპასუხა მმართველი პარტიის კიდევ ერთ ბრალდებას, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები საერთაშორისო ორგანიზაციების დერეფნებში დადიან და პარტნიორებს დეზინფორმაციას აწვდიან.
„სივრცე შედგება დერეფნებისგან და დარბაზისგან. როცა ადამიანები დარბაზიდან გამოდიან, ისინი დერეფნებში გადიან… ისეთი შეხედულება მაქვს, რომ ზოგს ტყავის პალტო და მაუზერი აკლია და დახვრეტასაც სიამოვნებით მოაწერს ხელს. ისეთი ლექსიკა და განწყობები აქვთ… ეტყობა, თვითონ გული სწყდებათ, რომ დერეფნებში ვერ საუბრობენ ვერავისთან“,- განაცხადა წერეთელმა.
გარდა ამ საკითხისა, მან ახალი რედაქციის ახალი რედაქციის „საარჩევნო კოდექსის“ პროექტით გათვალისწინებულ ცვლილებებზეც ისაუბრა და ემიგრანტებისთვის საზღვარგარეთ ხმის უფლების შეზღუდვის საკითხზე კომენტირებისას აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ მიზანია, რაც შეიძლება ნაკლები საწინააღმდეგო ხმა ჰქონდეს.
„ყველა მოქმედების მიზანი, რომელსაც „ქართული ოცნების“ მხრიდან ვხედავთ, ხელისუფლების გახანგრძლივება და ამისთვის ყველაფრის გამოყენებაა. დაშვებულის და დაუშვებლისაც, დღეს ადამიანი ყველაფერს უნდა ელოდოს. რაც შეეხება ემიგრაციასთან და დიასპორასთან დაკავშირებულ საკითხს, ეს ნათელი და მკაფიოა. მათ სჭირდებათ რაც შეიძლება მეტი ხმა ჰქონდეთ [მომხრე] და რაც შეიძლება, ნაკლები საწინააღმდეგო. ემიგრაციამ წინა არჩევნებზე დაადასტურა, რომ მათი უმრავლესობა, 85%-ზე მეტი არ იყო მომხრე. ხომ წარმოგიდგენიათ, როგორი ზეწოლა იქნებოდა იმ ადამიანებზე, ვინც ხმა მისცა ხელისუფლებას, გარდა იდეური მხარდამჭერებისა. როგორც აქ არის ყველა ბერკეტის გამოყენება -დაშინება, მოსყიდვა, იქაც არსებობს რაღაც ბერკეტები. მაგალითად, აქაურ ნათესავებზე ზეწოლა. [„ქართული ოცნების“] ჩამოყალიბებული და იდეური მხარდამჭერი უფრო ნაკლები იქნებოდა წინა არჩევნებზე, ვიდრე ის 13-14%. ხედავენ, აქ არის ხმების ისეთი წყარო, რომლებიც მათ ყულაბაში არ იყრება და ამ უხეში ხერხით უნდათ, გაამართლონ, თითქოს კი არ ართმევენ [ხმის უფლებას], არამედ ჩამოსვლის უფლება ექნებათ“, – განაცხადა წერეთელმა.
რაც შეეხება „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში, გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი ჩართული იყო ქართველი ამომრჩევლის „მობილიზება-ზეწოლაში“, წერეთლის შეფასებით, აღნიშნული „ხელოვნური საკითხია“.
„გერმანია დემოკრატიული ქვეყანაა და ის ხალხი, თვითონ პაპუაშვილიც, კარგად იცნობს გერმანიას. იქ არ ხდება ამომრჩევლებზე ზეწოლა. თუნდაც როთი იყოს, გინდაც ბისმარკი, რამე განცხადება რომ გააკეთოს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ იქ ვალდებულება აქვს ვინმეს, შეასრულოს. ყველა გერმანელ პოლიტიკოსს უფლება აქვს, საკუთარი აზრი გამოხატოს. რაც არ მოსწონთ პარტნიორ ქვეყანაში და რისთვისაც წლების განმავლობაში იბრძვიან, რომ ჩვენ ევროპული მომავალი გვქონდეს და არ ვიყოთ რუსული სივრცის ნაწილი, როგორც გერმანელს, ისე ამერიკელს და ინგლისელს უფლება აქვთ, თავისი შეხედულება თქვან. ეს არის ჰიპერბოლიზირებული, რომ გერმანიაში ვიღაცამ თქვა და ახლა მთელი ემიგრაცია მის ხაზზეა გადაწყობილი. ეს აბსოლუტური სისულელე და სიცრუეა. ისინი ამბობენ, რომ [ემიგრანტებს] უფლება აქვთ, ჩამოვიდნენ, რაც პრაქტიკაში განუხორციელებელი ამბავია. მგონი, ბევრმა ეს ძალიან კარგად იცის. ამ შემთხვევაში, ამ ხალხს უყურებენ, როგორც ბანკომატებს, ბოდიშს ვიხდი, რაღაც მექანიზმებად, საიდანაც ფული უნდა შემოვიდეს ქვეყანაში. ის ჩავარდნები, რომლებიც ამგვარი პოლიტიკის გამო არსებობს – სიღარიბე და სხვა, კომპენსირდება, სწორედ ამ ადამიანების ყოველდღიური უმძიმესი შრომით. მათ ეს სჭირდებათ იმისთვის, რომ თავისი ოპოზიციური ხმები მინიმუმამდე დაიყვანონ“,- განაცხადა გიგი წერეთელმა.